2015 წლის 25 ივნისს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ისაუბრა. დეპუტატმა კანონპროექტის შესახებ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკისგან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
ფაქტ-მეტრი თამაზ მეჭიაურის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2015 წლის 22 მაისს თამაზ მეჭიაური საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტი უნდა გამოეყოს და დამოუკიდებელ იურიდიულ პირად ჩამოყალიბდეს. თავდაპირველი ინიციატივის თანახმად, ახალი სამსახურის ექვსი წევრი პარლამენტს უნდა შეერჩია, ხოლო ერთი თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნებოდა. 17 ივლისს პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
თამაზ მეჭიაური ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ის ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. დეპუტატის თქმით, სააგენტო თავის მანდატს სახელმწიფოებრივად გამოიყენებს და გააკონტროლებს, რომ სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის სპეკულაციურ ქმედებებსა და გარიგებებს ადგილი არ ჰქონდეს.
პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგთან და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის #59 განკარგულებასთან. ამასთან, კანონპროექტის შემუშავებაში ევროკავშირის, ევროპის ცენტრალური ბანკის და სხვა საერთაშორისო ექსპერტები ჩართულნი არ ყოფილან.
"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" კანონის ცვლილებების განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტის მიღება ფინანსური სექტორის ზედამხედველობის მიზნით, ასევე ეფექტური დადამოუკიდებელი ინსტიტუტის შექმნის აუცილებლობითაა განპირობებული. კანონპროექტის მიზანი ეროვნულ ბანკთან დამოუკიდებელი ფინანსური ზედამხედველობის ორგანოს შექმნაა. წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ბანკთან იქმნება სსიპ – საქართველოს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო, რომლის ძირითადი ფუნქცია საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, აგრეთვე მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა იქნება. განმარტებით ბარათში ასევე ვკითხულობთ, რომ მიზანშეწონილია, ქართულ კანონმდებლობაში ე.წ. "განცალკევებული და შერეული საბანკო ზედამხედველობის მოდელები" დაინერგოს.
აღსანიშნავია, რომ 2008-2009 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ, ფინანსური ზედამხედველობის და ეროვნული ბანკის ერთ სტრუქტურაში გაერთიანების მზარდი ტენდენცია შეინიშნება (გვ. 8). ფინანსური ბაზრის მკვლევართა შეფასებით, ცალკე გამოყოფილი ფინანსური ზედამხედველობის ინსტიტუტი ინდივიდუალური ფინანსური ინსტიტუტის ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი, მაშინ, როცა ეროვნული ბანკი მთლიანად ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე აგებს პასუხს. შესაბამისად, ეროვნული ბანკისგან დამოუკიდებლად არსებული ფინანსური ზედამხედველობის სამსახური არასტაბილურობის რისკს ზრდის. ეს პრობლემა ლორდ თურნერის ანგარიშში კარგადაა აღწერილი.
საინტერესოა ლატვიის შემთხვევაც. ქვეყნის ფინანსური ზედამხედველობის უწყებასა და ცენტრალურ ბანკს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ უძრავი ქონების ფასების ზრდასთან დაკავშირებით. ლატვიის საფინანსო ზედამხეველობის უწყების 2006 წლის ანგარიშში, მთლიანობაში, უძრავი ქონების სექტორზე გაცემული საკრედიტო პორტფელის ხარისხი და ამ პორტფელის საკრედიტო რისკების მართვა დამაკმაყოფილებლად შეფასდა. თუმცა, იმავე პერიოდის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში, ლატვიის ცენტრალული ბანკი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ საბანკო სექტორის მიერ რისკის მართვის პოლიტიკის გულმოდგინედ შესწავლა და გაუმჯობესებაა საჭირო. ეს საჭიროება განსაკუთრებით თვალსაჩინოა უძრავი ქონების ბაზარზე მაღალი დამოკიდებულების ფონზე. როგორც ვხედავთ, ცალკე მდგომი ფინანსური ზედამხედველობის სამსახური მხოლოდ კერძო ინსტიტუტების და მათგან მომდინარე რისკების შესწავლაზეა ორიენტირებული, ხოლო ცენტრალური ბანკი პრობლემათა უფრო ფართო სპექტრს აფასებს. ორი ინსტიტუტის ცალ-ცალკე ყოფნის შემთხვევაში ცენტრალური ბანკი იდენტიფიცირებული რისკების შესარბილებად შესაბამის ზომებს ვერ იღებს, რადგან ეს ფუნქცია ფინანსური ზედამხედველობის სამსახურს ეკუთვნის და შესაბამისად, ფინანსური არასტაბილურობის საფრთხეც იზრდება.
ინიცირებული კანონპროექტის 471 მუხლის მიხედვით (გვ. 8), სააგენტო ერთადერთი სახელმწიფო ორგანო იქნება, რომელიც საფინანსო სექტორზე ზედამხედველობას განახორციელებს. პროექტის თანახმად, სააგენტო თავისი საქმიანობისას არ დაექვემდებარება არცერთ სხვა ორგანოს და თანამდებობის პირს, თუმცა იგი ეროვნული ბანკის ერთიანი ცენტრალიზებული სისტემის ნაწილი იქნება. ასევე, სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება არა ეროვნული ბანკის, არამედ სააგენტოს საბჭოს წინაშე. ეროვნული ბანკი სააგენტოს შესაბამისი შენობით, ტექნიკური ბაზითა და ფინანსური სახსრებით უზრუნველყოფს.
სააგენტოს სტრუქტურა და საქმიანობის წესი სააგენტოს დებულებით განისაზღვრება, რომელსაც შესაბამისი დადგენილებით სააგენტოს საბჭო დაამტკიცებს. როგორც ვხედავთ, სააგენტო ანგარიშვალდებული ეროვნული ბანკის წინაშე აღარ იქნება. სააგენტოს საბჭო 7 წევრით დაკომპლექტდება. მასში შევლენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ხოლო დანარჩენ 5 წევრს კი პარლამენტი აირჩევს.
აღსანიშნავია, რომ სააგენტო მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის პროცესშიც იქნება ჩართული, თუმცა ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გატარებაში დამოუკიდებლობა უნარჩუნდება. შეიქმნება ეროვნული ბანკის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის კომიტეტი და ის პარიტეტული წესით დაკომპლექტდება, სადაც გადამწყვეტი ხმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ექნება. გარდა ამისა, ეროვნულ ბანკი, როგორც ბანკის შიდა აუდიტს, ასევე თავად სააგენტოს და მისი საფინანსო ანგარიშების აუდიტს განახორციელებს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აგრეთვე ვკითხულობთ, რომ ინიციატივა ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაშია და გარდა ამისა, ის საქართველოს მიერ აღებულ არცერთ საერთაშორისო ვალდებულებას არ ეწინააღმდეგება. განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ არცერთი საერთაშორისო ექსპერტი, ან ორგანიზაცია საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებაში ჩართული არ ყოფილა. აქვე აღსანიშნავია, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის წერილის თანახმად, კანონპროექტის დახვეწის მიზნით, პროცესში "იყო და არის ჩართული მრავალი დაინტერესებული საერთაშორისო და სხვა ორგანიზაცია. თუმცა, წერილიდან არ ჩანს, კონკრეტულად რომელი საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობენ პროცესში და რაში გამოიხატება მათი ჩართულობა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით (გვ. 92; პუნქტი 331), მხარეები ითანამშრომლებენ, რათა: საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა გააძლიერონ, მათ შორის ევროკავშირის მოწინავე პრაქტიკის შესაბამისად. როგორც ვხედავთ, ასოცირების დღის წესრიგის თანახმად, ეროვნული ბანკის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა ევროკავშირის მოწინავე გამოცდილების გათვალისწინებით უნდა გაძლიერდეს. ამავე შინაარსის ჩანაწერს ვხვდებით ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებულ ასოცირების დღის წესრიგში (გვ. 18).
იგივე პოზიცია აქვთ სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი, აზიის განვითარების ბანკი), რომლებმაც წერილით მიმართეს პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, არ მიეღოთ ინიცირებული კანონპროექტი, რადგან ეროვნული ბანკისგან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა და ცალკე ინსტიტუტად ჩამოყალიბება მის დამოუკიდებლობას შეამცირებს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ევროკავშირთან ერთად ფინანსური და საბანკო სექტორის სტაბილურობის მთავარ გარანტს წარმოადგენს (ევროკავშირის წევრი ქვეყნები EBRD-ის მთლიანი კაპიტალის დაახლოებით 69%-ს ფლობენ). წერილში ორგანიზაცია კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს ამ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები არ მიიღოს: "ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ ცვლილებების გამო, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში იგეგმება. ეს დააზიანებს კონტროლის პრინციპს, რომელიც აქამდე იყო, როცა ეროვნული ბანკის საბჭოს წარადგენდა საქართველოს პრეზიდენტი და შემდეგ ამტკიცებდა პარლამენტი. სწორედ ამიტომ, ამან შეიძლება გამოიწვიოს საბანკო ზედამხედველობის პოლიტიზირება. ასევე, არსებობს რისკი, რომ ახალი სააგენტო შეიძლება იყოს ძალიან სუსტი იმისთვის, რომ სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს საბანკო სექტორის ლობირებას უფრო სუსტი რეგულაციისთვის, რაც საფრთხეს შეუქმნის ფინანსური სექტორის სტაბილურობას".
დასკვნა
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა და სხვადასხვა ეკონომიკურმა ექსპერტმა პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა მკაცრად გააკრიტიკეს. გავლენიანმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა საქართველოს პრემიერსა და პარლამენტის თავჯდომარეს კრიტიკული წერილით მიმართეს და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვისკენ მოუწოდეს. აღსანიშნავია, რომ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა ინიცირებული კანონპროექტი მკვეთრად უარყოფითად შეაფასა.
მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის ცენტრალიზებულ სისტემაში შემავალი ერთეული იქნება, ის მაინც დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ყალიბდება და აქამდე ეროვნული ბანკის კომპეტენციის ფარგლებში არსებულ უფლებამოსილებას ითავსებს. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სააგენტო მაღალი ინსტიტუციური დამოუკიდებლობით სარგებლობს და არ იქნება არცერთი ორგანიზაციისა თუ პიროვნების გავლენის ქვეშ. გარდა ამისა, ეს უკანასკნელი სააგენტოს საბჭოს და არა ეროვნული ბანკის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.
საკანონმდებლო ინიციატივა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგს ეწინააღმდეგება. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმით, ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია ეროვნული ბანკის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერებას გულისხმობს. ამ სფეროში ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მიღების შემთხვევაში კი, ევროკავშირი საქართველოს საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებასა და საკანონმდებლო ინიციატივის პროცესში ევროკავშირის ექსპერტების ჩართვას სთავაზობს. როგორც ვხედავთ, საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლები ჩართულნი არ ყოფილან.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, თამაზ მეჭიაურის განცხადება არის მცდარი.
რედაქტორის შენიშვნა: ამ სტატიის თავდაპირველი ვარიანტი მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოქვეყნდა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ საქართველოში ევროკავშირის მისიის წარმომადგენელი დაგვიკავშირდა და გარკვეულ უზუსტობაზე მიგვითითა. მის წერილში აღნიშნულია, რომ ჩვენს კვლევაში გაანალიზებული იყო ასოცირების დღის წესრიგი და სამოქმედო გეგმა, სტატიის სათაურში კი, ასოცირების შეთანხმება იყო ნახსენები. ჩვენ გავიზიარეთ ევროკავშირის მისიის შენიშვნა და კვლევა შესაბამისად დავაკორექტირეთ, თუმცა არ იცვლება ფაქტ-მეტრის ვერდიქტი.
თეგები: