ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საბერძნეთის კრიზისზე საუბრისას აღნიშნა,
რომ ამ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა აუცილებლად ექნება. მინისტრმა ფულადი გზავნილების საკითხი გამოყო, რომელიც ბოლო თვეებში საგრძნობლად შემცირდა.
ფაქტ-მეტრი საბერძნეთის კრიზისის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის საკითხით დაინტერესდა და ამ გავლენის ყველა შესაძლო მიმართულება გააანალიზა.
საბერძნეთის ეკონომიკასთან საქართველოს კავშირი ძირითადად ფულად გზავნილებში გამოიხატება. ზუსტი ოფიციალური სტატისტიკა საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან დაკავშირებით არ არსებობს. არაოფიციალური მონაცემებით კი, საბერძნეთში 200 ათასამდე საქართველოს მოქალაქე იმყოფება და მუშაობს. საბერძნეთი საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობით, რუსეთის შემდეგ, მეორე ადგილზეა. 2015 წლამდე საბერძნეთიდან გადმოგზავნილ თანხებს ზრდის ტენდენცია ჰქონდა, 2014 წელს 205 მლნ დოლარი გადმოირიცხა (იხ. გრაფიკი 1). 2015 წლის პირველ ექვს თვეში 83 მლნ დოლარია გადმორიცხული, რაც 2014 წლის პირველი ექვსი თვის მაჩვენებელზე 20 მლნ დოლარით (19%-ით) ნაკლებია. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფულადი გზავნილების შემცირების მხრივ პირველ ადგილზე რუსეთია. იანვარ-მაისში რუსეთიდან გზავნილები 143 მლნ დოლარით (41%-ით) შემცირდა.
გრაფიკი 1:
ფულადი გზავნილები საბერძნეთიდან
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ბოლო წლებში საბერძნეთიდან საქართველოში რაიმე მნიშვნელოვანი მოცულობის ინვესტიცია არ შემოსულა. ასევე, საბერძნეთში საექსპორტოდ ქართული პროდუქციის მცირე ნაწილი გადის. შედეგად, ინვესტიციებზე და ექსპორტზე საბერძნეთის კრიზისს პირდაპირი და მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება. თუმცა, აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი და სავაჭრო პარტნიორი (იხ. გრაფიკი 2) ევროკავშირია. 2014 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნახევარი ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე მოდის, ხოლო ევროკავშირის ბაზარზე, 2015 წლის იანვარ-მაისის მონაცემების თანახმად, საქართველოს ექსპორტის 27% გადის. აქედან გამომდინარე, თუ საბერძნეთის კრიზისის გამო ევროკავშირის ეკონომიკისადმი რისკები მოიმატებს და ის დაზარალდება, შესაბამისად საქართველოს ეკონომიკასაც მიადგება ზიანი.
გრაფიკი 2:
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საბერძნეთიდან და ქართული პროდუქციის ექსპორტი საბერძნეთში (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საბერძნეთის კრიზისი საქართველოს ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს დაემთხვა. ბოლო შვიდ თვეში ლარი 29%-ით გაუფასურდა. ეკონომიკური ზრდის ტემპი 2.5%-მდე, წლიური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი, 5%-დან 2%-მდე შემცირდა. ინფლაციას მზარდი ტენდენცია აქვს და ივნისის ბოლოს მან 4.5% შეადგინა. იანვარ-ივნისში საქართველოს პროდუქციის ექსპორტი 24%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 39%-ით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც. გაუარესებულ ეკონომიკურ სიტუაციას უარყოფითი გავლენა აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებზე. საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი 3%-ით (200 მლნ ლარით) შემცირდა და მთავრობას ბიუჯეტის კანონის ცვლილება მოუწია. ასეთ სიტუაციაში საქართველოს ეკონომიკის მგრძნობელობა საგარეო შოკების მიმართ კიდევ უფრო იზრდება.
სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა. ოფიციალური მონაცემებით, 2014 წელს უმუშევრობის დონე 2.2% პუნქტით შემცირდა და უმუშევართა რაოდენობამ 246 ათასი კაცი შეადგინა. თუმცა, მილიონ ადამიანზე მეტი თვითდასაქმებულია და რეალურად სამუშაო ადგილს ეძებს. თუ საბერძნეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს საქართველოში დაბრუნება მოუწევთ, ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ახალი სოციალური ტვირთი იქნება. ქართველებისთვის საბერძნეთში სამუშაო ადგილების დაკარგვა ათასობით ქართული ოჯახის უშემოსავლოდ დარჩენას ნიშნავს.
დასკვნა
მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში საბერძნეთიდან ფულადი გზავნილები 20 მლნ დოლარით შემცირდა.
საბერძნეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობა მაღალი მაჩვენებლებით არ გამოირჩევა. თუმცა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ინვესტორი და სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია. თუ საბერძნეთის კრიზისის გამო ევროკავშირის ეკონომიკისადმი რისკები მოიმატებს და ის დაზარალდება, შესაბამისად საქართველოს ეკონომიკაც იზარალებს.
საბერძნეთის კრიზისი საქართველოს ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს დაემთხვა. საქართველოსთვის ყველაზე მძიმე იქნება, თუ საბერძნეთში დასაქმებულ ემიგრანტებს საქართველოში დაბრუნება მოუწევთ, მაშინ, როცა მილიონზე მეტი ქართველი სამუშაო ადგილს ეძებს. ათასობით ქართული ოჯახისთვის საბერძნეთიდან გამოგზავნილი თანხა ფაქტიურად შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება - საბერძნეთის კრიზისის საქართველოსთვის ნეგატიურ ეფექტებზე, არის სიმართლე.