19 ივნისს, რუსთავი 2-ის თოქ-შოუ "არჩევანში" თბილისის საკრებულოს წევრებმა, ირაკლი აბესაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა თბილისის მერიაში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს. საკრებულოს უმცირესობის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, ვაკის გამგებლის მოადგილემ, მამუკა ცაავამ გამგეობაში მოქალაქის დასაქმების სანაცვლოდ ქრთამი აიღო. საკრებულოს უმრავსელობის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის თქმით კი, მამუკა ცაავა "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული არ ყოფილა და ის ვაკის გამგეობაში ადრეც მუშაობდა.

ფაქტ-მეტრი საკრებულოს დეპუტატების განცხადებებით დაინტერესდა და მათი სიზუსტე გადაამოწმა.

2015 წლის 19 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ვაკის გამგებლის მოადგილე, მამუკა ცაავა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2015 წლის მარტის დასაწყისში, თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე მამუკა ცაავა საქართველოს მოქალაქეს სამსახურის დაწყებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით 3 000 ევრო მოსთხოვა. ეს თანხა მან ეტაპობრივად მიიღო.

2015 წლის 22 მარტს ვაკის რაიონის გამგებლის დაკავებულ მოადგილეს, მამუკა ცაავას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ფაქტ-მეტრი ვაკის გამგეობას დაუკავშირდა და შემდეგი შეკითხვებითმიმართა:

  • რა პერიოდში იყო მამუკა ცაავა ვაკის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი და როდიდან დაინიშნა ის გამგებლის მოადგილედ?

  • აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე ეკავა თუ არა მამუკა ცაავას ვაკის გამგეობაში რაიმე სხვა პოზიცია?

გამგეობიდან მიღებული პასუხისთანახმად,მამუკა ცაავა 2014 წლის 6 ოქტომბერს გამგებლის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო 2015 წლის 20 თებერვლიდან (კონკურსის შედეგად), სამ თვიანი გამოსაცდელი ვადით, გამგებლის მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე ცაავა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობაში სხვა პოზიციაზე არ მუშაობდა.

დასკვნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ვაკის გამგებლის მოადგილე, მამუკა ცაავა ქრთამის აღების ფაქტზე მართლაც დააკავეს. ცაავა ვაკის გამგეობაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ დაინიშნა, მანამდე კი ხსენებულ გამგეობაში არცერთ თანამდებობაზე არ მუშაობდა.

შესაბამისად, ირაკლი აბესაძის განცხადება: "თქვენი გამგებლის მოადგილე დაიჭირეს ქრთამის აღების ფაქტზე, ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე, როდესაც ის დასაქმების სანაცვლოდ იღებდა ქრთამს" - არის სიმართლე,ხოლო ბექა ნაცვლიშვილის განცხადება: "მამუკა ცაავა არ იყო ჩვენ მიერ მიყვანილი თანამშრომელი, ის იქ მუშაობდა" - არის ტყუილი.


პერსონები