საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, დევნილების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით განაცხადა: "263 000 დევნილი გვყავს ამ წუთში საქართველოს ტერიტორიაზე, ეს დახლოებით 85 000 ოჯახია. 22 წლის განმავლობაში, რაც ისინი დევნილები არიან, მათგან მხოლოდ 29 000 ადამიანი არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით. 29 000-დან 7 000-მა საცხოვრებელი ფართი ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში მიიღო. კიდევ 6 670 დევნილი საცხოვრებელ ფართს 2016 წლის ბოლომდე მიიღებს. გარდა ამისა, გაუქმდა 2009 წელს მიღებული მთავრობის #403 განკარგულების "დ" პუნქტი, რომელიც გულისხმობდა, რომ თბილისში დევნილებისთვის საცხოვრებელი ბინები არ აშენდებოდა. წინა ორი ხელისუფლების დროს არცერთ დევნილს სახელმწიფოსგან თბილისში ბინა არ მიუღია, თუ არ ჩავთვლით თვითნებურად შესახლებულებს. პირველად წელს ხდება, რომ დევნილები თბილისში ახლად აშენებულ ბინებს მიიღებენ. ეს არის 598 ბინა, რომელსაც ვყიდულობთ თბილისის ზღვაზე".
ფაქტ-მეტრი დევნილების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხით დაინტერესდა.
საქართველოს მთავრობის #47 განკარგულებით, 2007 წლის 2 თებერვალს იძულებით გადადგილებულ პირთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიადამტკიცდა. სტრატეგია, სხვა მიზნებთან ერთად, დევნილთათვის საბინაო პირობების გაუმჯობესებასაც მოიცავდა (თავი V - დევნილთა ინტეგრაცია).
2012 წლის 13 ივნისს, საქართველოს მთავრობის #1162 განკარგულებით,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, სადაც დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებებიც გაიწერა.
ჩვენ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შესასწავლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან შესაბამისი ინფორმაცია გამოვითხოვეთ. სამინისტროს მონაცემებით,ამ დროისთვის ბაზაში 264 630 დევნილია რეგისტრირებული, რაც 87 023 ოჯახს შეადგენს. დღეის მდგომარეობით, საცხოვრებელი ფართით 29 479 დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ საცხოვრებელი ფართი 3 120 ოჯახს გადაეცა და ისინი უკვე საკუთარ ბინებში ცხოვრობენ. შესაბამისად, ირკვევა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე საცხოვრებელი ფართით 26 359 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა. ამ რაოდენობაში დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართის დაკანონებაც შედის. სულ საცხოვრებელი ფართი 19 149 ოჯახს დაუკანონდა. გარდა ამისა, დევნილთა სამინისტროში პროექტი - "სახლი სოფლად" ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, სამინისტრო დევნილებისთვის, სოფლებში სახლს საკარმიდამო ნაკვეთით (20 ათასი ლარის ფარგლებში) ყიდულობს. დევნილები სახლის მოძიების პროცესში თვითონ არიან ჩართულები. ამჟამად, აღნიშნული პროექტის ფარგლებში სახლი უკვე 292 დევნილ ოჯახს შეუსყიდეს და გადასცეს.
2012 წლის 25 მაისს, დევნილებისთვის საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაციის მიზნით, მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის ხელშეკრულება გაფორმდა,რაც საქართველოს შვიდ ქალაქში დევნილებისთვის საცხოვრებლად განკუთვნილი 10 შენობის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. პროექტის ღირებულება 11 940 101 ლარი იყო. ამ პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა ყოფილი ბაღის შენობა (24 ბინა) მარნეულში, ყოფილი საავადმყოფოს შენობა (134 ბინა) ზესტაფონში, ყოფილი პროფტექნიკუმის შენობა (40 ბინა) ვანში, ყოფილი საავადმყოფოს შენობა (44 ბინა) წყალტუბოში და ყოფილი ტექნიკუმის შენობა (56 ბინა) ქარელში. საერთო ჯამში, ბინების რაოდენობამ 350 შეადგინა.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დევნილებს საცხოვრებელი ბინები გადაეცათ: ზუგდიდში (320 ბინა), ქუთაისში (109 ბინა) ზესტაფონში (134 ბინა), რუსთავში (66 ბინა), კასპში (113ბინა).
დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით 583 ბინის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს (აქედან, 423 რეგიონში და 160 თბილისში). ახალი კორპუსების მშენებლობა დაწყებულია ქუთაისში (160 ბინა) და იწყება ზუგდიდში (144 ბინა).
მიმდინარე წლის ივნისში დევნილთა სამინისტროს შესახებ აუდიტის სამსახურმა დასკვნა გამოაქვეყნა. ასევე, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ირმა ნადირაშვილმა განცხადებები გააკეთა დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისთან დაკავშირებით არსებულ დარღვევებსა და შესაძლო კორუფციულ სქემებზე. მან რამდენიმე ობიექტზე მიუთითა,სადაც ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები 2013-2014 წლებში უნდა დასრულებულიყო. შედეგად, 500 ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი.
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში (29 ივნისი) განაცხადა, რომ გორის, ქუთაისის და ვაზიანის ობიექტებთან დაკავშირებით პრობლემები მართლაც არსებობს. კერძოდ, გორის საავადმყოფოს რეაბილიტაცია უხარისხოდ განხორციელდა. ექსპერტიზის ჩატარების შედეგად გაირკვა, რომ დაგეგმილთან შედარებით გაცილებით ნაკლები ღირებულების სამუშაოები განხორციელდა. შედეგად, შენობა ჩამოინგრა. იგივე მდგომარეობაა ვაზიანის ობიექტებზე. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შენობის მდგრადობა საეჭვო იყო. ქუთაისში, ყოფილი საწარმო საცხოვრებელ კორპუსად უნდა გადაკეთებულიყო, რაც მინისტრის განცხადებით, მარცხისთვის განწირული მცდელობა იყო, რადგან ამ შენობიდან ნორმალური საცხოვრებელი კორპუსი არ გამოვიდოდა. ეს "მარცხისთვის განწირული" მცდელობა სახელმწიფოს 450 000 ლარი დაუჯდა. შპს "ნბჯ" და შპს "ნიუ ქონსტრაქშენი", რომლებიც ზემოთ ხსენებულ მშენებლობებს ახორციელებდნენ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს"შავ სიაში" არიან შეყვანილნი. მათთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო არაერთ კონტრაქტორს აქვს პრეტენზია.
26 ივნისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აუდიტის ანგარიში წარმოადგინა. როგორც აუდიტორმა ზურაბ მაისურაძემ განაცხადა, სამინისტროს მიერ 2011-2013 წლებში განხორციელებული საქმიანობის აუდიტის შედეგად არაერთი დარღვევა-ნაკლოვანება გამოვლინდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მათი მიგნებები სისტემაში დანაშაულის ნიშნებზე მიუთითებს და შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნა. რაც შეეხება თბილისში დევნილებისთვის ახალი კორპუსების აშენებას, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის #1162 განკარგულებით, დევნილებისთვის თბილისში ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა არ ხორციელდებოდა. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის #240 განკარგულებით კი, მიდგომა შეიცვალა და თბილისში დევნილებისთვის საცხოვრებელი ბინების აშენების აკრძალვა გაუქმდა. 2014 წლის 14 ნოემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, სოზარ სუბარსა და ჩინურ სააქციო საზოგადოება "ჰუალინგ ინტერნეიშენალ სპეშალ ეკონომიკ ზონის" გენერალურ დირექტორს, სიაოშინ შაოს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.ხელშეკრულება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 მრავალსართულიანი კორპუსის შესყიდვას ითვალისწინებს, სადაც ბინას 218 დევნილი ოჯახი მიიღებს. ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რის შედეგადაც, სულ 598 ბინის შესყიდვა იგეგმება. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება დაახლოებით 13 000 მილიონ ლარს შეადგენს. ხელშეკრულების თანახმად, კორპუსები სამინისტროს 2015 წლის აგვისტოში, ოლიმპიური ფესტივალის დასრულების შემდეგ გადაეცემა.
ფაქტ-მეტრი წლების მიხედვით დევნილთა სახლების მშენებლობა/რეაბილიტაციისთვის დახარჯული თანხებითაც დაინტერესდა:
ცხრილი 1: 2010-2014
წლებში დევნილთა სახლების მშენებლობა/რეაბილიტაციაზე დახარჯული თანხა (მლნ ლარებში)
წელი | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 |
39.7 | 83.2 | 13.1 | 27.6 | 31.4 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, დევნილთა სახლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის მაქსიმალური თანხა 2011 წელს დაიხარჯა, 2012 წელს თანხა შემცირდა, ხოლო 2013-2014 წლებში დევნილთა სახლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის დახარჯული თანხის რაოდენობა კვლავ გაიზარდა.
დასკვნა 2015
წლისთვის, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში 264 630 დევნილია რეგისტრირებული, რაც 87 023 ოჯახს შეადგენს. მათგან, საცხოვრებელი ფართით 29 479 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა (ამ რაოდენობაში შედის როგორც საცხოვრებელი ფართის გადაცემა, ასევე დაკანონება). 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, საცხოვრებელი ფართი 3 120 ოჯახს გადაეცა. შესაბამისად, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე საცხოვრებელი ფართით 26 359 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა. ე.ი. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე საცხოვრებელი ფართით წელიწადში საშუალოდ 1 198, ხოლო 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, ბოლო ორწელიწადნახევარში, დაახლოებით 1 284 დევნილი ოჯახი კმაყოფილდებოდა. როგორც ვხედავთ, ერთ წელიწადში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახების საშუალო რაოდენობა, უმნიშვნელოდ, თუმცა გაზრდილია. მთლიანობაში, 22 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი ფართით დევნილი ოჯახების მხოლოდ დაახლოებით 1/3-ია უზრუნველყოფილი.
სოზარ სუბარი განცხადებაში დევნილი ოჯახების და დევნილთა სულადობრივ რაოდენობას ერთმანეთში ურევს. ერთ შემთხვევაში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული დევნილების რაოდენობის სტატისტიკას ოჯახების მიხედვით გვაწვდის (29 000 ოჯახი), მეორე შემთხვევაში კი დევნილთა სულადობრივი რაოდენობის მიხედვით (7 000 ადამიანი, რაც 3 120 ოჯახია). რაც შეეხება მინისტრის განცხადების ბოლო ნაწილს, რომ თბილისში დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსები არ შენდებოდა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამთავრობო განკარგულების შესაბამისი პუნქტი შეიცვალა, სწორია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, სოზარ სუბარის განცხადება არის მეტწილად მცდარი.