მიმდინარე წლის 8 მაისს, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა, მინისტრობის ბოლო დღეს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც საქართველოში შვიდი სხვადასხვა სახეობის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი უნდა შემოეტანათ. თოფაძემ ასევე განაცხადა, რომ შემომტანი კომპანიის - "მონსანტოს" მეპატრონე არის ბილ გეითსი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ამ "დამღუპველ ინიციატივას" ზეწოლითა და სხვადასხვა მეთოდებით ნერგავს.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.
2014 წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ". კანონი აწესრიგებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის: ა) ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებას; ბ) გარემოში ინტროდუქციის აკრძალვას; გ) საბაზრო ქსელში განთავსებას; დ) ტრანსპორტირებასა და ტრანსსასაზღვრო გადაადგილებას. ამავე კანონით, იკრძალება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კულტივირება/დათესვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
"ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ" კანონის IV თავის მე-18 მუხლში აღნიშნულია, რომ "გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაზრო ქსელში განთავსება არ საჭიროებს სპეციალურ ნებართვას/ლიცენზიას და ნებადართულია, თუ იგი მიეკუთვნება მინისტრის ბრძანებით საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სახეობას".
2015 წლის 24 აპრილს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მაშინდელმა მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა გამოსცა ბრძანებასაქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების დამტკიცების შესახებ. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში დაშვებულია შვიდი ტიპის ცოცხალი გენმოდიფიცირებული პროდუქცია, რომელიც წარმოებულია სამი სხვადასხვა მწარმოებლის ("მონსანტო", "პიონერი" და "ბაიერი") მიერ. შვიდივე პროდუქტი სოიოს მიეკუთვნება. ბრძანების დანართში მოცემულია გამოყენებული გენები/მახასიათებლები, ავტორიზებული გამოყენება და ავტორიზაციის ვადა.
კომპანია "მონსანტო"მართლაც არის საქართველოში დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შვიდი სახეობიდან ოთხი მათგანის შემომტანი. "მონსანტო" ამერიკული მულტინაციონალური აგროქიმიური და აგრობიოტექნოლოგიური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისურის შტატშია განთავსებული. მისი მთლიანი კაპიტალი 12.7 მილიარდი დოლარია, ხოლო მთლიანი აქტივები 20.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. "მონსანტო" სააქციო საზოგადოების ტიპს მიეკუთვნება და მის მფლობელებში ბილ გეითსი არ იძებნება.
გენმოდიფიცირებული პროდუქცია მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში არ იკრძალება. თუმცა, ევროპაში არის ქვეყნები, რომლებიც მთლიანად გმო-სგან თავისუფალ ზონებადაა გამოცხადებული. მათი რაოდენობა სულ ოთხია: რუსეთი, საბერძნეთი, პოლონეთი და ავსტრია. ევროპის დანარჩენ ქვეყნებში სრული აკრძალვა არ ვრცელდება, თუმცა რიგ ქვეყნებში გმო მკაცრად რეგულირებულია: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, შვეიცარია, უნგრეთი, სერბეთი და სხვა.
მსოფლიოში არაერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ჯანმრთელობისთვის მავნეა. ხშირია ბრალდებები სხვადასხვა კომპანიების, მათ შორის "მონსანტოს" მიმართაც. ამ საკითხზე 2014 წელს ჟურნალი "ფორბსიც"წერდა ("დებატები გმო-ს უვნებლობაზე დასრულებულია"). სტატიაში აღნიშნულია, რომ არსებობს ორი ათას კვლევაზე მეტი, რომელთა მიხედვითაც, გმო ჯანმრთელობისთვის მავნე არაა.
ფაქტ-მეტრი თავად გოგი თოფაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, თუმცა რაიმე კონკრეტული კვლევა ან სტატია (გარდა რამდენიმე ვიდეოსი, რომელთა სანდოობა ეჭვს იწვევს), რომელზე დაყრდნობითაც მან განცხადება გააკეთა, დღემდე ვერ მოგვაწოდა.
დასკვნა
2014 წლიდან საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემოტანა რეგულირდება და მისი შემოტანა მინისტრის ბრძანებას ექვემდებარება. 2015 წელს, ელგუჯა ხოკრიშვილმა მართლაც მოაწერა ხელი ბრძანებას შვიდი სახეობის გენმოდიფიცირებული სოიოს შემოტანის თაობაზე. გენმოდიფიცირებული პროდუქციის იმპორტიორებიდან, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემომტანი ამერიკული მულტინაციონალური კომპანია "მონსანტოა", რომლის მფლობელების ჩამონათვალი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია და მათ რიცხვში ბილ გეითსი არ იძებნება.
მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში გენმოდიფიცირებული ორგანიზმი არ არის აკრძალული. ევროპაში მხოლოდ ოთხი ქვეყანაა, რომლებიც გმო-სგან მთლიანად თავისუფალ ზონებადაა გამოცხადებული. რიგ ქვეყნებში კი, გმო მკაცრად რეგულირებულია.
ცალსახად იმის თქმა, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქცია მავნებელი და დამღუპველია, არასწორია. ბევრი კვლევა მიუთითებს, რომ გმო ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის. გარდა ამისა, გოგი თოფაძემ დღემდე ვერ მოგვაწოდა ვერცერთი რელევანტური კვლევა, რომელიც მის განცხადებას გაამყარებდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გოგი თოფაძის განცხადება არის მცდარი.