ბოლო წლების განმავლობაში, საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის საკითხი აზრთა სხვადასხვაობის და დაპირისპირების საგანს წარმოადგენს. ამ თემაზე გამოთქმული უამრავი განსხვავებული აზრის გამო, ფაქტ-მეტრს აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ არაერთმა მკითხველმა მოუწოდა. მკითხველთა ამ თხოვნის გათვალისწინებით, ჩვენ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გარშემო არსებული სიტუაცია გამოვიკვლიეთ.

2005 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობასა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას (MCC) შორის პირველ კომპაქტს მოეწერა ხელი. შეთანხმება ძალაში 2006 წელს შევიდა და 2011 წლის აპრილში დაიხურა. კომპაქტის ფარგლებში, საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 395.3 მილიონი დოლარი დაიხარჯა. 2011 წელს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილი კვლავ გამოთქვა.

საქართველო განასთან ერთად მეორე ქვეყანა იყო, რომელთანაც MCC-მა მეორედ ითანამშრომლა. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორთა საბჭოს განმარტებით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს მიერ პირველი კომპაქტის წარმატებით დასრულებას, ქვეყნის უწყვეტ პროგრესს, ეკონომიკურ ზრდას და სიღარიბის შემცირებას ეფუძნებოდა.

ახალი კომპაქტის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობდა მსჯელობა ბათუმში ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის თაობაზე. ამისთვის, ბათუმში სპეციალური შენობაც (Batumi Tower) გამოიყო. 2012 წლის იანვარში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პრეზიდენტს, დენიელ იოჰანესს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა განმარტა, რომ მათ ბათუმში მშენებარე ახალი უნივერსიტეტის პროექტიც

განიხილეს. მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: "ჩვენი დიდი ამბიციაა, რომ საქართველოში რომელიმე ამერიკული უნივერსიტეტის ფილიალი გავხსნათ. ერთ-ერთი ასეთის შტაბ-ბინა ბათუმში იქნება".

2012 წლის სექტემბერში მიხეილ სააკაშვილმა განათლების მაშინდელ მინისტრთან, ხატია დეკანოიძესთან ერთად ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის

 შენობა გახსნა. იმ მომენტისთვის ცნობილი იყო, რომ უნივერსიტეტს შემდეგი ფაკულტეტები ექნებოდა: სამოქალაქო ინჟინერია, ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT), გამოყენებითი ფიზიკა და მათემატიკა, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიები, მასალათმცოდნეობა და ა.შ.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალმა მთავრობამ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა აღარ განავითარა. ამასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრომ განცხადებაც

გაავრცელა:

"ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ კომპაქტის მოსამზადებელი მოლაპარაკებების პერიოდში ოფიციალურად აცნობა საქართველოს მთავრობას, რომ კორპორაციამ არ დაამტკიცა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი უმაღლესი განათლების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ბათუმში ცალკე მდგომი, ახალი უნივერსიტეტის გახსნას". განათლების მინისტრის მრჩეველი, ოთარ აბესაძე ბათუმში ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის არსებობას აღვირახსნილ პოპულიზმად აფასებდა და აცხადებდა: "

ის, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შენდებოდა, არის ტყუილი".

ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თემაზე, "ნეტგაზეთთან"

 საუბრისას, თამარ სანიკიძემ, რომელიც მაშინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, განაცხადა: "სამინისტროს ეს პროექტი არ შეუჩერებია. პროექტი დღესაც მიმდინარეობს, უბრალოდ გადავხედეთ რეალურ საჭიროებებს, ყველაფერი გავაკეთეთ გამჭვირვალედ და გამოვაცხადეთ ახალი კონკურსი. რაც შეეხება ტექნიკურ უნივერსიტეტს ბათუმში, გადავწყვიტეთ, რომ ასეთი უნივერსიტეტი უნდა არსებობდეს თბილისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების უცხოურ უნივერსიტეტებთან პარტნიორობით".

ჟურნალისტის კითხვას, თუ რა მოტივით აეკრძალათ კერძო უნივერსიტეტებს კონკურსში მონაწილეობა, თამარ სანიკიძემ უპასუხა: "ეს არის სახელმწიფო ფული, სახელმწიფო ახორციელებს თანადაფინანსებას. ჩაითვალა, რომ ამ კონტრიბუციით სახელმწიფო უნივერსიტეტები უნდა განვითარდნენ".

საბოლოო ჯამში, 2015 წლის 11 მარტს, ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე, შენობა, რომელშიც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა განთავსებულიყო, 25 004 626 ამერიკულ დოლარად გაიყიდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სერგო რატიანმა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის გასხვისება "ქართული ოცნების" დანაშაულად შეაფასა.

მისი თქმით, ამ ქმედებით, მთავრობამ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში საერთაშორისო დონის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ხოლო ბათუმის, როგორც რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრის პერსპექტივა მოსპო.

უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც MCC კომპაქტის ფარგლებში რომელიმე ქვეყანის მთავრობასთან თანამშრომლობას გადაწყვეტს, ის სპეციალური მატრიცის

საშუალებით ამოწმებს, თუ როგორია ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი, ადამიანის უფლებები, დემოკრატია და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყანამ კონკრეტული მეთოდოლოგიით უნდა ჩაატაროს კვლევა და გამოკვეთოს სეგმენტი, რომელსაც განვითარება სჭირდება. ფაქტ-მეტრთან საუბარისას, პროგრამის მაშინდელმა კოორდინატორმა, თამარ კოვზირიძემ განმარტა, რომ საქართველოში ჩატარებულმა ასეთმა კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი ადამიანების კვალიფიკაციის, კერძოდ კი, საინჟინრო და ტექნიკური განათლების დონე იყო. შესაბამისად, აქცენტი განათლებაზე გაკეთდა.

მეორე სფერო, რომლის გარშემოც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ინფრასტრუქტურა იყო. იქიდან გამომდინარე, რომ წინა კომპაქტის ფარგლებში MCC-ის უკვე ჰქონდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პრაქტიკა, გადაწყდა, რომ ძირითადი ორიენტირი განათლების სფერო იქნებოდა. ამის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ კონკრეტული შეთავაზებების შემუშავება დაიწყო, რომლის ძირითად კომპონენტს უმაღლესი განათლების სფეროში ტექნიკური მიმართულების განვითარება და საქართველოში ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფილიალის დაარსება იყო. ამისთვის, MCC-მა, მისივე შესყიდვების წესების სრული დაცვით, ორეტაპიანი შესარჩევი პროცედურა ჩაატარა. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, დაინტერესებული უნივერსიტეტების სია შედგა, მეორე ეტაპზე კი, უნივერსიტეტების მხრიდან დეტალური განაცხადების მიღება განხორციელდა. შედეგად, გამოვლინდა უნივერსიტეტების კონსორციუმი, რომელშიც შედიოდა: კალიფორნიის უნივერსიტეტი ლოს ანჯელესში (UCLA), მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი (MSU) და მისურის უნივერსიტეტი (MU), ასევე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები. კონსორციუმს  STEM-ის (Science Technology Engineering Math) ფარგლებში პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები უნდა განეხორციელებინა. ამასთან, გამარჯვებული კონსორციუმის ქართული მხარე (თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტი) პროგრამის განსავითარებლად თავის მხრივ 20 მილიონ დოლარს იღებდა, რაც უპრეცენდენტო იყო, რადგან არცერთ სხვა წინადადებას მსგავსი მაღალი ფინანასური თანამონაწილეობა არ ჰქონია. ეს კი, თავის მხრივ, პროგრამის სტაბილურობის გარანტი იყო.

თამარ კოვზირიძემ აღნიშნა, რომ ტენდერის შემდეგ, გამარჯვებულ კონსორციუმთან კონსულტაციები გაიმართა. საქართველოში გამარჯვებული კონსორციუმის პარტნიორი ამერიკული უნივერსიტეტების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, რის შემდეგაც ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელდა და მთავრობას, MCC-სა და გამარჯვებულ კონსორციუმს შორის ხელშეკრულებაზე კონკრეტული მოლაპარაკებები დაიწყო.

რაც შეეხება დოკუმენტს,

რომელშიც ნათქვამია, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებულ წინადადებას არ იწონებდა, თამარ კოვზირიძემ განმარტა, რომ პროცედურის შესაბამისად, როდესაც ქვეყანა საკუთარ შეთავაზებას წარადგენს, კონსულტაციის რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამ თემაზეც იყო ინტენსიური კონსულტაციები. მას შემდეგ, რაც MCC-მა შენიშვნები გამოთქვა, სახელმწიფომ განაცხადა, რომ უნივერსიტეტისთვის გამოყოფდა შენობას და შექმნიდა სპეციალურ სასტიპენდიო ფონდს. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ პროექტში ზოგადი და პროფესიული განათლების კომპონენტიც დაამატა და საბოლოოდ შეთანხმებაც შედგა. თამარ კოვზირიძის თქმით, MCC-ს საქართველოს მიერ შეთავაზებული უმაღლესი განათლების პროექტის დაფინანსებაზე უარი რომ ეთქვა, ის  მათივე შესყიდვების წესების მიხედვით ორეტაპიან ტენდერს არ ჩაატარებდა.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს ოფისის დირექტორმა, კატერი კლემენტმა ფაქტ-მეტრის მთავარ რედაქტორთან პაატა გაფრინდაშვილთან საუბარში განმარტა, რომ ორგანიზაცია  ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობასთან თანამშრომლობს და შესაბამისად, კონსულტაციაც სწორედ მათთან მიმდინარეობს. იმის შესახებ გადაწყვეტილებას კი, კონკრეტულად რის გაკეთება სურთ, თავად მთავრობები იღებენ.

2011 წელს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ საქართველოს მთავრობას მართლაც აცნობა, რომ მათ მიერ შეთავაზებული პროექტის პირველად ვარიანტთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები არსებობდა და ის ამ ფორმით ვერ დამტკიცდებოდა. თუმცა, იქვე, სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნა გამოითქვა. საბოლოოდ ასეც მოხდა. საქართველოს მთავრობამ ახალი წინადადება მოამზადა, სადაც უკვე დეტალურად ჩამოაყალიბა კონტრიბუციის ის ნაწილი, რომელსაც სახელმწიფო გაიღებდა. საბოლოოდ, საქართველოს მთავრობასა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის თანამშრომლობა გაგრძელდა. ამას მოწმობს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ  კონგრესისთვის გაგზავნილი შეტყობინება.

შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოს მთავრობასთან მეორე კომპაქტის განვითარებისა და იმპლემენტაციისთვის 2.7 მილიონი ამერიკული დოლარის გამოყოფას აპირებდა, რაც აღნიშნულ პროცესს გააადვილებდა.

2013 წლის აპრილში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია ამერიკის კონგერსს სწერდა,

რომ მეორე კომპაქტის ფარგლებში საქართველოს ახალ მთავრობასთან მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას გეგმავდა. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ თანდართული ფაილის სახით კონგრესს კომპაქტის პრეისტორიაც გაუგზავნა. დოკუმენტში MCC-ის მიერ საქართველოს მთავრობის პირველადი წინადადების (მხოლოდ ამერიკული უნივერსიტეტის ფილიალის გახსნა) დაწუნებაც არის ნახსენები. თუმცა, იქვე განმარტებულია, რომ ამის შემდეგ საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის ახალი ვერსია იქნა შემუშავებული, რომელიც ზოგადი განათლების კომპონენტსაც მოიცავდა. ამავე წერილში ნათქვამია, რომ კომპაქტის განსავითარებლად საქართველოს მთავრობამ მდგრადი ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის გეგმა წარმოადგინა. შედეგად, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობა გაგრძელდა, კომპაქტის განსახორციელებლად კი, 2012 წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდიც (MCA Georgia) დაფუძნდა.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თემაზე მიმდინარე წლის 17 მარტს, კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია –  "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომაც" გამოაქვეყნა. კვლევაში მოცემული დოკუმენტაციიდან ჩანს, რომ წინა ხელისუფლებამ  ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან თანამშრომლობით კონკურსი ჩაატარა და იმ უნივერსიტეტების კონსორციუმი გამოავლინა, რომელსაც ყველაზე მაღალი ქულები ჰქონდა მინიჭებული. კონსორციუმთან პირველადი დისკუსიებიც დაიწყო. თუმცა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ახალმა მთავრობამ კომპაქტის გადახედვის მიზნით დრო ითხოვა. შემდეგ კი, არსებული კონკურსის შედეგები გააუქმა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან ახალი შეთავაზების ფარგლებში დაიწყო თანამშრომლობა.

საბოლოო ჯამში, მოვლენების  ქრონოლოგია იმაზე მიუთითებს, რომ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების კონცეფცია მართლაც არსებობდა. წინა ხელისუფლების პირობებში იდეის გარშემო აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა, მოლაპარაკებების პროცესი თითქმის ბოლომდე იყო მისული და რომ არა ხელისუფლების ცვლილება, ის სავარაუდოდ რეალობად იქცეოდა. თუმცა, აქვე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განყენებულად მხოლოდ ბათუმში არ განთავსდებოდა. პროგრამების დიდი ნაწილი თბილისში, აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების ბაზაზე იარსებებდა, ნაწილი კი ბათუმში ამოქმედდებოდა. თუმცა, საქართველოს ახალმა მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა, წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული კონკურსის შედეგები გააუქმა და ახალი კონკურსი გამოაცხადა. ახალ კონკურსში კერძო უნივერსიტეტებს მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აღარ მიეცათ.

2013

წლის 26 ივლისს, საქართველოს ახალ მთავრობასა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის 140 მილიონ დოლარიან კომპაქტს მოეწერა ხელი. კომპაქტის ფარგლებში პროექტი - "სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020" ხორციელდება. სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. ესენია: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აღნიშნულმა უნივერსიტეტებმა 2015-2016 სასწავლო წლისთვის სტუდენტების მიღება უკვე გამოაცხადეს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე: ქიმია/ბიოქიმია, ელექტრონული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია.

სწავლის ღირებულება წელიწადში 7 500 დოლარს შეადგენს. სტუდენტს შესაძლებლობა აქვს მოიპოვოს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო გრანტი (გრანტის მაქსიმალური წლიური ოდენობა 2 500 ლარია). გარდა ამისა, სან დიეგოს უნივერსიტეტისგან სტუდენტს შეუძლია მიიღოს სრული ან ნაწილობრივი (100%, 75%, 50% და 25%) დაფინანსება. 2015-2016 სასწავლო წლისათვის 150-მდე სასწავლო სტიპენდიის გაცემაა დაგეგმილი.

ნამდვილი მოტივის გამოცნობა, თუ რატომ თქვა ახალმა ხელისუფლებამ ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებაზე უარი, რთულია. კითხვაზე პასუხის მისაღებად, ფაქტ-მეტრმა საქართველოს მთავრობის კანცელარიასა და განათლების სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმართა. მათ კი, თავის მხრივ, წერილი ათასწლეულის განვითარების ფონდში გადაამისამართეს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პასუხში ნათქვამია, რომ კითხვის შინაარსი ორგანიზაციის კომპეტენციას სცდება.


მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი