საქართველოს მთავრობა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბითაც ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა.
ფაქტ-მეტრი პრემიერის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
"მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტი" კანონის უზენაესობის ინდექსს ყოველწლიურად აქვეყნებს. კვლევა კანონის უზენაესობის მდგომარეობას მსოფლიოს 102 ქვეყანაში ასახავს. პროექტი 47 ინდიკატორს იყენებს, რომლებიც 9 ფაქტორის გარშემო ჯგუფდება:კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვები, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, აღსრულება (კანონის/გადაწყვეტილების), დანაშაულის დონე და სისხლის და სამოქალაქო მართლმსაჯულება. კანონის უზენაესობის ინდექსი მსოფლიოს მასშტაბით 102 ქვეყანაში, 100 000-ზე მეტი მოქალაქისა და 2 400 ექსპერტული კვლევის შედეგად დგინდება.
კვლევის შედეგების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს კორუფციის არარსებობის კუთხით აქვს.მსოფლიო რეიტინგში, 0.73 ქულით, ქვეყანა 22-ე პოზიციას იკავებს (გვ. 25). მაღალია ღია მმართველობის მაჩვენებელიც − 29-ე პოზიცია რეიტინგში. ამ მონაცემის მიხედვით, საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში პირველია, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ 17 ქვეყანას ჩამორჩება (გვ. 26). ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა 38-ე პოზიციაზეა (გვ. 27), წესრიგისა და უსაფრთხოების ფაქტორის მაჩვენებლის მიხედვით - 24-ე (გვ. 28), აღსრულების მაჩვენებლით 25-ე (გვ. 29), ხოლო სამოქალაქო და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიხედვით 26-ე (გვ. 30) და 35-ე პოზიციებზე (გვ. 31).
"მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის" კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კორუფციის არარსებობაში (0.73), ასევე წესრიგსა და უსაფრთხოებაში (0.83) აქვს. ყველაზე დაბალი შეფასება - 0.53 ქულა, ინდექსის თანახმად, საქართველოს კრიმინალურ მართლმსაჯულებაში აქვს.
საერთო ჯამში, მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის საქართველო 29-ე ადგილს იკავებს და ამ მაჩვენებელით ლიდერია როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ისე ცენტრალური აზიის რეგიონში.
დასკვნა "
მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის" კვლევაში, რომელიც მსოფლიოს 102 ქვეყანაში 9 ფაქტორის მიხედვით კანონის უზენაესობის ინდექსს ადგენს, საქართველო 29-ე ადგილს იკავებს. აღნიშნული შედეგით, ჩვენი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველა სახელმწიფოზე წინაა. კვლევის ერთ-ერთ ფაქტორს ღია მმართველობის მაჩვენებელი წარმოადგენს. საქართველო ამ კუთხით 29-ე ადგილზეა, რაც აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში საუკეთესო შედეგია. აღსანიშნავია, რომ ევროპაში საქართველო ამ მაჩვენებლით მხოლოდ ევროკავშირის წევრ 17 სახელმწიფოს ჩამორჩება.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრემიერ-მინისტრის განცხადება არის სიმართლე.