პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიგა ბუკიამ განაცხადა, რომ 2004-2012 წლებში სახელმწიფოს საკუთარი ქონება უსასყიდლოდ 5 634 ადამიანმა გადასცა, ხოლო ბოლო ორი წლის მანძილზე ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. გიგა ბუკიას აზრით, ეს იმის დასტურია, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღევანდელი მთავრობა ბიზნესზე ზეწოლას არ ახორციელებს.
ფაქტ-მეტრი დეპუტატის ამ განცხადებით დაინტერესდა და მასში მოყვანილი რიცხვების სიზუსტე გადაამოწმა.
ჩვენთან საუბარში გიგა ბუკიამ აღნიშნა, რომ განცხადება ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკაზე დაყრდნობით გააკეთა. ფაქტ-მეტრმა შესაბამისი ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა. სამინისტრომ ჩვენი მოთხოვნა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან გადაამისამართა. ამ უკანასკნელის მიერ მოწოდებული სტატისტიკისმიხედვით, 2004-2012 წლებში სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ (ჩუქების ფორმით) ქონების გადაცემასთან დაკავშირებით 605-მა ფიზიკურმა და არასაჯარო იურიდიულმა პირმა მიმართა, ხოლო 2013-2014 წლებში - 32-მა. აღსანიშნავია, რომ ამ სტატისტიკაში არ შედის თვითმმართველობებისთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონება.
2004-2007 და 2008-2012წლებში ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ჩატარებული აქვს კვლევა, რომლის თანახმადაც, 2004-2007 წლებში სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონების საერთო ღირებულებამ 137.8 მილიონი ლარი, 6 მილიონი დოლარი და 10 ათასი ევრო შეადგინა. გასათვალისწინებელია, რომ ამ მონაცემებში სახელმწიფო კომპანიებისა და თვითმმართველობების მიერ სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონებაც შედის. 2008-2012 წლებში კი, სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონების საერთო ღირებულებამ 25.3 მილიონი ლარი და 5.6 მილიონი დოლარი შეადგინა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მომზადებულ სტატიაშიჩამოთვლილია იმ კომპანიების ნაწილი, რომლებმაც სახელმწიფოს ქონება უსასყიდლოდ გადასცეს. ამ ჩამონათვალში გვხვდება შემთხვევები, როცა სახელმწიფოს, ქონებას თავისივე კუთვნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ) გადასცემენ.
დასკვნა
გიგა ბუკიას განცხადებით, 2004-2012 წლამდე სახელმწიფოს უსასყიდლოდ ქონება 5 634 ადამიანმა გადასცა. თუმცა, ქონების ეროვნული სააგენტოდან მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, ამ პერიოდში სულ 605-მა ფიზიკურმა და არასაჯარო იურიდიულმა პირმა მიმართა სახელმწიფოს ქონების უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით. გიგა ბუკია ასევე აღნიშნავს, რომ 2012-2014 წლებში უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ჩვენთვის მოწოდებული სტატისტიკის თანახმად კი, ხსენებულ წლებში სახელმწიფოს ქონების უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით 32 ფიზიკურმა და არასაჯარო იურიდიულმა პირმა მიმართა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიგა ბუკიას განცხადება არის მცდარი.