2014 წლის 7 მაისს, ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების წინ, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც მინისტრებმა თავიანთი სამინისტროების მუშაობის შესახებ ანგარიში წარმოადგინეს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, დარგზე საუბრისას ყურადღება გადამუშავებული ყურძნის რაოდენობის ზრდაზე გაამახვილა და განაცხადა: "2015 წელს ექსპორტის მაჩვენებელი არის 8 მილიონი. ეს შარშანდელ წელთან შედარებით ნაკლებია. შარშანდელ ნიშნულზე მისვლა გაგვიჭირდება, თუმცა გაცილებით კატასტროფული სურათი გვექნებოდა, რომ არა ის პოლიტიკა, რომელსაც ყოველთვის ვატარებთ და ვახალისებთ - ეს არის ბაზრის დივერსიფიცირება. შედარებისთვის, 2012 წელს გადამუშავებული ყურძენი 52 000 ტონა იყო, ხოლო გასულ წელს კი - 124 000 ტონა".
ფაქტ-მეტრი ბოლო წლებში გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით დაინტერესდა. ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მივმართეთ და შესაბამისი ინფორმაცია გამოვითხოვეთ.
ცხრილი 1: 2009-2014 წლებში სამრეწველოდ გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა
წელი
2009
2010
2011
2012
2013
2014
გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა (ტონა)
23 000
23 000
43 500
54 000
92 773
124 606
როგორც ცხრილიდან ჩანს, ბოლო წლებში სამრეწველოდ გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. 2009 წელთან შედარებით (23 000 ტონა), 2014 წელს გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა (124 606 ტონა) თითქმის 5-ჯერ გაიზარდა, ხოლო მინისტრის მიერ აღნიშნულ 2012 წელთან შედარებით (54 000 ტონა), გასულ წელს გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა გაორმაგებულია.
ყურძნის ჩაბარების ფასები (წითელი და თეთრი) წლების მიხედვით შემდეგნაირად იცვლებოდა:
ცხრილი 2: წითელი და თეთრი ყურძნის ჩაბარების ფასი (ლარში) 2010-2014 წლებში
წელი
2010
2011
2012
2013
2014
თეთრი
0.60 ლარი
0.70 ლარი
1 ლარი
1 ლარი
1 ლარი
წითელი
0.80 ლარი
1 ლარი
1 ლარი
1.30 ლარი
1.95 ლარი
რაჭა (წითელი)
3 ლარი
3 ლარი
4 ლარი
8 ლარი
8 ლარი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შემდეგი ოდენობით დადგინდა: 2013 წელს1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 40 თეთრი, ხოლო 1 კგ საფერავზე - 15 თეთრი. 2014 წელს თეთრი ყურძნის სუბსიდირება ოდნავ შემცირდა და რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 35 თეთრი შეადგინა, ხოლო წითელი ყურძნის სუბსიდირება - 15 თეთრი, იგივე დარჩა. ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე (რაჭის ყურძნის ჯიშები) ისედაც მაღალი ფასის გამო 2013-2014 წლებში სუბსიდირება არ განხორციელებულა.
საკითხში უფრო ღრმად გასარკვევად, ჩვენ ღვინის ექსპორტითაც დავინტერესდით. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წელს მსოფლიოს 46 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 59 067 335 ბოთლი (0,75ლ)შეადგინა, რაც 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 26%-ით აღემატება. 2013 წელს ექსპორტი 46, 7 მლნ ბოთლი იყო. 2014 წელს ღვინის ექსპორტიდან შემოსული თანხა 184 927 801 აშშ დოლარი იყო, რაც 30%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.2015 წლის პირველ კვარტალში ღვინის ექსპორტმა 5 100 184 ბოთლი (0.75 ლ) შეადგინა, რაც 2014 წლის (15 455 103 ბოთლი) ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67%-ით ნაკლებია.
ცხრილი 3: ღვინის ექსპორტი 2010-2015 წლის I კვარტლის მიხედვით (1 ბოთლი - 0.75 ლ)
წელი
2010
2011
2012
2013
2014
2015 I კვ.
ღვინის ექსპორტი (0.75 ლ ბოთლი)
15 მლნ
19 მლნ
23 მლნ
46 მლნ
59 მლნ
5 მლნ
გრაფიკი 1: ღვინის ექსპორტიდან შემოსული თანხები 2006-2015 წლებში (მლნ აშშ დოლარი)
როგორც მონაცემებიდან ჩანს, ღვინის ექსპორტი 2010 წლიდან ყოველწლიურად იზრდებოდა და მაქსიმუმს 2014 წელს მიაღწია. 2014 წელს რუსულ ბაზარზე 37 615 052 ბოთლი ღვინო გაიტანეს, რამაც მთლიანი ექსპორტის 63% შეადგინა. თუმცა, 2015 წლის პირველ კვარტალში ღვინის ექპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67%-ით შემცირდა. ღვინის ეროვნულ სააგენტოში ექსპორტის კლებას, უმთავრესად, ქართული ღვინის ორ ძირითად ბაზარზე - რუსეთსა და უკრაინაში მოთხოვნის შემცირებით ხსნიან. ქართული ღვინის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთში 83%-ით, ხოლო უკრაინაში 63%-ით შემცირდა. რუსეთში, 2015 წლის I კვარტალში, 1 823 241 ბოთლი, ხოლო უკრაინაში 655 110 ბოთლი ქართული ღვინო გავიდა.
2010-2014 წლებში ქართული ღვინის ექსპორტი სულ 61 ქვეყანაში განხორციელდა. 2010-2012 წლებში ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეული თითქმის უცვლელი იყო და შემდეგნაირად გამოიყურებოდა: უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსი, პოლონეთი და ლატვია (2012 წელს მე-4 ადგილი ჩინეთმა დაიკავა). 2013-2014 წლებში, რუსეთში ქართულ ღვინოზე ემბარგოს გაუქმების შემდეგ, პირველი ადგილი დიდი უპირატესობით რუსეთს უკავია: 2013 წელს - 22 997 170 ბოთლი (მთლიანი ექსპორტის 49%) და 2014 წელს - 37 615 052 ბოთლი (მთლიანი ექსპორტის 63%). დანარჩენი ოთხეული უცვლელია: უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსი და პოლონეთი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წლის პირველ კვარტალში, რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 71%-ს შეადგენდა. წლის ბოლოსთვის, რუსეთის წილის შემცირება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის და მთელ რიგ ქვეყნებში ექსპორტის ზრდის ხარჯზე მოხდა. პირველი კვარტლის მონაცემებით, ქართული ღვინო ექსპორტზე მსოფლიოს 23 ქვეყანაში იგზავნებოდა, რაც წლის დასასრულისთვის 46-მდე გაიზარდა. თუმცა, ამ ქვეყნებში ღვინის ექსპორტის წილი იმდენად მცირეა, რომ საერთო სურათს ვერ ცვლის და 2015 წლის პირველ კვარტალში ღვინის ექსპორტი საკმაოდ შემცირებულია (67%-ით).
დასკვნა
2014 წელს მართლაც 124 000 ტონა ყურძნის გადამუშავება მოხდა, რაც 2012 წელს გადამუშავებულ ყურძნის რაოდენობაზე (54 000 ტონა) ორჯერ მეტია. 2013-2014 წლებში ზრდა იყო ყველა კომპონენტში: გაიზარდა გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა, ყურძნის ჩაბარების ფასი, ღვინის ექსპორტი და ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები.
თუმცა, 2015 წლის I კვარტლის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 5 მილიონ ბოთლს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67%-ით არის შემცირებული (2014 წლის I კვარტალში ექსპორტი 15 455 103 მილიონი ბოთლი იყო), რაც იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ 2015 წლის ბოლოს, 2014 წელთან შედარებით, ღვინის ექსპორტის კლება დაფიქსირდება, რაც სპეციალისტების აზრით, 2015 წლის რთველისთვის ყურძენზე მოთხოვნასა და მისი ფასის შემცირებას გამოიწვევს.
ღვინის ექსპორტის და მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირება ძირითადად რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის მკვეთრი შემცირებითაა გამოწვეული. ამიტომ, სამინისტრომ და კერძო სექტორმა ბაზრების რეალური დივერსიფიკაციისთვის უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ეკონომიკურად და პოლიტიკურად არასტაბილურ ქვეყანაზე - რუსეთზე.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.