საქართველოს პარლამენტის წევრმა, "მწვანეთა პარტიის" ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძემ კურორტ აბათუმნის პრობლემების შესახებ ისაუბრა. დეპუტატის განცხადებით, აბასთუმანი საქართველოში ყველაზე მიტოვებული კურორტია, სადაც მოშლილია საკანალიზაციო სისტემები, გაუმართავია სასმელი წყლის სისტემა და არ ხდება ბუნებრივი აირის მიწოდება.
ფაქტ-მეტრი დეპუტატის ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციისთანახმად, დაბა აბასთუმანში როგორც საკანალიზაციო, ისე სასმელი წყლის სისტემები გაუმართავია. უახლოეს წარსულში აბასთუმნის საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები არც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და არც მის დაქვემდებარებულ არცერთ სსიპ-ის არ განუხორციელებია. საკანალიზაციო სისტემა, როგორც მთლიანად დაბა აბასთუმანში, ისე ტუბდისპანსერსის ტერიტორიაზე მთლიანად მწყობრიდანაა გამოსული და მისი რეაბილიტაციის სამუშაოები ჯერჯერობით არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე არსებული პრობლემის შესახებ ცენტრალური ხელისუფლება ინფორმირებულია.
აბასთუმანისთვის ასევე პრობლემურია სასმელი წყლის მიწოდებაც. მიუხედავად იმისა, რომ დაბას სასმელი წყალი მიეწოდება, მთლიანად მწყობრიდანაა გამოსული სათავავე ნაგებობები და შიდა ქსელის ნაწილი, რომელსაც სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება. აბასთუმანში არც გაზიფიცირების პროექტები განხორციელებულა. აღსანიშნავია, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, აბასთუმანში ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება, თუმცა ამ დროისთვის სამუშაოების დაწყების თარიღი ცნობილი არ არის.
დასკვნა
დაბა აბასთუმანში გაუმართავია როგორც საკანალიზაციო, ისე სასმელი წყლის სისტემები. მიუხედავად იმისა, რომ დაბის პრობლემების შესახებ ცნობილია როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლებისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები პრობლემურ სფეროებში არ განხორციელებულა. დეპუტატი სიმართლეს ამბობს ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებითაც. დაბაში გაზიფიცირების პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა.
შესაბამისად, გიორგი გაჩეჩილაძის განცხადება არის სიმართლე.