ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ამჟამად უკვე ყოფილმა წევრმა, პავლე კუბლაშვილმა, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა: "დღეს ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც გიგი უგულავა 9 თვეზე მეტი ხანია წინასწარ პატიმრობაშია, ისე, რომ მის მიმართ განაჩენი არცერთ საქმეზე არ არის დამდგარი. ისეთ საქმეზე, რომელზეც არც კი ყოფილა თავის დროზე მოთხოვნილი პროკურატურის მხრიდან აღმკვეთი ღონისძიება, ბოლო დღეებში მოითხოვეს და თავიდან დაიწყეს 9 თვიანი ვადის ათვლა. ეს არის კონსტიტუციის აკრძალვა. არ შეიძლება ადამიანი 9 თვეზე მეტი ხნით იმყოფებოდეს წინასწარ პატიმრობაში".
ფაქტ-მეტრმა პავლე კუბლაშვილის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
2013 წლიდან დღემდე, გიგი უგულავა სისხლის სამართლის ხუთ საქმეზეა ბრალდებული. ამასთან, დღემდე არცერთი წარდგენილი ბრალდების მიმართ სასამართლოს განაჩენი არ გამოუტანია. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების სახით 9 თვიანი წინასწარი პატიმრობა მხოლოდ ერთ საქმეზე (ე.წ. ფულის გათეთრება და "მარნეულის" ეპიზოდი) შეეფარდა, რომლის ვადაც 2015 წლის 2 აპრილს ამოიწურა. საქართველოს პროკურატურის 2015 წლის 13 მარტის დადგენილებით,უგულავას 2014 წლის 28 ივლისის ბრალდება (საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) დაუმძიმდა და მას გაფლანგვასა (ე.წ. მთაწმინდის პარკის ქონების გაფლანგვის ეპიზოდში) და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში (ე.წ. ტელეკომპანია "იმედის" ეპიზოდში) დახმარება დაემატა.
2015 წლის 14 მარტს პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და აღნიშნულ საქმეზე გიგი უგულავასთვის ხელახალი 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. 2015 წლის 15 მარტს მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამ საქმეზე თავიდანვე აღკვეთის ღონისძიება მოთხოვნილი არ ყოფილა, ვინაიდან გიგი უგულავა სხვა საქმეზე უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (მუხლი 103), საგამოძიებო ორგანოს უფლება აქვს გონივრულ ვადაში აწარმოოს გამოძიება, დააზუსტოს ფაქტობრივი გარემოებები და შეცვალოს დანაშაულის კვალიფიკაცია. ამასთან, შუამდგომლობას, რომელიც სისხლის სამართლის პროცესის გაჭიანურებისკენაა მიმართული, დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას (მუხლი 94). ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის პროცესის გაჭიანურების დადგენა მოსამართლის შეფასების საგანს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელთა მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა. განცხადებებში ნათქვამია, რომ გიგი უგულავას საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები გამოძიების ხელოვნურად გაჭიანურებასთან დაკავშირებით საფუძვლიან ეჭვს აჩენს. ამასთან, პატიმრობის შეუზღუდავი ვადით გამოყენების შესაძლებლობა იმ დროს, როცა ბრალდებულის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი არ არის დამდგარი, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ევროპულ კონვენციასთან. საქართველოს კონსტიტუციით, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ბრალდებული პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.
2015 წლის 14 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშიაღნიშულია, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ ბრალდების დამძიმება "წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ლიმიტის გვერდის ავლის მცდელობას ჰგავს", რომელიც აპრილის დასაწყისში უნდა ამოწურულიყო. ამასთან, საელჩო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გადადგას ნაბიჯები, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი აღქმა, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების კამპანიაშია ჩართული.
2015წლის 9 მარტს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავჯდომარემ, მანფრედ ვებერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართა. მიმართვაში ნათქვამია, რომ ახალი ბრალის წაყენება გიგი უგულავას წინააღმდეგ მხოლოდ მისი პატიმრობაში დარჩენას ემსახურება, რაც განხილული იქნება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული დევნის საფუძველი.
2015 წლის 16 მარტს ევროპის პარლამენტის 17 წევრმა ღია წერილითმიმართა საქართველოს მთავრობას. წერილში აღნიშნულია, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ ახალი საქმის შედგენის მიზანი ახალი წინასწარი პატიმრობის განსაზღვრა იყო, რაც მის პატიმრობაში დარჩენას ემსახურება. წერილში ნათქვამია, რომ პირის წინასწარ პატიმრობაში განუსაზღვრელი ვადით დატოვება დამნაშავედ ცნობის გარეშე, საქართველოს კონსტიტუციას და ევროპულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშინათქვამია, რომ გიგი უგულავას ბრალდების შესახებ "2014 და 2015 წლების დადგენილებებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები ძირითადად მეორდება". აღნიშნული აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პროკურატურამ ერთი საქმე რამდენიმე ეტაპად დაყო, რათა მისთვის სასურველ დროს შეძლებოდა სასამართლოში ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის მოთხოვნით მიმართვა.
ფაქტ-მეტრთან საუბრისას, გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ აღნიშნა, რომ 2014 წლის 28 ივლისიდან 2015 წლის 13 მარტამდე პერიოდში, ახალი მტკიცებულება გიგი უგულავას წინააღმდეგ არ მოპოვებულა. ადვოკატის თქმით, მათ აღნიშნულ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი. სარჩელში ის ნორმებია გასაჩივრებული, რომელთა საფუძველზეც გიგი უგულავას მიმართ წინასწარი პატირმობის ვადა გაგრძელდა.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OSCE/ODIHR) 2014 წლის ბოლოს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ თავისუფლების უფლება თვითნებურად ან ჯეროვანი დასაბუთების გარეშე არავის უნდა წაერთვას. ამასთან, აღკვეთის ღონისძიების სახით რაც შეიძლება ნაკლებად შემზღუდავი საშუალება, ხოლო პატიმრობის შემთხვევაში, რაც შეიძლება მოკლე ვადა უნდა იქნეს გამოყენებული. შესაბამისად, წინასწარი პატიმრობა არ შეიძლება გამოყენებული იქნეს პირის დასჯისთვის. პირის დასჯისთვის აუცილებელია, რომ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს. გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე პირის ხანგრძლივ პატიმრობაში ყოფნა, იმის გამო, რომ პროკურორი ვერ იპოვებს მტკიცებულებებს, ევროპულმა სასამართლომ პირის თავისუფლების დარღვევადმიიჩნია.
დასკვნა
გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ერთ-ერთ საქმეზე 2015 წლის 2 აპრილს ამოიწურა. 2015 წლის 15 მარტს მოსამართლემ პროკურატურის ახალი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით კვლავ 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა. თბილისის ყოფილი მერის წინააღმდეგ, ამ დრომდე, განაჩენი არცერთ საქმეზე არ გამოტანილა.
კანონმდებლობაში არსებულ ყოველ ნორმასთან მიმართებაში არსებობს პრეზუმფცია, რომ იგი კონსტიტუციურია, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საწინააღმდეგოს არ დაადგენს. შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგრძლივება არაკონსტიტუციურია, მხოლოდ სასამართლოს შეუძლია. ამ ეტაპზე, პროკურატურის მხრიდან კანონი არ ირღვევა. თუმცა, აქ მთავარი საკითხი ისაა, თუ რამდენად კონსტიტუციურია აღნიშნული საკანონმდებლო აქტი. პავლე კუბლაშვილი თავის განცხადებაში სწორედ ამაზე მიუთითებდა.
ფაქტ-მეტრმა ამ საკითხზე მუშაობისას მხედველობაში მიიღო საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი პრინციპები და მიდგომები. საქართველოს კონსტიტუცია დაუშვებლად ცნობს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების თვითნებურად გამოყენებას და ადამიანის თავისუფლების დაუსაბუთებელ, არათანაზომიერ შეზღუდვას. შესაბამისად, პიროვნება სახელმწიფოს მიერ თავისუფლების თვითნებური ჩამორთმევისაგან დაცულია.
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში ნათქვამია, რომ გიგი უგულავას საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები გამოძიების ხელოვნურად გაჭიანურების შესახებ საფუძვლიან ეჭვს აჩენს. საქმის განზრახ გაჭიანურების საფუძველზე პირის დიდი ხნის განმავლობაში, მიზანმიმართულად წინასწარ პატიმრობაში მოთავსება მის კონსტიტუციურ უფლებებს ლახავს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, პავლე კუბლაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.