ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის ახალი კვლევის პროგნოზით, 2015 წელს საქართველოს ექსპორტი 20%-ით შემცირდება, საგარეო ვალი მშპ-ის 80%-მდე გაიზრდება, ეკონომიკური ზრდა 2%-მდე შემცირდება, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი 3.5%-მდე გაიზრდება.
ფაქტ-მეტრმა ლევან თარხნიშვილის განცხადება გადაამოწმა.
"Fitch Ratings Inc." 1975 წლიდან არსებობს და Moody’s და S&P-თან ერთად აშშ-ის სამ ყველაზე დიდ სარეიტინგო ორგანიზაციათა რიცხვში შედის. 2015 წლის 17 აპრილს Fitch-მა საქართველოს შესახებ კვლევაგამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის გრძელვადიანი ობლიგაციების და ლოკალური სავალუტო რეიტინგი BB- პოზიტიურიდან BB- სტაბილურამდე დაწია.
კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე რიგმა საგარეო ფაქტორებმა იქონია გავლენა (განსაკუთრებით, ნავთობექსპორტიორ რუსეთზე სანქციების დაწესება და მისი ეკონომიკური ვარდნა). Fitch-ის პროგნოზით, საქართველოს ექსპორტი 2015 წელს 20%-ით შემცირდება. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის პირველ კვარტალში ექსპორტის მაჩვენებლის 28%-იანი კლება დაფიქსირდა. 2015 წლის იანვარ-აპრილის ექსპორტის მოცულობა უფრო ნაკლებია, ვიდრე უკანასკნელი სამი წლის მანძილზე დაფიქსირებული მონაცემები.
გრაფიკი 1:
იანვარ-აპრილის ექსპორტი წლების მიხედვით, მლნ აშშ დოლარი
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
Fitch-ის კვლევა ქვეყნის წმინდა საგარეო ვალსაც ეხება. კვლევაში აღნიშნულია, რომ 2015 წელს ის მშპ-თან მიმართებაში (2014 წელს 58% იყო) 80%-მდე გაიზრდება. 2014 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს წმინდა საგარეო ვალი მშპ-ის 51.7% იყო და უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში 50.1%-დან 53.3%-მდე მერყეობდა.
გრაფიკი 2:
წმინდა საგარეო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან
წყარო: ეროვნული ბანკი2015
წელს ვალის მშპ-ის 80%-მდე გაზრდა ლარის კურსის გაუფასურებას უკავშირდება. 2014 წლის 31 დეკემბერს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.86 იყო, ხოლო 2015 წლის 15 მაისის მონაცემებით კი - 2.36. შესაბამისად, კურსი 27%-ით გაუფასურდა და იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს საგარეო ვალი დოლარშია ნომინირებული, მის დასაფარად უფრო მეტი ლარია საჭირო.
Fitch-ის პროგნოზით, 2015 წელს საქართველოს ეკონომიკა 2%-ით გაიზრდება. იგივე პროგნოზი აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც.
გრაფიკი 3:
მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა თვეების მიხედვით
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
Fitch-ის მიხედვით, ლარის კურსის ცვლილების გამო, საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ დოლარში - 3 623-დან 2 923-მდე შემცირდება, რაც თითქმის 20%-იანი ვარდნაა.
კვლევის მიხედვით, 2015 წელს საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 3.5% იქნება. ბიუჯეტის დეფიციტმა მშპ-თან მიმართებაში თავის მაქსიმუმს 2009 წელს მიაღწია (9.2%). მომდევნო წლებში ის იკლებდა და 2013 წელს 2.6%-ზე ჩამოვიდა. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 0.6%-ით გაიზარდა და 3.2%-ს მიაღწია.
გრაფიკი 4:
საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-თან მიმართებაში
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დასკვნა
Fitch Ratings-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური პროგნოზები ემთხვევა ლევან თარხნიშვილის მიერ მოყვანილ რიცხვებს.
სარეიტინგო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ 2015 წელს საქართველოს ექსპორტი 20%-ით შემცირდება. 2015 წლის პირველ კვარტალში ექსპორტი 28%-ით შემცირდა. კვლევის მიხედვით, საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 80%-მდე გაიზრდება. ლარის კურსი 2014 წლის 31 დეკემბრიდან 4 თვის მანძილზე 27%-ით გაუფასურდა, რაც ვალის სიდიდეს კიდევ მეტად გაზრდის. სარეიტინგო ორგანიზაციის პროგნოზით, საქართველოს 2015 წლის ეკონომიკური ზრდის ტემპი 5%-ის ნაცვლად 2% იქნება. რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, ის მშპ-თან მიმართებაში 2009 წლიდან მოყოლებული იკლებდა, თუმცა, 2014 წელს 2.6%-დან ის 3.2%-მდე გაიზარდა. Fitch Ratings-ის კვლევის მიხედვით, 2015 წელს ბიუჯეტის დეფიციტის 3.5%-მდე ზრდაა ნავარაუდები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პროგნოზი 3%-ია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლევან თარხნიშვილის განცხადება: Fitch-მა საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროგნოზი შეამცირა, არის სიმართლე.