ქადაგიძემ მსოფლიო ბანკს 2 წლით ადრე დაუბრუნა ვალი - 400 მილიონი დოლარი, რამაც ლარის გაუფასურებას ხელი შეუწყო.
ფაქტ-მეტრმა მამუკა არეშიძის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, ეროვნულ ბანკს არა მსოფლიო ბანკის, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ვალი აქვს. 2008-2009 წლებში, აგვისტოს ომის და მსოფლიო ფინანსური კრიზის გამო, ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების შესავსებად საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ფულის სესხება დასჭირდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2008წლის ოქტომბრიდან 2009 წლის ბოლომდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ ეროვნული ბანკის ვალი 491 მილიონით გაიზარდა და 687 მილიონი დოლარი შეადგინა.
2010-2015 წლებში ეროვნული ბანკის ვალი ყოველწლიურად მცირდებოდა, 2015 წლის 30 აპრილის მონაცემებით, ვალი 29.5 მილიონამდე შემცირდა. 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის 30 აპრილამდე ეროვნული ბანკის ვალი 400 მილიონი დოლარით შემცირდა; 2012 წლის ოქტომბერ-დეკემბერში - 69 მილიონი დოლარი, 2013 წელს - 244 მილიონი, 2014 წელს - 73 მილიონი, ხოლო 2015 წლის იანვარ-აპრილში 13 მილიონი დოლარი დაიფარა. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეროვნულ ბანკს 2012-2015 წლებში ვალი წინასწარ არ გადაუხდია და ის ფონდთან შეთანხმებული გრაფიკით მოქმედებდა.გრაფიკი 1:
ეროვნული ბანკის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ
მამუკა არეშიძის აზრით, ეროვნული ბანკის მიერ ვალის გადახდამ ლარის გაუფასურება გამოიწვია. ფაქტ-მეტრი შეეცადა დაედგინა კავშირი ვალის გადახდასა და ლარის კურსს შორის.
2010-2013წლებში ეროვნული ბანკის ვალი 537 მილიონი დოლარით შემცირდა. ამის მიუხედავად, ლარის კურსი 2014 წლის ბოლომდე სტაბილური იყო. 2010 წლის პირველ იანვარს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 1.69 ლარი, ხოლო 2014 წლის პირველ იანვარს - 1.74 იყო. ჯამში, 4 წლის განმავლობაში, ლარი მხოლოდ 0.05 თეთრით გაუფასურდა. ამ პერიოდში ეროვნული ბანკის ვალის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
ლარის კურსმა გაუფასურება 2014 წლის ბოლოს დაიწყო. 2014 წელს კი, ეროვნული ბანკის ვალი 73.1 მილიონი დოლარით შემცირდა. 2015 წელს ლარის კურსი კიდევ უფრო გაუფასურდა და პირველ მაისს ის დოლართან მიმართებაში უკვე 2.36 იყო, თუმცა, ამ პერიოდში ეროვნული ბანკის ვალი მხოლოდ 13 მილიონი დოლარით შემცირდა. როგორც ვხედავთ, ეროვნული ბანკის მიერ ვალის გადახდას ლარის გაუფასურება არ გამოუწვევია. ეროვნულ ბანკსა და ლარის გაუფასურებას შორის კავშირზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა. ქვეყანაში ვალუტის კურსს მასზე მოთხოვნა და უცხოური ვალუტის შემოდინება-გადინება განსაზღვრავს (საერთაშორისო ვაჭრობა, ფულადი გზავნილები, ტურიზმი, საინვესტიციო და საკრედიტო კაპიტალის შემოდინება და ფაქტორული შემოსავლები). ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი სწორედ დოლარის შემომავალი ნაკადების მნიშვნელოვნად შემცირება გახდა. წინასწარი მონაცემებით, 2015წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი 243.4 მილიონი დოლარით, ხოლო იმპორტი 192.4 მილიონი დოლარით შემცირდა. ექსპორტმა შემცირება 2014 წლის აგვისტოდან დაიწყო და მიმდინარე წლის აპრილის თვის ჩათვლით ის ჯამში 481 მილიონი დოლარით შემცირდა. 2014 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, 2015 წლის ამავე პერიოდში, 103.6 მილიონი დოლარით შემცირდა ფულადი გზავნილებიც. ფულადმა გზავნილებმა შემცირება 2014 წლის ოქტობრიდან დაიწყო და მიმდინარე წლის აპრილის თვის ჩათვლით, ის სულ 171 მილიონი დოლარით შემცირდა.
გრაფიკი 2:
ვალის დაფარვა ეროვნული ბანკის მიერ და ლარის კურსი
დასკვნა
საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალი აქვს და არა მსოფლიო ბანკის. 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის 30 აპრილამდე, ეროვნულმა ბანკმა მართლაც დაფარა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალი - 400 მილიონი დოლარი, თუმცა, 2010-2015 წლებში ეროვნულ ბანკს ვალი წინმსწრებად არ გადაუხდია და მისი დაფარვა გრაფიკის თანახმად, შესაბამისი წლების მიხედვით განხორციელდა. ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ ვალის გადახდას ლარის გაუფასურება არ გამოუწვევია.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, მამუკა არეშიძის განცხადება არის ტყუილი.