წლის 7 მაისს, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან შეხვედრაზე, თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა სამინისტროს ბიუჯეტის შესახებ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ე.წ. სოციალური ხარჯებია. მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 80% სწორედ სოციალურ ხარჯებს მოიცავს და სახელფასო ფონდებზე იხარჯება.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2015 წლის გეგმის (გვ. 15) მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 650 მლნ ლარით განისაზღვრა. თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე 2015 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული ვარიანტია ხელმისაწვდომი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროს 640 მლნ ლარი გამოეყო.სამინისტროს ხარჯები მთლიანობაში 614 მლნ ლარს შეადგენს. აქედან, შრომის ანაზღაურებაზე 404 მლნ ლარია გათვალისწინებული.
თავდაცვის სამინისტროს მიერ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 4 პრიორიტეტულ მიმართულებაზეა გაწერილი. შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შენარჩუნებისა და ამაღლებისთვის, ბიუჯეტში 611 მლნ ლარია გამოყოფილი.
სამხედრო განათლების განვითარებისთვის - 19 მლნ ლარი.
პერსონალის ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე - 8 მლნ ლარი.
რაც შეეხება კიბერუსაფრთხოებას, თავდაცვის სამინისტრომ ამ სფეროს დაფინანსებისთვის 1 644 ათასი ლარი გამოყო.
თავდაცვის სამინისტრო 614 მილიონის დახარჯვას გეგმავს, საიდანაც 404 მლნ ლარი სახელფასო ფონდისთვისაა გამოყოფილი. მთლიანობაში, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯების დიდი ნაწილი, დაახლოებით 65% სახელფასო ფონდზე მოდის, თუმცა არა 80%, როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის საბიუჯეტო ხარჯების დაახლოებით 67% სახელფასო ფონდზე მოდიოდა, ხოლო 2013 წელსიგივე მაჩვენებელი 60% იყო.
როგორც თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტის ანალიზი გვიჩვენებს, დარჩენილი ხარჯების 25%, შესაბამისი სფეროების მიხედვით, ე.წ. ოპერატიულ ხარჯებზე მოდის.
ჩვენ, ორგანიზაცია - "სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის" წევრს, ნოდარ ხარშილაძეს (თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე) დავუკავშირდით. მისი განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტორს ბიუჯეტის ხარჯვითი პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსხავდება ნატოს მიერ დადგენილი სტანდარტისგან. მაგალითად, ნატოს სტანდარტის მიხედვით, ბიუჯეტის 50% სახელფასო ფონდზე, ხოლო 25-25%-მდე საწვავ-საპოხ მასალასა და ტექნოლოგიურ განვითარებაზე უნდა მოდიოდეს. როგორც ვხედავთ, 2015 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 640 მლნ ლარია, თუმცა თავდაცვის სამინისტროს ხარჯები 614 მლნ ლარს შეადგენს. ნოდარ ხარშილაძის შეფასებით, 26 მლნ ლარი საიდუმლო შესყიდვებისთვის უნდა იყოს გამოყოფილი, რაც ბუნებრივია საჯარო ინფორმაცია ვერ იქნება.
დასკვნა
თავდაცვის სამინისტროს 2015 წელს 640 მლნ ლარი გამოეყო. სამინისტრომ 614 მლნ ლარის ხარჯები 5 პრიორიტეტულ მიმართულებაზე გაანაწილა, საიდანაც 65% შრომის ანაზღაურებისთვისაა გათვალისწინებული. როგორც ვხედავთ, ხარჯების დიდი ნაწილი მართლაც სახელფასო ფონდზეა გაწერილი, როგორც ამას მინისტრი ამბობს, თუმცა სახელფასო ფონდზე გამოყოფილი თანხა, ნაცვლად თინა ხიდაშელის მიერ დასახელებული 80%-ისა, 65%-ს შეადგენს. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 60% იყო, ხოლო 2014 წელს - 67%.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, თინა ხიდაშელის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.