იტვირთება

მიმდინარე წლის 31 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის წევრმა, სოსო ვახტანგაშვილმა განაცხადა: "ათზე მეტმა პატიმარმა ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში C ჰეპატიტზე მკურნალობა უფასოა".

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ფაქტ-მეტრთან საუბარში სოსო ვახტანგაშვილმა აღნიშნა, რომ განცხადება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის, კახა კახიშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა. ფაქტ-მეტრი კახა კახიშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ პატიმართა კონკრეტული რაოდენობა მას არ დაუსახელებია.

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში С ჰეპატიტის პროგრამის განხორციელებაზე შეთანხმებას ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებს შორის 2013 წლის დეკემბერში მოეწერა ხელი. პირველ ეტაპზე, დიაგნოსტიკური კვლევა ჩატარდა. 2014 წლის 1 მარტიდან პროგრამის განხორციელება დაიწყო და სასჯელაღსრულების სისტემა შესაბამისი მედიკამენტით (ინტენფერონი) მომარაგდა. პროგრამა 250-მდე მსჯავრდებულმა უკვე გაიარა. ამჟამად, მასში ჩართულ პატიმართა რაოდენობა 150-მდეა. პროგრამისთვის სულ 2. 545 მლნ ლარი გამოიყო, საიდანაც 1.400 მლნ ლარამდე უკვე დაიხარჯა.

იმის გასარკვევად, თუ რამდენმა პატიმარმა განაცხადა უარი ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, ჩვენ ინფორმაცია სასჯელაღსრულების სამინისტროდან გამოვითხოვეთ. აღნიშნული მონაცემები დაგვიანებით მივიღეთ, რამაც კვლევის პროცესი შეაფერხა. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2015 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილის ჩათვლით, პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი 138 მსჯავრდებულმა განაცხადა. მსგავსი შემთხვევების რაოდენობა 2014 წელს დაახლოებით ორასამდე იყო. აღნიშნულ ფაქტებზე სათანადო დოკუმენტაცია (ოქმი) შედგა და ადგილობრივ საბჭოებში გადაიგზავნა.

ის მსჯავრდებულები, რომლებიც 2014-2015 წელს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს, სხვადასხვა დაავადებებზე (ონკოლოგიური, ჰეპატიტები, ნევროლოგიური, გულ-სისხლძარღვთა სისტემები, ძვალსახსროვანი და სხვა) მკურნალობდნენ. მათი უმრავლესობა კი, სწორედ ვირუსული C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამაში იყო ჩართული. 2014-2015 წლებში პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ჯამში 338 მსჯავრდებულმა განაცხადა. აქედან ნახევარზე მეტი სწორედ C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამაში იყო ჩართული.

დასკვნა

საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, 2014-2015 წლებში პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფმა დაახლოებით 338 მსჯავრდებულემა განაცხადა. ისინი სხვადასხვა დაავადებებზე მკურნალობდნენ. ამ მსჯავრდებულთა უმრავლესობა სწორედ ვირუსული C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამაში იყო ჩართული.

პატიმრების სხვა მოტივაციის დადგენა (გარდა C ჰეპატიტის უფასო მკურნალობის), თუ რატომ განაცხადეს უარი ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, რთულია. ფაქტია, რომ პატიმართა დიდი ნაწილი სწორედ ამ მოტივით დარჩა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, სოსო ვახტანაგაშვილის განცხადება არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2798 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი