მიმდინარე წლის 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სერგო რატიანმა სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ის 2 წლის განმავლობაში, ყოველ ექვს თვეში ერთხელ, განათლების სამინისტროს მიმართავდა და სტატუსშეჩერებული სტუდენტების შესახებ ინფორმაციას იღებდა. რატიანის განცხადებით, მიღებულ პასუხებში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა "კატასტროფულ მდგომარეობაზე" მიუთითებდა. ბოლო პასუხში კი, რომელიც დეპუტატმა განათლების სამინისტროდან მიიღო, 2 გვერდი იმ მიზეზის ახსნას ეთმობა, თუ როგორ აღარ შეუძლია სამინისტროს სტატუსშეჩერებული სტუდენტების დათვლა. სერგო რატიანის შეფასებით, ეს ფაქტი მთავრობის არაეფექტურობასა და ქმედუუნარობაზე მეტყველებს.
ფაქტ-მეტრი სერგო რატიანის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
სტატუსშეჩერებული სტუდენტების შესახებ ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა. 2013 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, სტატუსი 28 055 სტუდენტს ჰქონდა შეჩერებული. მათგან, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსი შეჩერებული 8 309 სტუდენტს ჰქონდა. 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა 33 575 იყო. მათგან, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული 11 685 სტუდენტს ჰქონდა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან 2014 წლის 30 ოქტომბერს მიღებული პასუხისთანახმად, ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში აღმოჩენილი ტექნიკური უზუსტობების გამო, სტატუსშეჩერებული სტუდენტების შესახებ სრული სურათის წარმოჩენა შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია ვეღარ მივიღეთ.
ანალოგიური ინფორმაციის მისაღებად, ჩვენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმდინარე წლის 30 აპრილს კვლავ მივმართეთ. მიღებულ პასუხშინათქვამია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტატუსშეჩერებული სტუდენტების შესახებ ინფორმაციის მატარებელი რეესტრის განახლებით სამუშაოებს აწარმოებს და მოცემული მომენტისთვის ამ მონაცემების დამუშავება ვერ ხერხდება.
დასკვნა
როგორც ვნახეთ, უკვე მეშვიდე თვეა, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტატუსშეჩერებული სტუდენტების რეესტრის განახლებით სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც, სტატუსშეჩერებული სტუდენტების შესახებ ინფორმაციის მიღება მართლაც ვერ ხერხდება.
ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ სერგო რატიანის განცხადება არის სიმართლე.