მიმდინარე წლის 8 მაისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: "პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ გასულ წელს 1 272 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 35%-ით აღემატება 2013 წლის შედეგს. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი 2007 წლის შემდეგ. 2014 წელს რეინვესტიციის მოცულობამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21% შეადგინა".

ფაქტ-მეტრი პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებით დაინტერესდა და ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების სტატისტიკა გაანალიზა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2014

წელს საქართველოში 1 272 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ეს მაჩვენებელი 2013 წლის დაზუსტებულ მონაცემებს 35%-ით აღემატება.

2007-2014 წლების სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2014

წელს ინვესტიციების შემოდინების მართლაც მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, თუმცა ის 2007 წლის შემდეგ დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს არ წარმოადგენს. 2008 წელს 1 564 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 23%-ით აღემატება 2014 წლის მონაცემს. 2007-2014 წლებში ინვესტიციების შემოდინების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2009 წელს დაფიქსირდა. რაც შეეხება ინვესტიციების მოცულობის ზრდის ტემპს, 2008-2014 წლებში ინვესტიციების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2011 წელს იყო (37%).

გრაფიკი 1:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა (2007-2014 წლები)

image001

აქვე აღსანიშნავია, რომ ინვესტიციის რეალური სიდიდის ცვლილების განსაზღვრისთვის საჭიროა ვნახოთ, თუ რას წარმოადგენს ინვესტიციის მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ. ზოგადად, რაც მეტია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, მას მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის მისაღწევად მით უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა სჭირდება. 2014 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 16 528 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ინვესტიციების მოცულობა 1 272 მლნ აშშ დოლარი იყო. შესაბამისად, გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მშპ-ის 7.7% შეადგინა. ანალოგიური მაჩვენებელი დაფიქსირდა 2011 წელსაც. ეს მონაცემი გაცილებით მაღალი იყო 2007-2008 წლებში.

გრაფიკი 2:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მშპ-ის მიმართ (%)

image002

რაც შეეხება საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეინვესტიციას, 2014 წელს რეინვესტირებული თანხების წილმა 21% შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლებში ასევე გაცილებით მაღალი იყო.

ცხრილი 1:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეინვესტიცია 2010-2014 წლებში

რეინვესტიციის წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2010 2011 2012 2013 2014
28% 30% 13% 29% 21%

დასკვნა

წინასწარი მონაცემებით, 2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 35%-ით გაიზარდა და 1 272 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ისე როგორც ამას ირაკლი ღარიბაშვილი მიუთითებდა. თუმცა, პრემიერის განცხადება არ არის ზუსტი, როცა ის ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი 2007 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2008 წელს საქართველოში 1 564 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. რაც შეეხება ზრდის ტემპს, 2007 წლის შემდეგ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (37%) 2011 წელს დაფიქსირდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2007 წლის შემდეგ, მშპ-ის მიმართ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (12.2%) 2008 წელს დაფიქსირდა. 2014 წელს კი ინვესტიციების მოცულობამ მშპ-ის მიმართ 7.7%  შეადგინა. ანალოგიური მაჩვენებელი დაფიქსირდა 2011 წელსაც.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება 2014 წელს რეინვესტირების წილზეც გაამახვილა. გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საქართველოში რეინვესტიციის წილმა 21% მართლაც შეადგინა. თუმცა, ეს მაჩვენებელი 2010, 2011 და 2013 წლებში გაცილებით მაღალი იყო.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი