რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 106 მლნ ლარით გადაჭარბდა და 2 305 მლნ ლარი შეადგინა, რაც პირველი კვარტლის გეგმის 104.8%-ია.
ფაქტ-მეტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
სახაზინო სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, 2015 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 2.199 მილიარდი ლარი იყო, ფაქტობრივმა შესრულებამ კი 2.305 მილიარდი ლარი შეადგინა.შესაბამისად, შემოსულობების გეგმა 104.8%-ით შესრულდა. გადასახადებიდან, ნაცვლად დაგეგმილი 1.780 მილიარდი ლარისა, სახელმწიფო ბიუჯეტში 1.828 მილიარდი ლარი შევიდა და გეგმა 102%-ით შესრულდა. შემოსულობების დარჩენილი ნაწილი გრანტებსა და სხვა შემოსავლებზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ "გადასახადები შემოსავალზე, მოგებაზე და კაპიტალის ღირებულების ნაზრდზე" 755 მლნ ლარზე იყო დაგეგმილი, მიღებულმა შემოსავალმა კი 779 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმის 103.2%-ია; მათ შორის: საშემოსავლო გადასახადის გეგმა 468 მლნ ლარი იყო, თუმცა ბიუჯეტში 460 მლნ შევიდა. შესაბამისად, გეგმა 98%-ით შესრულდა.
მოგების გადასახადის სახით მიღებული შემოსულობების მოცულობამ (319 მლნ ლარი) პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობის (287 მლნ ლარი) 111.2% შეადგინა. გადაჭარბებით შესრულდა დამატებითი ღირებულების გადასახადიდან მიღებული შემოსულობებიც. პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობა 800 მლნ ლარი იყო, ხოლო ბიუჯეტში, ფაქტიურად 848.6 მლნ ლარი შევიდა. აქციზის გადასახადიდან მიღებულმა შემოსავალმა დაგეგმილზე 9%-ით ნაკლები შეადგინა და 193 მლნ ლარის ნაცვლად პირველ კვარტალში ბიუჯეტში 177 მლნ ლარი შევიდა. გრანტების პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობა 44.6 მლნ ლარი იყო, ფაქტიურად კი, ბიუჯეტში 58 მლნ ლარი (გეგმის 130.5%) შევიდა.
აღსანიშნავია, რომ შემოსულობების გეგმის გადაჭარბებით შესრულება დიდწილად არაფინანსური აქტივების კლების 602%-ით შესრულებამ განაპირობა. პირველი კვარტლის გეგმაში საერთოდ არ იყო გათვალისწინებული რადიოსიხშირის სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაყიდვიდან მისაღები შემოსავალი, რომელმაც 45 მლნ ლარი შეადგინა. ამ თანხის გარეშე, შემოსულობები არა 104.8%-ით, არამედ 102.7%-ით შესრულდებოდა.
შედარებისთვის, 2014 წლის ამავე პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 97%-ით, ხოლო 2013 წელს 100.5%-ით შესრულდა. 2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა გეგმის 102% შეადგინა.ბიუჯეტის შემოსავლების გადაჭარბებით შესრულებას გარკვეულწილად ლარის გაუფასურებამ და ინფლაციის დონის ამაღლებამ შეუწყო ხელი. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ლარის 1.80 კურსზე დაიგეგმა, ბოლო ხანებში კი ლარის კურსი 2.30-ს აღემატება. კურსის გაუფასურებამ დოლარში მოზიდული გრანტების ლარში გამოსახული მოცულობა გაზარდა. ამასთან, ლარის გაუფასურებამ ინფლაციის ტემპი აამაღლა. საქსტატის ინფორმაციით, აპრილის ბოლოსთვის წლიურმა ინფლაციამ 2.5% შეადგინა. ვინაიდან ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალური მშპ-ის ზრდის (ნომინალური ზრდა ნიშნავს რეალური ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მაჩვენებლის ჯამს) მიხედვით არის დაგეგმილი, საქონელსა და მომსახურებაზე ფასების მატება ბიუჯეტის შემოსავლებს ზრდის.
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2.162 მლნ ლარის გადასახდელების გაცემა იყო დაგეგმილი, თუმცა გეგმის მხოლოდ 96% შესრულდა. შრომის ანაზღაურება და საქონელი და მომსახურება ეს ის ორი სფეროა, რომელშიც პირველ კვარტალში დაგეგმილი გადასახდელები სრულად ვერ გაიცა. კერძოდ, შრომის ანაზღაურებაში დაგეგმილზე 4.1%-ით ნაკლები გაიცა. რაც შეეხება საქონელსა და მომსახურებას, ამ შემთხვევაში დაგეგმილი 209.6 მლნ ლარის ნაცვლად, 180 მლნ ლარი გაიცა. შესაბამისად, გეგმის მხოლოდ 86% შესრულდა.
დასკვნა 2015
წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილში გეგმის 104.8%-იანი შესრულება მართლაც დაფიქსირდა. ნაცვლად დაგეგმილი 2.199 მილიარდი ლარისა, ბიუჯეტში 2.305 მილიარდი ლარი შევიდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის შემოსავლების გადაჭარბებით შესრულება ლარის გაუფასურებამ და ინფლაციის ტემპის მატებამაც განაპირობა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრემიერ-მინისტრის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.