პრეზიდენტი გამოსვლისას რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებსაც შეეხო. გიორგი მარგველაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების დროულად და ეფექტიანად განხორციელების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვის თხოვნით მან მთავრობას ორჯერ მიმართა, თუმცა პასუხი არცერთხელ არ მიუღია.
ფაქტ-მეტრი პრეზიდენტის ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ჩვენ თავდაცვის სამინისტროს, ასევე მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციებს კითხვით მივმართეთ და ვთხოვეთ ეცნობებინათ, თუ რომელი სახელმწიფო ინსტიტუტები იყვნენ ჩართულნი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში. აგრეთვე, დავინტერესდით, მიმართა თუ არა პრეზიდენტმა მთავრობას აღნიშნული საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვის მოთხოვნით.
როგორც საქართველოს მთავრობის, ისე პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიღებული ინფორმაციით, დასტურდება,რომ პრეზიდენტმა მართლაც მიმართა მთავრობას 2014 წლის 6 ნოემბერსა და 2015 წლის 13 თებერვალს წინადადებით, განეხილა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების საკითხი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 13 თებერვლის წერილში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს მაია ცქიტიშვილს ახსენებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მის წინა წერილს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
ორივე თხოვნა საქართველოს მთავრობამ რეაგირების გარეშე დატოვა. ამასთან, ჩვენს შეკითხვაზე თუ რა არგუმენტაციის გამო არ დააკმაყოფილა მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის მოთხოვნა, განგვიცხადეს,რომ მთავრობის ადმინისტრაციაში მსგავსი სახის ინფორმაცია დაცული არ არის. პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ასევე უცნობია, თუ რატომ არ შეიტანა მთავრობამ აღნიშნული თემები განსახილველ საკითხთა სიაში.
თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით,უელსის სამიტზე მიღებული თანამშრომლობის პაკეტის განხორციელება ეროვნული დონის პრიორიტეტს წარმოადგენს. ქართული მხარე ნატოს წევრ სახელმწიფოებთან, ასევე ალიანსის საერთაშორისო სამსახურისა და საერთაშორისო სამხედრო სამსახურის წარმომადგენლებთან კონსტულტაციებს აქტიურად მართავს. ამასთან, თანამშრომლობის პაკეტის აქტიურად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომები და რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა. პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების კოორდინაციას და მონიტორინგს ნატოს ექსპერტებით დაკომპლექტებული ე.წ. "ძირითადი გუნდი" (NATO core team) უზრუნველყოფს. თითოეული ინიციატივის განხორციელებასა და მიმართულების განვითარებაში ქართულ მხარეს ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ მოვლენილი ექსპერტები დაეხმარებიან.
ამ ეტაპისთვის, ნატოს წევრმა რიგმა სახელმწიფოებმა ნატოს ძირითადი ჯგუფის დასაკომპლექტებლად მზადყოფნა უკვე გამოხატეს. უკვე ცნობილია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასებების ცენტრის ჯგუფის შემადგენლობის უმეტესობაც. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პაკეტის ფარგლებში, 2015 წლიდან საქართველოს ტერიტორიაზე პერიოდულად ნატოს სწავლებები ჩატარდება.
არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში შსს, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ნატოს სამოკავშირეო ოფისი აქტიურად არიან ჩართულები. კონკრეტული ინიციატივების განხილვაში ასევე ჩართულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო და კრიზისების მართვისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.
აღსანიშნავია, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების დოკუმენტი გრიფით საიდუმლოს წარმოადგენს. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დოკუმენტის დეტალური შინაარსი მოგვაწოდოს.
დასკვნა
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში რამდენიმე სახელმწიფო ინსტიტუტია ჩართული. ფაქტ-მეტრის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მართლაც ისარგებლა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებით და საქართველოს მთავრობას წინადადებით მიმართა, აღნიშნული საკითხი მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეეყვანა, თუმცა ორივე შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტის მიმართვა უპასუხოდ დატოვა. ამასთან, მთავრობას არ განუმარტავს, თუ რატომ არ მოხდა აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში დაყენება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადება არის სიმართლე.