მიმდინარე წლის 28 აპრილს, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე გადაცემა "არჩევანს" სტუმრობდა. საუბრისას მან მინისტრების (დავით შავლიაშვილის და ელგუჯა ხოკრიშვილის) თანამდებობებიდან წასვლის საკითხი შეაფასა და თქვა, რომ არასერიოზულია, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი ავადმყოფობას იმიზეზებს, იმის გამო, რომ მნიშვნელოვანი თანამდებობიდან წავიდეს. მანვე დაამატა: "ამდენი წელია პოლიტიკაში ვარ და არა მარტო საქართველოში, არსად მსოფლიოში არ გამიგია, მინისტრი ამბობდეს, ჩემი ოჯახი მომენატრა და იმიტომ მივდივარო". დავით ბაქრაძის შეფასებით, მინისტრების მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება უპასუხისმგებლობაა. გადაცემის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, ბაქრაძეს ის ფაქტი შეახსენა, როდესაც ნიკა გვარამიას განათლების მინისტრის პოსტი ეკავა და მან თანამდებობა უცხოეთში სასწავლებად წასვლის მიზეზით დატოვა. ამაზე დავით ბაქრაძემ უპასუხა, რომ როდესაც ნიკა გვარამიამ უცხოეთში სასწავლებლად წასვლა გადაწყვიტა, იგი თანამდებობიდან უკვე გადამდგარი იყო, თავისუფალ ადამიანს კი ნებისმიერ დროს შეუძლია, რომ საკუთარ განათლებაზე იზრუნოს. მან იქვე დაამატა, რომ განათლების მაშინდელ მინისტრს პოსტი უცხოეთში სასწავლებლად წასვლის მიზეზით რომ დაეტოვებინა, მასზეც ზუსტად იმავეს იტყოდა.
ფაქტ-მეტრი დავით ბაქრაძის განცხადებით დაინტერესდა და გასულ წლებში რამდენიმე მინისტრის თანამდებობიდან წასვლის ოფიციალური მიზეზები გადაამოწმა.
2015 წლის 21 აპრილს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა თანამდებობა დატოვა. მინისტრის თანამდებობიდან წასვლის ოფიციალურ მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დასახელდა. მიმდინარე წლის 28 აპრილს, თანამდებობა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმაც დატოვა.ხოკრიშვილმა ეს გადაწყვეტილება ოჯახთან ერთად ყოფნის სურვილით ახსნა.
საინტერესოა, წინა ხელისუფლების დროს მინისტრების თანამდებობიდან წასვლის რამდენიმე მაგალითიც. 2009 წლის 9 დეკემბერს, თანამდებობა დატოვაგანათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ნიკა გვარამიამ. აღსანიშნავია, რომ გვარამიამ თანამდებობა უცხოეთში სასწავლებლად წასვლის მიზეზით დატოვა.
უცხოეთში სასწავლებლად წასვლის მიზეზით, 2006 წლის ნოემბერში თანამდებობა კიდევ ერთმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა დატოვა.იგი ეკონომიკის სამინისტროში თავდაცვის სამინისტროდან გადაიყვანეს. ეკონომიკის მინისტრის პოსტი მას მხოლოდ 10 დღის განმავლობაში ეკავა. "ირაკლი მეუბნებოდა, რომ სურდა საზღვარგარეთ წასვლა სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში განათლების ასამაღლებლად და ამ მიზეზით თავდაცვის მინისტრის პოსტის დატოვება. მე ვთხოვე, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროში წასვლაზე დათანხმებულიყო. თუმცა, ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ დაბრუნებოდა თავის პირვანდელ აზრს და მე ამას პატივს ვცემ" - განაცხადა საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
2008 წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ლადო გურგენიძე გადადგა. საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ერთი წლის წინ, როდესაც ლადო გურგენიძე პრემიერად დაინიშნა, შეთანხმებული იყო, რომ იგი ამ თანამდებობაზე ერთი წლით იმუშავებდა. ლადო გურგენიძე ამ თანამდებობაზე გრიგოლ მგალობლიშვილმა ჩაანაცვლა, რომელმაც პრემიერის პოსტი 2009 წლის იანვარში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა.დასკვნა 2009 წელს ნიკა გვარამიამ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა უცხოეთში სასწავლებლად წასვლის მიზეზით დატოვა. ამასთან, როგორც ვნახეთ, სხვადასხვა "არასერიოზული" (როგორც ეს დავით ბაქრაძემ აღნიშნა) მიზეზებით მინისტრებმა თანამდებობები დატოვეს, როგორც მოქმედი, ისე წინა ხელისუფლების პირობებში. შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით ბაქრაძის განცხადება არის მცდარი.