მიმდინარე წლის 26 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: "წინა წელს ეკონომიკის ზრდაში მთავარი როლი კერძო სექტორს ეჭირა. პროდუქციის გამოშვება სამეწარმეო სექტორში 12.8%-ით, ხოლო ბიზნეს სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა 11 ათასით გაიზარდა".
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ჩვენ საქართველოს ბიზნეს სექტორში პროდუქციის გამოშვებისა და დასაქმების სტატისტიკა [1] გადავამოწმეთ. ამ მონაცემებს საქსტატი ორი სახით, წლიურად და კვარტალურად აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები ხშირად პოლიტიკური სპეკულაციების საგანია. ფაქტ-მეტრს ბიზნეს სექტორის შესახებ გაკეთებული რამდენიმე განცხადება უკვე გადამოწმებული აქვს (იხ. ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება 2014 წლის კვარტალურ მონაცემს ეყრდნობა, რომელიც 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთანაა შედარებული. რაც შეეხება ბიზნეს სექტორის 2014 წლის სრულ სტატისტიკას, ის 2015 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნდება.ცხრილი 1:
სამეწარმეო პროდუქციის გამოშვება ბიზნეს სექტორში (მლნ ლარი)
2013 წელი | 2014 წელი | ||
I | 4,332.5 | I | 5,017.6 |
II | 5,132.3 | II | 5,682.9 |
III | 5,504.0 | III | 6,404.8 |
IV | 6,260.5 | IV | 6,836.8 |
ჯამი | 21,229.3 | 23,942.1 |
საქსტატის ინფორმაციით, 2013 წლის ოთხივე კვარტალში, ბიზნეს სექტორში გამოშვებულმა პროდუქციის ჯამურმა ღირებულებამ 21 229.3 მილიონი ლარი, ხოლო 2014 წელს კი 23 942.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2013 წლის კვარტლების ჯამურ მაჩვენებელზე 12.8%-ით მეტია და 2014 წლის მშპ-ის 82%-ს შეადგენს. 2000 წლიდან მოყოლებული, გამოშვებული პროდუქციის ზრდა წლების მიხედვით შემდეგნაირი იყო:
ცხრილი 2:
ბიზნეს სექტორში გამოშვებული პროდუქციის პროცენტული ზრდა წლების მიხედვით
2000 | 14% |
2001 | 10% |
2002 | 16% |
2003 | 14% |
2004 | 25% |
2005 | 33% |
2006 | 27% |
2007 | 30% |
2008 | 6% |
2009 | 7% |
2010 | 21% |
2011 | 45% |
2012 | 20% |
2013 | 2% |
როგორც ცხრილიდან ჩანს, პროდუქციის გამოშვება ყოველწლიურად იზრდება. განსაკუთრებით მაღალი ტემპი 2004 - 2007 და 2010 - 2012 წლებში აღინიშნებოდა, მაქსიმალური ზრდა 2011 წელს (45%), მინიმალური კი 2013 წელს (2%) დაფიქსირდა.
გრაფიკი 1:
ბიზნეს სექტორში გამოშვებული პროდუქცია წლების მიხედვით (მლნ ლარი)
რაც შეეხება დასაქმების სტატისტიკას, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ამ შემთხვევაშიც კვარტალური მონაცემების საშუალო მაჩვენებელს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის ოთხივე კვარტალში, საშუალოდ 503 899, ხოლო 2014 წელს - 514 623 ადამიანი იყო დასაქმებული. სხვაობა დაახლოებით 11 ათასს უდრის.
გრაფიკი 2:
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა წლების მიხედვით
ცხრილი 3:
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა კვარტლების მიხედვით
2013 წელი | 2014 წელი | ||
I | 485 745 | I | 495 713 |
II | 503 456 | II | 507 610 |
III | 507 359 | III | 520 217 |
IV | 519 035 | IV | 534 952 |
საშუალო | 503 899 | საშუალო | 514 623 |
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სექტორის წლიური სტატისტიკა იმავე წლის კვარტლების საშუალო მაჩვენებლებს არ ემთხვევა. როგორც საქსტატში განგვიმარტეს, კვარტალური სტატისტიკა სრულყოფილი არაა და ის ყველა საწარმოს მონაცემს არ შეიცავს. სრულყოფილი, დაზუსტებული სტატისტიკა კი, შედარებით გვიან ქვეყნდება. მაგალითისთვის, 2011, 2012 და 2013 წლის კვარტლების საშუალო მაჩვენებლები შესაბამისი წლის მონაცემებზე მცირეა. 2013 წელს გამოშვებული პროდუქციის კვარტლების ჯამი 21 მილიარდი ლარი გახლდათ, ხოლო წლიური მონაცემი დაახლოებით 2.3 მილიარდით მეტს, 23.5 მილიარდ ლარს შეადგენდა. იგივე შეიძლება ითქვას დასაქმების მაჩვენებლებზეც, სადაც 2012, 2013 წლებში კვარტლებისა და წლიურ მონაცემებს შორის ცდომილება შესაბამისად 9% და 12%-ია.
დასკვნა
ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, 2014 წელს ბიზნეს სექტორში გამოშვებულმა პროდუქციის ჯამურმა ღირებულებამ, კვარტლების მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 82% შეადგინა. ამასთან, კვარტლების მიხედვით, ბიზნეს სექტორში პროდუქციის წარმოებისა და დასაქმებულთა რიცხვის ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ 2013 წელთან შედარებით, 2014 წლის კვარტლების მიხედვით, პროდუქციის გამოშვების ჯამური მონაცემი 12.8%-ით, ხოლო საშუალოდ, ბიზნეს სექტორში დასაქმებულ მოქალაქეთა რაოდენობა დაახლოებით 11 ათასით გაიზარდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის სიმართლე.
[1] მონაცემი არ მოიცავს საბანკო სექტორში დასაქმებულთა რიცხვს.