რუსთავი 2-ის ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ნიკა მელიამ თბილისის მერიაში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, 8 თვის განმავლობაში თბილისში არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა და ელემენტარული ორმოც კი ვერ იქნა ამოვსებული.
ფაქტ-მეტრი ნიკა მელიას განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ჩვენ თბილისის მერიიდან 2014 წლის იანვრიდან დღემდე განხორციელებული იმ ინფრასტრუქტურული პროექტების სია გამოვითხოვეთ, რომელთა ღირებულება 50 ათას ლარზე მეტს შეადგენს. გარდა ამისა, გამოვითხოვეთ იმ ინფრასტუქტურული პროექტების ჩამონათვალიც, რომელთა განხორციელებაც დაიგეგმა, თუმცა სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა, ან არ დაწყებულა.
მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2014წლის იანვრიდან დღემდე თბილისის მასშტაბით დაახლოებით 83 მლნ ლარის ღირებულების 256 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ძირითადად შიდა ეზოებს და გზებს, სკვერებს, გარე განათებებსა და საცხოვრებელ სახლებს შეეხოთ. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი თანხა, დაახლოებით 32 მლნ ლარი, თბილისის მასშტაბით შიდა გზების რეაბილიტაციაზე დაიხარჯა. თბილისში გზების რეაბილიტაცია კვლავ სერიოზული პრობლემაა. მერიის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის პირველ 8 თვეში უმეტესწილად შიდა გზებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ხოლო ძირითადი საგზაო სამუშაოების უმეტესობა 2015 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა.
2015წელს თბილისის მასშტაბით გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დაახლოებით 43 მლნ ლარია გამოყოფილი. ჯერჯერობით ტენდერები პროექტების მხოლოდ ნაწილზეა გამოცხადებული. თბილისის ბიუჯეტით ასევე გათვალისწინებულია ზაჰესის დასახლებასთან მდებარე სარკინიგზო გზაგამტარის რეაბილიტაცია. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 462 ათას ლარს შეადგენს. მერიის ბიუჯეტში გაწერილია გარე განათებისა და შენობების არქიტექტორულ-მხატვრული მინათების ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების და ექსპლოატაციის შესრულება, რაზეც 34 მლნ ლარი, ხოლო სანიაღვრე ქსელების მოვლა-პატრონობაზე კი, დაახლოებით 3.5 მლნ ლარია გამოყოფილი. დაახლოებით 48 მლნ ლარია გამოყოფილი მუნიციპალური მყარი და დიდი ზომის ნარჩენების, ქუჩების დაგვა-დასუფთავებისა და შეგროვებული ნარჩენების ნაგავსაყრელებამდე მიტანისთვის. 13 მლნ ლარამდე კი, თბილისში მდებარე ოლიმპიური სოფლის კანალიზაციის გარე ქსელის მოწყობისთვის გამოიყო.
აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი პროექტების მნიშვნელოვან ნაწილზე სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ტენდერები გამოცხადებულია. ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილის მშენებლობა-რეაბილიტაციის დაწყება 2015 წელსაა დაგეგმილი, თუმცა სამუშაოების დასრულების ვადა ზოგიერთ შემთხვევაში 3-დან 4 წლამდე პერიოდს მოიცავს. ჩვენ, საკითხზე დამატებითი კომენტარებისთვის, ნიკა მელიასთან დაკავშირება რამდენჯერმე ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ.
დასკვნა
თბილისის მერიიდან მიღებული ინფორმაციით, ბოლო 8 თვეში თბილისის მასშტაბით 256 ინფრასტრუქტული პროექტის (თითოეული 50 ათას ლარზე მეტი ღირებულების) სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ამასთან, 2014 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი თბილისის მთავრობის შეცვლამდე დაიგეგმა და სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ცენტრალური გზების რეაბილიტაციის სამუშაოების უმრავლესობა 2014 წელს არ განხორციელებულა და მათი რეალიზება 2015 წელს იგეგმება. ასევე, პროექტების განხორციელება დროში საკმაოდ გაწელილია, რაც განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიას განცხადება ზუსტი არ არის და ცალსახად გადაჭარბებულია, გზების ნაწილში მისი განცხადების კონტექსტი სწორია, ავარიული გზები ყველა მოქალაქის პრობლემაა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნიკა მელიას განცხადება: 8 თვის განმავლობაში ვერც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ვერ განხორციელდა, არის მეტწილად მცდარი.