მიმდინარე წლის 1 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ყურადღება დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე გაამახვილა. "ბოლო 2 წლის მანძილზე საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა იზრდება. 2014 წლის 1 იანვრის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა 6 700 კაცით გაიზარდა... გაზრდილია ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნება 2 757 ახალშობილით. მცირედით გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა, რაც წინა წლის მონაცემებით საგრძნობლად იყო შემცირებული. თუმცა, ბოლო 9 წლის განმავლობაში პირველად დავიდა ასეთ დაბალ ნიშნულამდე 1 წლამდე გარდაცვლილთა რაოდენობა. 2014 წელს ბუნებრივი მატება 2 223-ით არის გაზრდილი" - განაცხადა ხუნდაძემ და დასძინა, რომ "კარგი იქნებოდა პრეზიდენტი თავის საპარლამენტო გამოსვლაში შეხებოდა ამ თემას, ქვეყანაში არსებულ მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობას და ბოლო ორ წლის მანძილზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ არაერთ ინიციატივას, რამაც პოზიტიურად შეცვალა მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებელი".
ფაქტ-მეტრი დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით დაინტერესდა და მასში მოყვანილი ფაქტები გადაამოწმა.
2014 წლის 1 იანვრის მონაცემებით(რაც ფაქტობრივად 2013 წლის მონაცემებს ასახავს), საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 4 490 500-ს შეადგენდა, რაც წინა, 2012 წლის მაჩვენებელს 6 700 ადამიანით აღემატება. რაც შეეხება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ანუ 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს, ეს სტატისტიკა ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის.
მიმდინარე წლის 31 მარტს, საქსტატმა სხვა ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ 2014 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა.დიმიტრი ხუნდაძე განცხადების გაკეთებისას სწორედ ამ მონაცემებს ეყრდნობოდა.
2014წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 2013 წელთან შედარებით 4.8%-ით (2 757 ახალშობილით) გაიზარდა. 2006-2009 წლებში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნება ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. 2010-2012 წლებში ეს მაჩვენებელი შემცირდა, ხოლო 2013-2014 წლებში კვლავ გაიზარდა. 2005-2014 წლებში ცოცხლად დაბადებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2009 და 2010 წლებში დაფიქსირდა (იხ. გრაფიკი 1).
გრაფიკი 1:
ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა
2014 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 1.1%-ით გაიზარდა და 49 087 შეადგინა. 2013 და 2012 წლებში გარდაცვალების მაჩვენებლის კლება შეინიშნებოდა (იხ. გრაფიკი 2). 2014 წელს გაიზარდა
მკვდრადშობადობის მაჩვენებელიც. რაც შეეხება 1 წლამდე გარდაცვალების მაჩვენებელს, 2014 წელს ის 9.7%-ით შემცირდა და 578 შეადგინა. ეს ბოლო წლებში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი რიცხვია.
გრაფიკი 2:გარდაცვლილთა რიცხოვნობა
2014
წელს ბუნებრივი მატების მაჩვენებელი (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას შორის) წინა წელთან შედარებით 23.8%-ით გაიზარდა. ეს რიცხვი გაიზარდა 2013 წელსაც. აღსანიშნავია, რომ 2005-2014 წლებში ბუნებრივი მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2008-2010 წლებში დაფიქსირდა (იხ. გრაფიკი 3).
გრაფიკი 3:
ბუნებრივი მატება
აქვე აღსანიშნავია, რომ 2014 წელს რეგისტრირებულ ქორწინებათა რიცხვი 9.1%-ით შემცირდა, ხოლო განქორწინებათა რიცხვი კი 27.5%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფოს მხრიდან გატარებულ ღონისძიებებს:
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ფიზიოლოგიური მშობიარობა 500 ლარის, ხოლო საკეისრო კვეთა 800 ლარის ფარგლებში. 2014 წლის 31 მარტს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა,რომელიც შობადობის მატერიალურ წახალისებას ითვალისწინებს. პროგრამის თანახმად, 2014 წლის 1 ივნისიდან ყოველ მესამე ან შემდგომ ახალშობილზე, ორ წლამდე, გაიცემა ფულადი დახმარება ბარში 150 ლარის, ხოლო მაღალმთიან რეგიონში 200 ლარის ოდენობით. პროგრამა ვრცელდება იმ რეგიონებზე, სადაც ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებლები არ დაფიქსირდა. კერძოდ, პროგრამა შემდეგ რეგიონებს შეეხო: გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი.
მიმდინარე წლის 16 აპრილს დიმიტრი ხუნდაძემ კვლავ დემოგრაფიულ მონაცემებზე ისაუბრა და განაცხადა,რომ "გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევის თანახმად, საქართველოს ევროპის მასშტაბით შობადობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს".
რამდენიმე დღის წინ გაეროს მოსახლეობის ფონდმა საქართველოს მოსახლეობის სიტუაციური ანალიზის (PSA) კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ, ცნობილი დემოგრაფის, დოქტორ რალფ ჰაკარტის ხელმძღვანელობით, 2014 წლის მეორე ნახევარში ჩატარდა. კვლევაში აღნიშნულია, რომ "საქართველოში შობადობის 2.0 კოეფიციენტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში". კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ შობადობის პრობლემა ამ ეტაპზე შედარებით ნაკლებად აქტუალურია და საქართველოში მნიშვნელოვანი დემოგრაფიული აღმასვლა მიმდინარეობს. თუმცა, კვლევაში აღნიშნულია, რომ უფრო უპრიანია შემუშავდეს შესაბამისი ღონისძიებები, რაც ქვეყნიდან ემიგრაციულ ნაკადებს შეაჩერებს. ამასთან, კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ "შობადობის ზრდის სახელმწიფო პროგრამის მიღება დაემთხვა პერიოდს, როცა შობადობის მაჩვენებელი ფაქტიურად თავისით გაიზარდა" (გვ. 7). დასკვნა 2014 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 6 700 ადამიანით გაიზარდა და 4 490 500 შეადგინა.ბოლო ორი წლის მანძილზე მართლაც გაიზარდა ბუნებრივი მატების მაჩვენებელი. ასევე, გაიზარდა ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა. ამასთან, ბოლო წლებში 1 წლამდე გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2014 წელს დაფიქსირდა. თუმცა, ასევე დაფიქსირდა ნეგატიური მაჩვენებლებიც. მაგალითად, 2014 წელს გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა, როგორც ამას თვითონ დიმიტრი ხუნდაძეც აღნიშნავს. 2014 წელს ასევე გაზრდილია მკვდრადშობადობის მაჩვენებელი.
აღსანიშნავია, რომ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ღონისძიებებიც გატარდა. მათ შორის, დაფინანსდა მშობიარობის ხარჯები. ასევე, მოხდა შობადობის მატერიალური წახალისება მესამე ან მომდევნო შვილზე პრობლემურ რეგიონებში, თუმცა, გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევის მიხედვით, მესამე და ყოველი მომდევნო შვილის გაჩენისთვის დაწესებული ბონუსები უფრო სიღარიბის შემცირების მექანიზმს წარმოადგენს.
დიმიტრი ხუნდაძე განცხადებისას სწორად ასახელებს სტატისტიკურ მონაცემებს. თუმცა, მისი განცხადების აქცენტი, რომ ქვეყანაში მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა იყო, რომელიც ბოლო ორ წელიწადში ხელისუფლების ძალისხმევით პოზიტიურად შეიცვალა, გადაჭარბებულია. ამასთან, 2005-2014 წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ დემოგრაფიული მაჩვენებლები პერიოდულად იცვლება, როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური კუთხით. მაგალითად, 2006-2009 წლებში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი მუდმივად იზრდებოდა, 2010-2012 წლებში კლების ტენდენცია დაფიქსირდა, ხოლო 2013 და 2014 წლებში კვლავ გაიზარდა. გარდაცვალების მაჩვენებელი კი, რომელიც 2012 და 2013 წლებში კლებას განიცდიდა, 2014 წელს (მცირედით) გაიზარდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.