საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, მთავრობის მიმართ გამოთქმული კრიტიკა უადგილოა, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებში საქართველოს ყველა რეფორმა და ხელისუფლების მიერ გატარებული კურსი მხარდაჭერილი და მოწონებულია.
ფაქტ-მეტრი ეკა ბესელიას ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ევროკავშირის შეფასებები ევროკავშირის 2014 წლის 27 მარტის რეზოლუციაში 2013წელს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები დადებითადაა შეფასებული. აღნიშნულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ნაკლებად დაძაბული და პოლარიზებული პოლიტიკური გარემოთი გამოირჩეოდა.
ასევე ნათქვამია, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დადებითი ნიშნები და ფრთხილი ნაბიჯები შეინიშნება სეპარატისტულ რეგიონებთან თანამშრომლობაშიც. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ჩართულობის სტრატეგიის განხორციელება გააგრძელა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უფრო შერბილებულად განხორციელებისთვის, ამ კანონში არსებული შემზღუდავი დებულებების გადასინჯვა არ მომხდარა.
რეზოლუციის კიდევ ერთი პოზიტიური ასპექტი რუსეთ-საქართველოს შორის დაწყებული დიალოგია. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ ახალი კანონების მიღებით სასამართლო ხელისუფლების მეტი ტრანსპარენტულობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ქვეყანაში პატიმართა რაოდენობა შემცირდა და ციხეებში არსებული პირობები გაუმჯობესდა. გარდა ამისა, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირმა საქართველოს სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსის უზრუნველყოფა, საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, სისხლის სამართლის დანაშაულის საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალედ, პოლიტიკური მოტივაციისგან დამოუკიდებლად წარმართვა და წინასწარი პატიმრობის, როგორც განსაკუთრებული ზომის გამოყენება შესთავაზა (4-5გვ).
ევროკავშირმა უარყოფითად შეაფასა ადგილობრივი თვითმმართველობებიდან და სამინისტროებიდან პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება.
ევროკავშირს შენიშვნები ჰქონდა მოსმენების შესახებ კანონპროექტის მიმართაც, რომელიც, ორგანიზაციის აზრით, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების პრევენციულ ზომებს არ შეიცავდა.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომზადებულ რეზოლუციაში,რომელიც 2014 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, ევროკავშირი ერთის მხრივ, საქართველოს მთავრობის მიერ სტაბილური, დამოუკიდებელი და დემოკრატიული ინსტიტუტების შესაქმნელად გატარებულ რეფორმებს მიესალმა, ამასთან, მეორეს მხრივ, კანონის უზენაესობისა და ეფექტური მმართველობის განმტკიცებისთვის მთავრობას სახელისუფლებო შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის (Checks and Balance) ეფექტიანი მექანიზმის დანერგვისკენ მოუწოდა.
ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას კვლავ მოუწოდა, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნა და დაკავება პოლიტიკური მოტივებისგან დამოუკიდებლად წარემართა.
2015 წლის 25 მარტს ევროკავშირმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ყოველწლიური ანგარიშიწარმოადგინა. ძალაუფლების შტოებს კონტროლისა და ბალანსის (Checks and Balance) ეფექტიანი მექანიზმის დანერგვა და სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა კვლავაც რჩება ევროკავშირის მოთხოვნად. განსხვავებით წინა ანგარიშისგან, ევროკავშირი საქართველოსგან პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებასა და ოპოზიციისთვის სათანადო პოლიტიკური სივრცის უზრუნველყოფასაც მოითხოვს.
ამავე კონტექსტში, მნიშვნელოვანია საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის 17 ნოემბრის განცხადებაც.როგორც მან აღნიშნა, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კუთხით მიღწევები აქვს, თუმცა დასძინა, რომ ქვეყანამ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწასთან დაკავშირებით ეუთოს რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს და შემდეგი არჩევნების ჩატარებამდე შესაბამისი ზომები მიიღოს. ამასთან, მოგერინიმ ხაზი გაუსვა პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და პოლარიზაციის თავიდან არიდების, ოპოზიციისთვის შესაბამისი სივრცისა და პარტიათა შორის დიალოგის უზრუნველყოფის აუცილებლობას.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შეფასება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შესახებ 2014 წლის 1 ოქტომბრის რეზოლუციაშიმიესალმა საქართველოს ხელისუფლების სურვილს, გაატაროს სრულმასშტაბიანი, საკონსტიტუციო და სასამართლო რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების დახვეწის მიზნით.
ამასთან, ევროსაბჭომ ნეგატიურად შეაფასა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ოპოზიციის წარმომადგენლებზე ზეწოლის შედეგად კანდიდატურების მოხსნის ფაქტები, რაც ევროპის საბჭოს ადამიანთა უფლებების ძირეულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ასევე, საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მთავრობას პოლიტიკური დევნისა და რევანშისტული ქმედებების თავიდან აცილებისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების პოლიტიკური ლიდერების დაკავება შერჩევითი სამართლის ელფერს ატარებს.
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 2014წლის 23 ივლისს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ მიღებულ შემაჯამებელ ანგარიშში საკანონმდებლო კუთხით არსებული როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ასპექტებია გამოყოფილი. კომიტეტი მიესალმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გადადგმულ ისეთ ნაბიჯებს, როგორებიცაა 2014-2020 წლებისთვის ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიის და 2014-2015 წლებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის დამტიცება. კომიტეტმა ასევე დადებითად შეაფასა საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბერს და 2007 წლის 27 სექტემბერს გამოცემული ბრძანებების ის მუხლები, რომლებიც ჰომოსექსუალებს სისხლის დონორობას უკრძალავდა, არაკონსტიტუციურად ცნო.
ასევე, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა გამოიძიოს წარსულში ჩადენილი დანაშაულები იმგვარად, რომ გამოძიებამ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ოპოზიციურად განწყობილი ლიდერების მიმართ პოლიტიკური შურისძიებისა და ანგარიშსწორების სახე არ მიიღოს. ამასთან, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ძალადობის შედეგად დაზარალებულებმა სამართლებრივი დახმარება და შესაბამისი კომპენსაცია მიიღონ.
ეუთოს შეფასება 2014 წლის 9 თებერვლის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OSCE/ODIHR) მონიტორინგის ანგარიშში საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე დაკვირვების შედეგად, საქართველოს სასამართლო სისტემაში გამოვლენილი ხარვეზების შესახებაა საუბარი.კერძოდ, ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგმა რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირა, რამაც სამართლიანი სასამართლოს პრინციპი შელახა.
ეუთოს ანგარიშში, მართალია, ტერმინი "შერჩევითი სამართალი" გამოყენებული არ არის, თუმცა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ეჭვი არაერთხელაა გამოთქმული.
აღსანიშნავია, რომ დასავლელი პარტნიორები მოქმედ ხელისუფლებას მიღწეული წარმატებების გარდა, პოლიტიკური კლიმატის გაუარესებისა და პოლიტიზირებული სამართლებრივი დევნის საფრთხეზეც მიუთითებენ. ფაქტ-მეტრი ამ თემაზე ადრეც წერდა.დასკვნა
როგორც კვლევამ აჩვენა, საერთაშორისო ორიგანიზაციების ანგარიშებში საქართველოს ხელისუფლების ცალკეული რეფორმები მართლაც დადებითად არის შეფასებული. თუმცა, ძალაუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის (Checks and Balance) ეფექტიანი მექანიზმის დანერგვა და სასამართლო სისტემის ტრანსპარენტულობა კვლავ პრობლემურ სფეროებად რჩება. საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები ასევე მიუთითებენ პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოზე, გაუარესებულ პოლიტიკურ კლიმატზე, პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოსა და შერჩევითი სამართლის საფრთხეებზე.
ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ეკა ბესელიას განცხადება არის მეტწილად მცდარი.