წლის 24 მარტს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა: "2004 წლის შემდეგ არ ყოფილა ასეთი დიდი ვარდნა იმ ადამიანთა რიცხვში, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება".
ფაქტ-მეტრი დეპუტატის ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები გააანალიზა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) 1983 წელს დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას 2003 წლიდან აწარმოებს.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვებიშემთხვევითი შერჩევის მეთოდით კეთდება. მთელი საქართველოს მასშტაბით საშუალოდ 1500, საარჩევნო ხმის უფლების მქონე რესპოდენტი შეირჩევა. კვლევის თითოეულ მონაწილესთან პირისპირ გასაუბრება ხდება. სპეციალურად მომზადებულ კითხვებზე რესპოდენტების მიერ გაცემული პასუხებით საზოგადოებრივი აზრის კვლევის საბოლოო შედეგები ყალიბდება. კვლევისას ცდომილების ალბათობა 3%-ს არ აღემატება.
IRI-ს კვლევის ერთ-ერთი მთავარი კითხვა შემდეგნაირად ჟღერს: როგორ ფიქრობთ, ზოგადად რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, სწორი თუ არასწორი? გიორგი კანდელაკი თავის განცხადებაში სწორედ ამ კითხვაზე მიღებული პასუხების შედეგად დაფიქსირებულ მონაცემებს გულისხმობდა.
2015წლის თებერვალში გამოკითხულთა 55% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 25% ქვეყნის კურსს დადებითად აფასებს, ხოლო 20%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
2012წლის ნოემბერში, კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მოსახლეობის უმრავლესობა (63%) ქვეყნის ზოგად განვითარებას დადებითად აფასებდა. დაახლოებით მსგავსი დინამიკა შენარჩუნდა 2013 (56%) და 2014 (48%) წელსაც. შესაბამისად, 2012 წლიდან დღემდე, იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება 38%-ით შემცირდა.
როგორც გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, მსგავსი ვარდნა 2004 წლის შემდეგ აღარ ყოფილა. 2004 წელს, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, მოსახლეობის 65% მიიჩნევდა, რომ ქვეყანა სწორი კურსით ვითარდებოდა. დაახლოებით მსგავსი ტენდენცია იყო 2005 წლის ივნისსა და (65%), ამავე წლის ოქტომბერშიც (50%).
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, პირველად 2006 წლის აპრილში დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც გამოკითხული რესპონდენტების ნახევარზე მეტი (51%) ქვეყნის განვითარების კურსს ნეგატიურად აფასებდა. 39% კი, ფიქრობდა, რომ ქვეყანა სწორად ვითარდებოდა, ხოლო 10%-ს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. 2015 წლის მსგავსად, 2006 წელს ("ვარდების რევოლუციის" შედეგად ხელისუფლებაში მოსული გუნდის ორწლიანი მმართველობის შემდეგ), იმ გამოკითხულთა რიცხვი, ვინც ქვეყნის განვითარებას დადებითად აფასებდა 26%-ით შემცირდა.
2006-2008წლებში ქვეყნის განვითარების კურსის მომხრეთა მაჩვენებელი 36-47%-ის ფარგლებში მერყეობდა. რაც შეეხება 2009 წელს, 2008 წლის სექტემბერთან შედარებით, იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, 47%-დან 26%-მდე (21%-ით) დაეცა.
2009წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ჩათვლით, ზემოთ განხილული მაჩვენებელი შედარებით სტაბილური იყო და 41-63%-ის ფარგლებში მერყეობდა.
გრაფიკი 1:
IRI-ს გამოკითხვის შედეგები ქვეყნის ზოგადი კურსის შესახებ (2004-2015 წლები)
წყარო: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI)
დასკვნა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 55% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 25% ქვეყნის კურსს დადებითად აფასებს, ხოლო 20%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მოსახლეობის უმრავლესობა (63%) ქვეყნის ზოგად განვითარებას დადებითად აფასებდა. შესაბამისად, 2012 წლიდან დღემდე, იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება 38%-ით შემცირდა.
თუმცა, მსგავსი მონაცემის კლება დაფიქსირდა წინა ხელისუფლების დროსაც. 2006 წელს, იმ გამოკითხულთა რიცხვი, ვინც ქვეყნის განვითარებას დადებითად აფასებდა 2004 წელთან შედარებით 26%-ით შემცირდა. ასევე, 2009 წელსაც, 2008 წლის სექტემბერთან შედარებით, იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, 47%-დან 26%-მდე (21%-ით) დაეცა. მართალია ზემოთ ნახსენები კლების ტენდენცია მიმდინარე წლის 38%-იან ვარდნას ჩამორჩება, თუმცა საკმაოდ მაღალია.
სტატიაში განხილული გარემოებების საფუძველზე, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ გიორგი კანდელაკის განცხადება: "2004 წლის შემდეგ არ ყოფილა ასეთი დიდი ვარდნა იმ ადამიანთა რიცხვში, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება", არის სიმართლე.