წლის 24 მარტს, რუსთავი 2-ის ეთერში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის კომენტირებისას, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა: "ძალიან გულსატკენია, რომ თავდაცვის უწყებისა და ჯარის მიმართ ნდობამ იკლო".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და 2007-2015 წლებში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები გააანალიზა (იხ. IRI-ის კვლევები: 31.08-10.09.2007; 23.09-01.10.2008; 21.02-03.03.2009; 04-13.03.2010; 27.09-07.10.2010; 26.04-04.05.2011; 27.10-11.11.2011; 26.06.-04.07.2012; 09-21.11.2012; 18-27.02.2013; 17.05-02.06.2013; 19.02-13.03.2014; 03-28.02.2015).საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) 1983 წელს დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას 2003 წლიდან აწარმოებს.
გამოკითხვები შემთხვევითი შერჩევის მეთოდით კეთდება. მთელი საქართველოს მასშტაბით 18 წლის ზემოთ, ხმის მიცემის უფლების მქონე 1 500 რესპოდენტი შეირჩევა. კვლევა თითოეულ მონაწილესთან პირისპირ გასაუბრების საფუძველზე მზადდება. სპეციალურად შედგენილ კითხვებზე რესპოდენტების მიერ გაცემული პასუხებით საზოგადოებრივი აზრის კვლევის საბოლოო შედეგები ყალიბდება. კვლევაში ცდომილების ალბათობა 3%-ს არ აღემატება.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის ერთ-ერთ მიმართულებას სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუტებისადმი საზოგადოების ნდობის შეფასება წარმოადგენს, რომლის შესახებაც გამოკითხვებს ორგანიზაცია 2007 წლიდან აწარმოებს.
გრაფიკი 1:
საზოგადოების დამოკიდებულება ჯარის მიმართ IRI-ს კვლევის მიხედვით (2007-2015 წწ.)
როგორც კვლევების შედეგებიდან ჩანს, 2007 წელს ქართულ ჯარს დადებითად გამოკითხულთა 86% აფასებდა, რაც 2008 წელს 92%-მდე გაიზარდა. 2009 წელს კი, ჯარისადმი კეთილგანწყობილ ადამიანთა რაოდენობა 13%-ით შემცირდა და 9 წლიან პერიოდში ამ ინსტიტუტისადმი საზოგადოების ნდობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გამოავლინა, თუმცა 2010-2011 წლებში ჯარისადმი დადებითად განწყობილთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა.
2012წლის საპარლამენტო არჩევნების და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, იმავე წლის ნოემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის პირველი კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ ნდობის მაჩვენებელი 2%-ით გაიზარდა (91%), ხოლო მათი რაოდენობა, ვინც უწყების მუშაობას უარყოფითად აფასებდა, 3%-ით შემცირდა (3%). მომდევნო, 2013 წლის თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით კი, ჯარისადმი დადებითად განწყობილი საზოგადოების პროცენტული მაჩვენებლი იგივე დარჩა, თუმცა, კიდევ უფრო შემცირდა ამ ინსტიტუტის მიმართ უარყოფითად განწყობილთა პროცენტული მონაცემი და მან 1% შეადგინა. 2014 წელს ჯარისადმი ნდობამ კვლავ მოიმატა და გამოკითხულთა 93%-მა ის დადებითად შეაფასა.
რაც შეეხება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ 2015 წლის დასაწყისში ჩატარებულ ბოლო კვლევას, ჯარისადმი საზოგადოების ნდობა 87%-მდე დაეცა, რაც 2014 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით, 6%-ით ნაკლებია. ამასთან, 5%-ით გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ქართული ჯარის მუშაობას უარყოფითად აფასებს. ნდობის მაჩვენებლის ასეთი ვარდნა, მხოლოდ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2009 წლის კვლევებში გამოვლინდა.
ასევე, აღსანიშნავია, რომ 2007-2015 წლებში, საზოგადოებრივი გამოკითხვებით, იმ ინსტიტუტთა შორის, რომელსაც საზოგადოება ყველაზე მეტად ენდობა, ეკლესიის შემდეგ მეორე ადგილს ძირითადად ჯარი იკავებდა. მხოლოდ 2011 წლის (აპრილი-მაისი) კვლევის შედეგებში ჯარს ნდობის მაჩვენებლით პოლიცია უსწრებდა (1%-ით). ბოლო, 2015 წლის მონაცემებითაც, მიუხედავად საზოგადოების კეთილგანწყობის მაჩვენებლის შემცირებისა, სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის სანდოობის მხრივ ჯარი კვლავ მეორე ადგილს ინარჩუნებს.
დასკვნასაერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო, 2015 წლის თებერვალში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჯარისადმი საზოგადოების ნდობის მაჩვენებელი წინა გამოკითხვის (14.02.2014) შედეგებთან შედარებით 6%-ით შემცირდა და 87% შეადგინა.
ზოგადად, 2007-2015 წლებში, IRI-ს კვლევების თანახმად, ჯარისადმი მოსახლეობის კეთილგანწყობა მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ წინა წელთან შედარებით, ჯარის ნდობის ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი 2009 წელს (79%) გამოვლინდა.
მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით, 2015 წლის გამოკითხვის თანახმად ჯარს გამოკითხულთა 6%-ით ნაკლები ენდობა, აღნიშნული ინსტიტუტი მოსახლეობის კეთილგანწყობის მაჩვენებლით ეკლესიის შემდეგ კვლავ მეორე ადგილს ინარჩუნებს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ალასანიას განცხადება: "ძალიან გულსატკენია, რომ თავდაცვის უწყებისა და ჯარის მიმართ ნდობამ იკლო", არის სიმართლე.