იტვირთება

მიმდინარე წლის 12 მარტს, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა,

რომ მიუხედავად ლარის გაუფასურებისა, ქართული ვალუტა ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში გამყარდა, რაც ლარის გაუფასურების შედეგად ექსპორტის წახალისების ეფექტს არ გვაძლევს.

ფაქტ-მეტრმა მინისტრის ეს განცხადება გადაამოწმა.

ჩვენ, პირველ რიგში, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან ლარის კურსის ცვლილება განვიხილეთ. ამ მიზნით, ერთმანეთს 2014 წლის 12 მარტის და 2015 წლის 12 მარტის (მინისტრის განცხადების თარიღი) ლარის კურსი შევადარეთ.

ვალუტა

კურსი 12/03/2014

კურსი 12/03/2015

ცვლილება %

გაუფასურება (წითელი) გამყარება (მწვანე)

1 მანათი (აზერბაიჯანი)

2.21

2.09

5.6

1000 დრამი (სომხეთი)

4.19

4.53

8.1

100 რუბლი (რუსეთი)

4.77

3.48

27.0

1 ლირა (თურქეთი)

0.78

0.83

6.3

1 დოლარი (აშშ)

1.74

2.19

25.7

1 ლევი (ბულგარეთი)

1.23

1.18

4.3

10 გრივნა (უკრაინა)

1.88

1.02

46.0

10 იუანი (ჩინეთი)

2.83

3.49

23.2

100 იენი (იაპონია)

1.68

1.80

7.1

1 ევრო

2.41

2.31

4.0

როგორც ვხედავთ, 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორიდან, ბოლო წლის განმავლობაში, ხუთი ქვეყნის ვალუტასთან ლარი გამყარდა, ხოლო ხუთთან გაუფასურდა. რუსულ რუბლთან და უკრაინულ გრივნასთან მიმართებით ლარი საგრძნობლად გამყარდა, რაც რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა განაპირობა. კურსი გამყარებულია მთავარ საექსპორტო პარტნიორთან - აზერბაიჯანთანაც. ქართული ვალუტა ასევე მნიშვნელოვნად გაუფასურდა ჩინურ იუანთან და აშშ დოლართან. შედარებით მცირე გაუფასურება მოხდა იაპონურ იენთან, სომხურ დრამთან და თურქულ ლირასთან.

10

უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის მიმართ ლარის კურსის ცვლილებას საქართველოს ეროვნული ბანკი ე.წ. ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის მეთოდოლოგიით ანგარიშობს, რომელიც ძირითადი საგარეო პარტნიორების მიმართ ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ინდექსების შეწონილ საშუალო მაჩვენებელს წარმოადგენს. 2014 წლის 12 მარტთან შედარებით, 2015 წლის 12 მარტს ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 7.2% პუნქტით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ლარის ნომინალური ეფექტური კურსი გამყარდა.

ვალუტის კურსის გაუფასურება ხელს უწყობს ექსპორტს და პირიქით, ამცირებს იმპორტს, რაც საბოლოოდ სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. მაგალითად: ქართული ღვინის ექსპორტიორს 1 ბოთლი ღვინის წარმოება უჯდება 10 ლარი და სურს, რომ 2 ლარის მოგების მიზნით, ის 12 ლარის ექვივალენტ დოლარებში გაყიდოს. დავუშვათ, რომ 1 დოლარი 1.5 ლარი ღირდა. ამ დროს, ექსპორტიორი საზღვარგარეთ 1 ბოთლ ღვინოს 8 დოლარად (8x1.5) გაყიდდა და ეს 12 ლარი იქნებოდა. თუ ლარის კურსი 1$=2 ლარამდე დაეცემა, მაშინ ექსპორტიორს შეეძლება იგივე 12 ლარის მისაღებად 1 ბოთლი ღვინო 6 დოლარად გაყიდოს. შესაბამისად, ფასის გაიაფება ექსპორტის ზრდას გამოიწვევს.

თუმცა, ქვეყნის ექსპორტზე გავლენა არა ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსს, არამედ რეალურ გაცვლით კურსს აქვს. რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი ქვეყნებს შორის პროდუქციის ფასების სხვაობას ითვალისწინებს. მაგალითად, თუ ლარის კურსი 1 აშშ დოლარის მიმართ 2 ლარია, მაგრამ აშშ-ში პროდუქციაზე ფასები 2-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში, მაშინ რეალური სავალუტო კურსი 1-ის ტოლი იქნება. აქედან გამომდინარეობს, რომ თუ ლარის კურსი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან გაუფასურდება, ეს ქართულ ექსპორტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ საქართველოში არ იქნება მაღალი ინფლაცია.

სავაჭრო პარტნიორებთან ექსპორტზე ვალუტის კურსის გავლენა რეალური გაცვლითი კურსის მიხედვით უნდა შეფასდეს. ეროვნული ბანკი რეალური გაცვლითი კურსის სტატისტიკას 4 ვალუტის მიმართ (ლირა, რუბლი, ევრო და დოლარი) აწარმოებს. ბოლო ერთ წელიწადში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.8% პუნქტით გამყარდა.

ვინაიდან ვალუტის გაცვლითი კურსი 2014 წლის მარტის დასაწყისიდან 2015 წლის მარტის დასაწყისამდე განვიხილეთ, შესაბამისად, ქვეყნებში ექსპორტის მოცულობაც სწორედ ამ პერიოდის მიხედვით უნდა გავაანალიზოთ.

ქვეყანა

წილი ექსპორტში

ექსპორტი 2014 იანვარი-თებერვალი (მლნ დოლარი)

ექსპორტი 2015 იანვარი-თებერვალი (მლნ დოლარი)

ცვლილება %

აზერბაიჯანი

23.0%

74.5

45.9

-38.4

თურქეთი

10.4%

33.8

26.0

-23.2

აშშ

10.3%

33.5

23.8

-29.1

ბულგარეთი

9.5%

30.9

22.4

-27.4

სომხეთი

12.4%

40.1

19.5

-51.3

იტალია

2.9%

9.4

18.6

96.6

გერმანია

2.4%

7.8

15.7

101.9

ჰოლანდია

1.3%

4.1

15.7

282.4

რუსეთი

13.5%

43.6

15.6

-64.2

ჩინეთი

1.2%

3.9

14.5

271.0

2015

წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტი წინა წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 26.4%-ით (116 მილიონი დოლარით) შემცირდა. როგორც ცხრილიდან ჩანს, საქართველოს ექსპორტი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი 10 ქვეყნიდან, ექვს მათგანთან (აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, თურქეთი, აშშ, ბულგარეთი) შემცირდა. ამათგან, ლარი მხოლოდ სამი ქვეყნის ვალუტასთან (რუსეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი) გამყარდა, ხოლო დანარჩენი სამი ქვეყნის ვალუტასთან (სომხეთი, აშშ, თურქეთი) კი გაუფასურდა.

რეალურად, ვალუტის კურსის ცვლილების გარდა, ექსპორტის შემცირებაზე ბევრი სხვა ფაქტორიც ახდენს გავლენას. მათ შორის, დიდი გავლენა აქვს რუსეთის ეკონომიკურ კრიზისს, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და აზერბაიჯანის კანონს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის შეზღუდვაზე. ფაქტ-მეტრი ექსპორტის კლების მიზეზებზე უკვე წერდა.

დასკვნა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ლარი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი 10 ქვეყნის ვალუტებიდან ხუთთან გამყარდა, ხოლო ხუთთან გაუფასურდა. ჯამში, ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი გამყარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარის გაუფასურების შედეგად, საქართველოს სავაჭრო პირობები არ გაუმჯობესებულა. თუმცა, 3 ქვეყანასთან (სომხეთი, აშშ, თურქეთი), რომელთა ვალუტების მიმართაც ლარი გაუფასურდა, ექსპორტი მაინც მნიშვნელოვნად შემცირდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება: "ლარი გამყარდა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან, რაც არ გვაძლევს ექსპორტის წახალისების ეფექტს", არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი