მიმდინარე წლის 23 მარტს, ფაქტ-მეტრის სერვისის, "შეამოწმე შენი ფაქტის" ფარგლებში, ჩვენმა მკითხველმა უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით კითხვით მოგვმართა. კერძოდ, მან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ზურაბ ტყემალაძის განცხადების გადამოწმება გვთხოვა.

ზურაბ ტყემალაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: "მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ყველას შეუძლია შეიძინოს მიწის ნაკვეთები, ყველანაირი შეზღუდვის გარეშე, თუნდაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს თუ ბანკებს".

ფაქტ-მეტრმა გადაამოწმა, რამდენად შეესაბამება აღნიშნული განცხადება სიმართლეს.

"სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში ინიცირებული ცვლილებები პარლამენტში განსახილველად 2014 წლის 29 დეკემბერს შევიდა. ინიცირებული კანონპროექტი ჯერ კიდევ საკომიტეტო მოსმენების ეტაპზეა. იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტროების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი უცხოელის მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების საკითხს შემდეგნაირად არეგულირებს:

  • უცხოელს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობის უფლება აქვს, თუ მას აქვს ბინადრობის ნებართვა, მემკვიდრეობით მიიღო აღნიშნული ქონება, იქორწინებს საქართველოს მოქალაქეზე, ან გახდება კომლის წევრი (ამასთან, თუ უცხოელი განქორწინდება, კომლიდან გავა, ან დაკარგავს ბინადრობის ნებართვას, იგი ვალდებულია ექვსი თვის ვადაში გაასხვისოს მიწა);

  • უცხოელ ფიზიკურ პირს მინიმუმ 5, ხოლო მაქსიმუმ 20 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა შეუძლია;

  • უცხოელი მოქალაქის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს მინიმუმ 20, ხოლო მაქსიმუმ 200 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო მიწის შეძენის უფლება აქვს;

  • საქართველოს ხუთკილომეტრიან სასაზღვრო ზონაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელზე გასხვისება დაუშვებელია.

იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები უცხოელების მიერ მიწის შესყიდვის საკითხს ეხება, ზურაბ ტყემალაძის განცხადებაც სწორედ ამ კონტექსტს გულისხმობს. როგორც დეპუტატი აცხადებს, მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ყველას [უცხოელს] შეუძლია შეისყიდოს მიწა, ყველანაირი შეზღუდვის გარეშე, მათ შორის კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. შესაბამისად, მისი აზრით, რეგულაციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს. ის ასევე არ ემხრობა ისეთი ინსტიტუტებისთვის გამონაკლისის დაწესებას, როგორიცაა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ბანკები.

აღნიშნული ცვლილებების შესახებ დეპუტატის ეს მოსაზრება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტისთვისაც მისაღები აღმოჩნდა. კომიტეტი კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიაზე მუშაობს, სადაც დამატებით ისეთი მოთხოვნებია გათვალისწინებული, როგორებიცაა მიწაზე მუშაობის გამოცდილება, საინვესტიციო პროგრამა და ა.შ. როგორც უკვე ვთქვით, კომიტეტს იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებები არასაკმარისად მკაცრად მიაჩნია.

როგორც აღვნიშნეთ, უცხოელის მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრების მოპოვების რამდენიმე გზა არსებობს: 1) ბინადრობის ნებართვა, 2) ქორწინება, 3) კომლში შესვლა. ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელი ვალდებულია გართულებული პროცედურები გაიაროს. აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრი არაერთხელ წერდა (იხ. ბმული 1, ბმული 2).

ასევე საინტერესოა, თუ როგორ ხდება კომლში შესვლა ან კომლიდან გამოსვლა. კომლში შესვლა-გამოსვლის საკითხი საბჭოთა კანონმდებლობით რეგულირდებოდა. დღესდღეობით, მას შემდეგ რაც კოლექტიური საკუთრების ცნება გაუქმდა, მესაკუთრე შეიძლება იყოს არა კომლი (პირთა ერთიანობა), არამედ თითოეული ინდივიდი (ფიზიკური პირი). მართალია, ტერმინი "კომლი" სხვადასხვა კანონში ჯერ კიდევ შემორჩენილია, თუმცა არცერთ კანონში ან კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში რეალური პროცედურა, თუ როგორ ხდება კომლში შესვლა, გამოსვლა, რომელი ორგანო არეგისტრირებს კომლში შემავალ პირებს და ა.შ. აღწერილი არაა. შესაბამისად, ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ უცხოელს კომლში შესვლით შეუძლია სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრების მოპოვება, შინაარსსმოკლებულია და ვერ იმოქმედებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თუ უცხოელი განქორწინდება, დაკარგავს ბინადრობის ნებართვას, ან გამოვა კომლიდან, ის ვალდებულია მის მიერ კანონიერი საფუძვლით შეძენილი ქონება გაასხვისოს. 2012 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მსგავსი ნორმა, რომელიც უცხოელის მიერ მემკვიდრეობით მიღებული ქონების ექვსი თვის ვადაში სავალდებულო გასხვისებას ითვალისწინებდა არაკანონიერად გამოაცხადა. სასამართლომ მიუთითა, რომ უკვე არსებული საკუთრების გასხვისების ვალდებულება, უფლების შეზღუდვის ძალიან მძიმე ფორმაა, რადგან ამ შემთხვევაში უკვე არსებობს მნიშვნელოვანი სამართლებრივი კავშირი პირსა და ქონებას შორის. მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი სწორედ ანალოგიურ არაკონსტიტუციურ შეზღუდვას ითვალისწინებს, რაც უცხოელს კანონიერი საფუძვლით მოპოვებულ ქონებაზე საკუთრების უფლებას ართმევს.

ნათელია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვა ყველა უცხოელს არ შეუძლია, როგორც ამას ზურაბ ტყემალაძე აცხადებს. გარდა ამისა, ასევე საინტერესოა, თუ რა შეზღუდვებია დაწესებული იმ პირებზე, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაში არსებობის უფლება აქვთ. უცხოელი ფიზიკური პირისთვის მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 20, ხოლო იურიდიული პირისთვის მინიმუმ 20 და მაქსიმუმ 200 ჰექტარი მიწის საკუთრებაში ქონის უფლებაა განსაზღვრული. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი მცირე რაოდენობით, მაგალითად სხვადასხვა პირისგან 2-2 ჰექტარ მიწას ყიდულობს, ის საქართველოს კანონის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. პირველ რიგში, აღნიშნული მიწები საქართველოს მოქალაქეზე ისე უნდა გადაფორმდეს, რომ მისმა საერთო ფართობმა მინიმუმ 5 ჰექტარი შეადგინოს, ხოლო შემდეგ მოხდეს მისი უცხოელისთვის მიყიდვა. კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებული არაა, როგორ და რის საფუძველზე მოხდა აღნიშნული კვოტების განსაზღვრა.

დასკვნა

"სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები უცხოელის მიერ საკუთრების შეძენის გარკვეულ პირობებს ითვალისწინებს. მართალია, კანონპროექტი ამ ეტაპზე კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის გამონაკლისს ითვალისწინებს და მათ სასოფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვა შეუზღუდავად შეუძლიათ, თუმცა სხვა უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის მკაცრ შეზღუდვებს აწესებს.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ზურაბ ტყემალაძის განცხადება: "მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ყველას [უცხოელს] შეუძლია შეიძინოს მიწის ნაკვეთები, ყველანაირი შეზღუდვის გარეშე", არის მეტწილად მცდარი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია