მიმდინარე წლის 19 მარტს, ჰიდროენერგეტიკული პროექტის - "შუახევიჰესის" დაფინანსების საბოლოო ფაზის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. პროექტის მშენებლობას ინდური Tata Power-ისა და ნორვეგიული Clean Energy Invest-ის მიერ დაფუძნებული ერთობლივი საწარმო - "აჭარისწყალი საქართველო", მდინარე აჭარისწყალზე და მისი შენაკადების გასწვრივ ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ Tata Power-ის წლიური ბრუნვა 180 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ხელშეკრულებას ხელი ზემოთხსენებული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ მოაწერეს.
ხელმოწერის დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ "შუახევიჰესის" პროექტში საქართველოს 600 მოქალაქეა დასაქმებული. "ეს, პირველ რიგში, დადებითად აისახება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტზე. პროექტის დასრულების შემდეგ, შენატანი მაქსიმუმს მიაღწევს და მხოლოდ ამ პროექტიდან, ჩვენი გათვლებით, ყოველწლიურად 2 მილიონ ლარზე მეტი შევა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში" - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ფაქტ-მეტრი პრემიერის განცხადების იმ ნაწილის სიზუსტით დაინტერესდა, სადაც ის პროექტის განხორციელების ფარგლებში დასაქმებულების რიცხვს ასახელებს.
როგორც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და "აჭარისწყალი საქართველო"აცხადებენ, "შუახევიჰესი" საქართველოს ენერგოსისტემაში ყველაზე დიდი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტია, ჯამური ღირებულებით 400 მლნ აშშ დოლარი.
პროექტის განხორციელების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) 250 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მოიზიდა. ამ ინვესტიციიდან, 90 მლნ აშშ დოლარი აზიის განვითარების ბანკმა (ADB), 90 მლნ აშშ დოლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), ხოლო 70 მლნ აშშ დოლარი კი IFC-მა გამოყო. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, "შუახევიჰესის" სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 290 მლნ დოლარს შეადგენს.
"შუახევიჰესის" მშენებლობის ნებართვა 2013წლის 31 ივლისს გაიცა. მშენებლობა 2014 წლის 9 მარტს დაიწყო. მისი დასრულების თარიღად 2017 წლის 9 ნოემბერია მითითებული, ხოლო ექსპლუატაციაში გაშვება კი 2018 წლის 9 იანვარს იგეგმება.
"შუახევიჰესი" ორი დამოუკიდებელი ჰესის (187 მეგავატი საერთო დადგმული სიმძლავრით) მშენებლობას და ოპერირებას ითვალისწინებს.პროექტით მდ. აჭარისწყალზე, მდ. სხალთასა და მდ. ჩირუხისწყალზე ორი კაშხლისა და ერთი დამბის მოწყობაა გათვალისწინებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის განმახორციელებელი - "აჭარისწყალი საქართველო" რეგიონის გრძელვადიან განვითარებაში სოციალურ პასუხისმგებლობასაც იღებს და ამისთვის 6 მლნ ლარს გამოყოფს. ეს თანხა ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობით განსაზღვრულ, პრიორიტეტულ სოციალურ პროექტებზე დაიხარჯება. მაგალითად, მიმდინარე წლის თებერვალში ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში (პროექტის მშენებლობის არეალში) მცხოვრები რვა სტუდენტი დაფინანსდა. ასევე, განხორციელდა საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების რეაბილიტაციაც.როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროექტი დადებითად აისახება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზეც და მისი მშენებლობის დასრულების შემდეგ ყოველწლიური შენატანი 2 მილიონ ლარს გადააჭარბებს. პროექტის დასრულების შემდგომ, კომპანია, ყოველწლიურად, მოგების გადასახადის სახით (10%), ადგილობრივ ბიუჯეტში რამდენიმე მილიონ ლარს შეიტანს.
რაც შეეხება საწარმოს მიერ "შუახევიჰესის" მშენებლობაზე საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულია, რომ "შუახევიჰესის" მშენებლობაზე, 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 407 ადგილობრივი მაცხოვრებელი (ამათგან 271 შუახევიდან, ხოლო 136 ადამიანი ხულოდან) იყო დასაქმებული. 2015 წლის თებერვლის მონაცემებით, საწარმოს 561 საქართველოს მოქალაქე ჰყავდა დასაქმებული.მოცემული მომენტისთვის კი, საწარმოს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, "შუახევიჰესის" მშენებლობაზე 600 ადამიანია დასაქმებული.
დასკვნა "შუახევიჰესი" კერძო საერთაშორისო საინვესტიციო პროექტია, რომელიც ექსპლუატაციაში 2018 წლის დასაწყისში უნდა შევიდეს. პროექტის მშენებლობა მდინარე აჭარისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
ენერგეტიკის სამინისტროსა და პროექტის განმახორციელებელი საწარმოს - "აჭარისწყალი საქართველოს" მიერ მოწოდებული ინფორმაციით, "შუახევიჰესის" მშენებლობაზე საქართველოს 600 მოქალაქეა დასაქმებული. აქედან, შუახევიდან 278, ხოლო ხულოდან კი 209 ადამიანი (დანარჩენი 113 პირი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებს წარმოადგენენ). შესაბამისად, დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებელია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: "შუახევიჰესის" პროექტში დასაქმებულია 600 ჩვენი მოქალაქე და მათი უმრავლესობა აჭარის მაღალმთიანი რეგიონის მკვიდრია", არის სიმართლე.