"დღემდე არ ვიცით, რეალურად თუ ვიღებთ იმ 40%-ს, რომელიც თავის დროზე 60-40%-ზე გადანაწილებით გვეკუთვნის. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, გვაქვს თუ არა შესაძლებლობა რეალურად ვიმუშაოთ ამ მოცულობით. პრეზიდენტმა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა და მთელმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები იმ დოკუმენტების შესამუშავებლად, რომლებიც ენგურჰესის საკუთრების საკითხს გადაწყვეტენ. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა და სწრაფად ვერ გადაწყდება, თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ. ის, რაც ჩვენს ტერიტორიაზეა, აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს".
ზემოაღნიშნულ განცხადებას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ უპასუხა: "იყო შემთხვევები, როდესაც ელექტროენერგიის ენგურჰესის სადგურიდან მიწოდების მხრივ პრობლემები შეიქმნა და ჩვენ რუსეთის ფედერაციიდან ვყიდულობდით ელექტროენერგიას, რომელიც ძალიან ძვირი გვიჯდებოდა, მაგრამ იმისთვის, რომ აფხაზეთი არ ჩაბნელებულიყო, რუსეთიდან ვაწვდიდით ელექტროენერგიას და მომავალშიც ალბათ ასე გაგრძელდება".
ფაქტ-მეტრი კახა კალაძის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
ენგურის ჰიდროელექტროსადგური საქართველოში ყველაზე დიდი ჰესია. მისი მშენებლობა 1961-1978 წლებში მიმდინარეობდა. ეს არის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი და აგრეთვე ვარდნილჰესი. ენგურჰესის კაშხალი წალენჯიხის რაიონში, დაბა ჯვარშია, ელექტროსადგური კი – სოფელ საბერიოში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
საპროექტო მონაცემებით, ენგურჰესი წელიწადში 4.5 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიას უნდა გამოიმუშავებდეს, თუმცა, ჰიდროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, მისი მაქსიმალური გამომუშავება 4 მლრდ კვტ/სთ-ია. ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 40-45% ენგურჰესზე მოდის. საქართველოს მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წელიწადში დაახლოებით 8 მლრდ კვტ/სთ-ია. ენგურჰესიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილების შემდეგ, დანარჩენი საქართველოსთვის მიწოდებული ელექტროენერგია საქართველოს საერთო მოხმარების დაახლოებით 25-30%-ს შეადგენს.
საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის, რევაზ არველაძის განცხადებით: "ენგურჰესის სამანქანო დარბაზი ოკუპირებული აფხაზეთის მხარეს, სოფელ საბერიოშია და იქიდან ელექტროენერგია 500 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზით [დანარჩენი] საქართველოსკენ მოდის, ხოლო 220-კილოვოლტიანით კი – ოკუპირებული მხარისკენ. დაახლოებით 15 წლის წინ სიტყვიერი მოლაპარაკებებით გადაწყდა, რომ ენგურჰესის გამომუშავებული ენერგიის 40%-ს აფხაზეთის მხარე მიიღებდა, 60% კი საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას მოხმარდებოდა. რეალურად, 10%-ზე მეტი არ ეკუთვნით. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ფონდების 35% იქით მხარეს არის, ელექტროენერგია მდინარე ენგურის წყლით გამომუშავდება, რომელიც ჩვენს მხარესაა".
იმის გასარკვევად, თუ რა სიხშირით იქმნებოდა პრობლემები ენგურჰესზე, რა საფასურს ვიხდიდით რუსეთიდან ექსპორტირებულ ელექტროენერგიაში და ხდებოდა თუ არა აღნიშნული ელექტროენერგიის აფხაზეთის მოსახლეობისთვის მიწოდება, ფაქტ-მეტრმა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიმართა. აღნიშნული უწყებიდან მიღებული საპასუხო წერილისთანახმად, 2013 წლიდან დღემდე ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მხრიდან ელექტროენერგიის მიწოდებაზე პრობლემა მხოლოდ ერთხელ შეიქმნა და ისიც რამდენიმე საათის განმავლობაში.
ენერგეტიკის სამინისტროს მირ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის ფედერაციიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მაჩვენებელი ასეთია:
იმპორტი | რუსეთიდან | აზერბაიჯანიდან | სომხეთიდან | სულ (მლნ კვტსთ) |
2013 წ. | 460.547 | 23.560 | 0.001 | 484.108 |
2014 წ. | 607.0 | 184.2 | 2.1 | 793.3 |
იმპორტირებული ელექტროენერგიის აფხაზური მხარისთვის მიწოდების თაობაზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ზოგადი ჩანაწერით შემოიფარგლა: "საჭიროების მიხედვით ხორციელდება რუსეთის ფედერაციისაგან ნაყიდი ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის".
სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის შეძენასთან დაკავშირებულ პროცედურებს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი ახორციელებს. ფაქტ-მეტრმა აღნიშნულ სააქციო საზოგადოებას წერილით მიმართა. მათი პასუხისთანახმად, იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი კონტრაქტორი კომპანიების მოთხოვნით კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს.
დასკვნა 2013წლიდან დღემდე, ელექტროენერგიის ენგურჰესის სადგურიდან მიწოდების მხრივ პრობლემა მხოლოდ ერთხელ შეიქმნა. რაც შეეხება იმპორტირებულ ელექტროენერგიას, იმპორტის მოცულობის უდიდესი წილი როგორც 2013, ასევე 2014 წელს, რუსეთის ფედერაციაზე მოდიოდა. ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციისაგან ნაყიდი ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის საჭიროების მიხედვით ხორციელდებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლის შემდეგ, ენგურჰესზე შექმნილი პრობლემის გამო, ასეთი საჭიროება შესაძლოა მხოლოდ ერთხელ დამდგარიყო.
რაც შეეხება ელექტროენერგიის ფასს, საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის ინფორმაციით, იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს. შესაბამისად, შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რამდენად სწორია კახა კალაძის განცხადების ის ნაწილი, სადაც ის რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული ელექტროენერგია სიძვირეზე საუბრობს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.