მიმდინარე წლის 3 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: "ეკონომიკა იზრდება დაახლოებით ორჯერ უფრო ნელა, ვიდრე 2012 წლამდე იზრდებოდა. ბოლო 3 წელიწადში საქართველოს ეკონომიკამ 4 მილიარდ ლარზე მეტი დაკარგა".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ქვეყნის ეკონომიკის ზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილების მიხედვით განისაზღვრება, რაც ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საზღვრებში წარმოებული მთლიანი საბოლოო პროდუქციისა და მომსახურების საერთო ღირებულებას გულისხმობს.
2014 წელს, მთავრობის პროგნოზით, მშპ-ის 5%-იანი ზრდა იყო დაგეგმილი. წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, მშპ-ის რეალურმა ზრდამ 4.7% შეადგინა. მთავრობის პროგნოზის მიხედვით, 5%-იანი ზრდა იყო დაგეგემილი 2015 წელსაც, თუმცა ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 2%-ის ფარგლებში იქნება. მშპ-ის ზრდის პროგნოზის ცვლილების გამო შეიცვლება ბიუჯეტიც.
ჩვენ გადავამოწმეთ, თუ როგორი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ეკონომიკა 2004 წლიდან დღემდე.
ცხრილი 1:
საქართველოს მშპ-ის ზრდის ტემპი 2004 – 2015 წლებში
წლები | მშპ-ის ზრდის ტემპი |
2004 | 5.9% |
2005 | 9.6% |
2006 | 9.4% |
2007 | 12.6% |
2008 | 2.6% |
2009 | -3.7% |
2010 | 6.2% |
2011 | 7.2% |
2012 | 6.4% |
2013 | 3.3% |
2014 | 4.7% (წინასწარი მაჩვენებელი) |
2015 | 2% (საპროგნოზო მაჩვენებელი) |
როგორც ცხრილიდან ჩანს, ბოლო ათი წლის მანძილზე ყველაზე დაბალი პროცენტული ზრდა 2008-2009 წლებში დაფიქსირდა (2.6% და -3.7%), რაც 2008 წლის აგვისტოს ომს და 2009 წლის ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება. 2004-2012 წლებში ეკონომიკის ზრდის ტემპი საშუალოდ 6.2% იყო. რაც შეეხება 2013-2015 წლებს, ეკონომიკის ზრდის ტემპი საშუალოდ 3.3%-ია. შესაბამისად, ეკონომიკის ზრდის ტემპი თითქმის ორჯერ ნაკლებია ვიდრე ეს 2012 წლამდე იყო.
2013 წელს ნომინალური მშპ-ის 9.7%-იანი ზრდა იყო დაგეგმილი, პროცენტულმა ზრდამ კი 2.6% შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ 2013 წელს ქვეყნის ეკონომიკაში 1.8მილიარდი ლარით ნაკლები პროდუქცია შეიქმნა, ვიდრე ეს მთავრობის პროგნოზით იყო განსაზღვრული.
2014წელს მთავრობა ნომინალური მშპ-ის 8.7%-იან ზრდას ვარაუდობდა, რაც წინასწარი შეფასებით მართლაც 8.7%-ით გაიზარდა და 2 9176 მლნ ლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს ეკონომიკის ზრდა (წინასწარი შეფასებით) პროგნოზის მიხედვით შესრულდა, მან დაგეგმილ ნიშნულს მაინც ვერ მიაღწია, რაც 2013 წლის დაბალმა ზრდის ტემპმა გამოიწვია. ამ შემთხვევაშიც, ქვეყნის ეკონომიკაში 176 მლნ ლარით ნაკლები დოვლათი შეიქმნა.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, მთავრობის პროგნოზით ნომინალური მშპ 9.2%-ით უნდა გაზრდილიყო. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2015 წლის რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი მთავრობამ 5%-დან 2%-მდე შეამცირა. შესაბამისად, 3%-ით შემცირდება ნომინალური მშპ-ის ზრდაც. თუ ჩავთვლით, რომ 2015 წელს ნომინალური მშპ 6.2%-ით გაიზრდება, მაშინ მივიღებთ, რომ ეკონომიკა 2015 წელს 31 მილიარდი ლარი უნდა იყოს, რაც მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებელზე 875 მლნ ლარით ნაკლებია.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ 2013-2015 წლებში ქვეყნის ეკონომიკა ზრდის ნომინალური საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით გაიზრდებოდა, 2015 წლის ბოლოს მშპ 2.9 მილიარდი ლარით მეტი იქნებოდა.
დასკვნა 2004-2012წლებში რეალური მშპ ყოველწლიურად 6.2 %-ით იზრდებოდა. 2013-2015 წლებში მშპ-ის საშუალო ზრდის ტემპი საშუალოდ 3.3%-ია. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2013 წლიდან ეკონომიკა თითქმის ორჯერ უფრო ნელა იზრდება, ვიდრე ეს 2012 წლამდე იყო.
მთავრობის მიერ დაგეგმილ საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკაში გაცილებით ნაკლები დოვლათი შეიქმნა. ეკონომიკა 2013 წელს 1.8 მილიარდი ლარით ნაკლებით გაიზარდა, 2014-2015 წლებში კი, საპროგნოზო მაჩვენებლის შესრულებას 1.1 მილიარდი ლარი დააკლდა. საერთო ჯამში, ბოლო სამ წელიწადში, ქვეყნის ეკონომიკამ 2.9 მილიარდი ლარი დაკარგა და არა 4 მილიარდი (2015 წელს ნომინალური მშპ-ის 6.2%-ით ზრდის შემთხვევაში), როგორც ეს დეპუტატმა განაცხადა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება: "ეკონომიკა იზრდება დაახლოებით ორჯერ უფრო ნელა, ვიდრე იზრდებოდა 2012 წლამდე. ბოლო 3 წელიწადში საქართველოს ეკონომიკამ დაკარგა 4 მილიარდ ლარზე მეტი," არის მეტწილად სიმართლე.