მიმდინარე წლის 18 თებერვალს, პარლამენტში, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, ლერი ხაბელოვმა საპარლამენტო უმცირესობა მუდმივად ნეგატიურ საკითხებზე ყურადღების გამახვილებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი არ აღნიშნავენ იმას, რაც მაგალითად სპორტში კეთდება. "სამწუხაროა, რომ ჩვენი კოლეგები მხოლოდ უარყოფით საკითხებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ არაფერი კეთდება. მინდა შეგახსენოთ, სპორტის კუთხით, კერძოდ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მაქვს მხედველობაში, 6 ახალი ობიექტი შენდება და 3 რემონტდება. ამ ღონისძიებისთვის ჩვენ დაახლოებით 7 000 სტუმარი უნდა მივიღოთ. თქვენ ამბობთ, რომ არაფერი კეთდება. ნამდვილად კეთდება ის, რაც სპორტში არასდროს გაკეთებულა. ასეთი აღმავლობა სპორტული ობიექტების გაკეთების მხრივ, საქართველოში არ ყოფილა" - განაცხადა ხაბელოვმა.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
დასაწყისისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ 2015 წლის ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების უფლება 2010 წლის 27 ნოემბერს მოიპოვა,როცა ბელგრადში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 39-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა.
ასამბლეაში 49 ქვეყნის ეოკ-თან (ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი) ერთად საქართველოც მონაწილეობდა. ფარული კენჭისყრის შედეგად, თბილისმა ჩეხეთის ქალაქ ბრნოს 5 ხმით აჯობა (26–21). ფესტივალი მიმდინარე წლის ივლისში გაიმართება. ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში სპორტის ცხრა სახეობაა: ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი და კალათბურთი.
ოფიციალური მონაცემებით,თბილისში 49 ქვეყნის 3 800-მდე სპორტსმენი მოიყრის თავს, რისთვისაც ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, სპორტული ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს და აშენდეს ოლიმპიური სოფელი.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით,ფესტივალის ფარგლებში, მზიურის ტერიტორიაზე 11 ჩოგბურთის კორტი აშენდება. ახალი თბილისის ტერიტორიაზე (თბილისი, დიღომი, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია) გოგონებისა და ვაჟების შეჯიბრებებისთვის საცურაო აუზი აშენდება, რომლის ტევადობა 3 000 ადამიანზე იქნება გათვლილი. ამავე ტერიტორიაზე აშენდება ტანვარჯიშის სასახლეც, რომელიც 1 290 მაყურებელს დაიტევს. აქვე აშენდება ფრენბურთის ორი დარბაზი, სადაც შეჯიბრებები ვაჟებსა და გოგონებში გაიმართება. თითოეული დარბაზი 1 790 მაყურებელზეა გათვლილი. ასევე, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება ხელბურთის სტადიონი, რომლის ტევადობა 2 500 ადამიანს შეადგენს. მძლეოსნობის სტადიონი აშენდება ახალი თბილისის ტერიტორიაზე. იგი ვაჟებსა და გოგონებში მძლეოსნობის შეჯიბრებისთვის იქნება განკუთვნილი და 3 000 მაყურებელს მოემსახურება.
როგორც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ინფრასტრუქტურულ საკითხებში, იოსებ დარჩია ფაქტ-მეტრთან განმარტავს, რეაბილიტაცია 3 სპორტულ დარბაზს ჩაუტარდა. ესენია: კოსტავას 45 ნომერში მდებარე საკალათბურთო დარბაზი, ბელიაშვილის 5 ნომერში მდებარე აკადემია და მიხეილ კეკელიძის სახელობის საკალათბურთო სკოლა. აღსანიშნავია, რომ შენობების რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და აქ მხოლოდ ინვენტარის შეტანას ელოდებიან.
რაც შეეხება სხვა მშენებლობებს, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, 7 ახალი ნაგებობიდან ორის მშენებლობას (საცურაო აუზის და ხელბურთის დარბაზის) სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, ხოლო ხუთს - თავად კომიტეტი.
რაც შეეხება ოლიმპიურ სოფელს, ის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. მის მშენებლობას ჩინური კორპორაცია "ჰუალინგ ჯგუფი" აწარმოებს და ის ფესტივალის სამზადისის ფარგლებში ყველაზე მასშტაბური პროექტია.
უნდა აღინიშნოს, რომ ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალისთვის სამზადისი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაიწყო, როცა ქართულმა მხარემ ხელშეკრულება დადო "ჰუალინგთან". ამ კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფერო, როგორც ჩინეთში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მსხვილი დეველოპერული პროექტების განხორციელებაა. საქართველოში ინვესტირება ჯგუფმა 2007 წლის ბოლოს დაიწყო.
მაშინ, როცა "ჰუალინგმა" საქართველოში ოლიმპიური სოფლის მშენებლობა დაიწყო, ამ ფაქტს საზოგადოების ნაწილის მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა, რადგან არსებობდა მოსაზრება, რომ ოლიმპიადის შემდეგ, ქვეყანაში ჩინეთის 127 000 მოქალაქის ჩამოყვანა და აღნიშნულ კომპლექსში განთავსებული საცხოვრებელი ფართების მათზე გასხვისება იგეგმებოდა. ამ საკითხის შესახებ ფაქტ-მეტრიც წერდა. ამ თემაზე განცხადებებს, სხვადასხვა ფორმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც აკეთებდნენ. მაგალითად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ მასაც ჰქონდა მსგავსი ეჭვი, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ მხარეებს შორის დადებულ კონტრაქტში ჩინეთის მოქალაქეთა ჩამოსახლებაზე არაფერი იყო ნათქვამი. "126 თუ 127 ათასი უცხოელის კომპაქტურად ჩასახლება ალბათ სასურველი არ იქნება და ყველა სახელმწიფოს აქვს შესაბამისი კანონმდებლობა, რომ ეს თავიდან აიცილოს. ჩვენც ვაპირებთ კანონის მიღებას. თუმცა, დღეს არსებულ კონტრაქტში ჩინელების ჩამოსახლებაზე არსად არაფერი წერია, მაგრამ საეჭვო წინა ხელისუფლების სიჩუმე იყო. ამ პროექტთან დაკავშირებით ეჭვი მეც მაქვს, რომ შესაძლოა იყო რაღაც ზეპირი შეთანხმებაც" – აღნიშნავდაივანიშვილი.
საპროექტო გეგმის მიხედვით, ახალგაზრდული ოლიმპიური სოფელი არანაკლებ 50 000 კვ.მ-ზე გაშენდება, რომელიც საცხოვრებელი ბინით 3 800 სპორტსმენს უზრუნველყოფს. ოლიმპიური სოფელი ცხრა საცხოვრებელ კორპუსს, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრს, რესტორანსა და რეკრეაციულ ზონას მოიცავს.
ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მიმდინარე სამზადისი გასულ თვეს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიამ მოინახულა. მიმდინარე მშენებლობებისა და რეაბილიტირებული შენობების ინსპექტირების შედეგები კომისიის თავმჯდომარემ, ჯოზეფ ლიბამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც გააცნო. როგორც ლიბა აღნიშნავდა,წინა ვიზიტთან შედარებით, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ობიექტებზე პროგრესია. კერძოდ, წინა ინსპექტირების დროს, საცურაო აუზისა და ხელბურთის ბაზებს გარკვეული ხარვეზები აღენიშნებოდათ, რაც ამ დროისთვის აღმოფხვრილია.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, სპორტსმენების გარდა, ოლიმპიადის პერიოდში, ქვეყანაში სულ 7 000-მდე სტუმარს უნდა ველოდოთ. მათ შორის იქნებიან როგორც სპორტსმენების თანმხლები პირები, ისე დელეგაციის 1 500-მდე ოფიციალური წევრი, მწვრთნელები, ოჯახის წევრები, მოწვეული სტუმრები, გულშემატკივრები და ა.შ. კომიტეტში მსგავს პროგნოზს გასულ წლებში ჩატარებული ფესტივალების მაგალითებზე დაყრდნობით აკეთებენ.
დასკვნა 2015
წლის ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება საქართველომ რამდენიმე წლით ადრე დაიწყო, როცა 2012 წელს ოლიმპიური სოფლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. მოგვიანებით, ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა საჭირო სტადიონების მშენებლობა/რეაბილიტაციაც დაიწყო.
როგოც ზემოთ აღვნიშნეთ, 3 დაწესებულება რეაბილიტირდა და ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ასევე, აშენდა 7 ახალი სპორტული დარბაზი.
აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებით, როგორც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი პროგნოზირებს, ჯამში დაახლოებით 7 000-მდე სტუმარს უნდა ველოდოთ.
ლერი ხაბელოვი მართალია, როდესაც აცხადებს, რომ ამ მომენტისთვის მართლაც მასშტაბური სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს საგაზაფხულო ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადების ფარგლებში. თუმცა, ის იგნორირებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ფესტივალის საქართველოში ჩატარების უფლება წინა ხელისუფლების დროს იქნა მოპოვებული და ფესტივალისთვის მზადებაც მაშინ დაიწყო.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ლერი ხაბელოვის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.