14 თებერვალს, ტელეკომპანია იმედის ეთერში, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ საქართველო უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში უცხოური პროდუქციისთვის "ყველა კარის გაღების პოლიტიკას" ატარებს. ამის მაგალითად, ვასაძემ საბაჟო გადასახადები მოიყვანა. მისი თქმით, თურქეთში პომიდვრის ექსპორტზე გატანისას საბაჟო გადასახადი 300%-ია, როცა იმპორტისთვის იგივე გადასახადი 0%-ის ტოლია.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ როგორ პოლიტიკას ატარებს საქართველო უცხოეთიდან იმპორტირებული პროდუქციის მიმართ და რა სახის სავაჭრო ურთიერთობები გააჩნიათ საქართველოსა და თურქეთს. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს დღეისთვის გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს როგორც გამარტივებულ საგარეო ვაჭრობის რეჟიმსა და საბაჟო პროცედურებს, ისე დაბალ საიმპორტო ტარიფებსა და მინიმალურ არასატარიფო რეგულირებას.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მსოფლიოში თავისუფალი ვაჭრობა დოვლათის შექმნის საუკეთესო გზად არის მიჩნეული. ტარიფი, კვოტა და თავისუფალი ვაჭრობის დამაბრკოლებელი სხვა ფაქტორები კი, სახელმწიფოსთვის ეკონომიკური დანაკარგების მომტანია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტები თანხმდებიან თავისუფალი ბაზრის ეფექტიანობაზე, სახელმწიფოებს შორის მაინც არსებობს გარკვეული კვოტები და ტარიფები, რაც, ძირითადად, მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: 1. ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ზრდა; 2. ადგილობრივი მწარმოებლების კონკურენციისგან დაცვა, რაც საბოლოოდ ეროვნული დანაზოგის შემცირებას იწვევს, თუმცა პოლიტიკური პოპულიზმისთვის მიმზიდველია; და 3. პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენება. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოქმედებს, რომელიც ქვეყნებს შორის ვაჭრობის ხელშეწყობას, იმპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადებისა და მისი ექვივალენტური ეფექტის მქონე მოსაკრებლების გაუქმებას (მუხლი 4.1) ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან, მხარეები ურთიერთვაჭრობისას აღარ შემოიღებენ იმპორტზე დამატებით, ახალ საბაჟო გადასახადებს (მუხლი 4.2). აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ფარგლებში თავისუფალი ვაჭრობა ყველა ტიპის პროდუქტზე არ ვრცელდება. შეთანხმებას თან ახლავს იმ პროდუქტების სია, რომელთა იმპორტზეც თავისუფალი ვაჭრობაარ ვრცელდება.
აღსანიშნავია, რომ შეთანხმების მიხედვით, საქართველოში თურქეთიდან იმპორტისას, პომიდორი, ახალი ან შეყინული,1 ივნისიდან - 31 ოქტომბრის ჩათვლითთავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან ამოღებულია. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც საქართველოში ბუნებრივად მოდის პომიდვრის მოსავალი. პროდუქტის თავისუფალი ვაჭრობიდან ამოღება ნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, თურქეთიდან იმპორტირებულ პომიდორს საბაჟო გადასახადი – პროდუქტის ღირებულების 12% ეკისრება, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 28-ე თავის მიხედვითაა გათვალისწინებული. რაც შეეხება თურქეთში ქართული პროდუქციის იმპორტზე რეგულაციებს, ამ შემთხვევაში პომიდორი არ არის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან ამოღებულ პროდუქტთა სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულ პომიდორს, წელიწადის არცერთ პერიოდში არ ეკისრება საბაჟო გადასახადი. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოდან პომიდვრის იმპორტზე დაწესებულია კვოტა 600 ტონის სახით.
იმისთვის, რომ გვენახა, თუ რა კონკრეტულ შედეგებს იძლევა ზემოხსენებული შეთანხმება, ჩვენ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელებული პომიდვრის ექსპორტ-იმპორტი შევისწავლეთ.
2014 |
იმპორტი კგ |
ექსპორტი კგ |
||
თურქეთიდან | სხვა ქვეყნებიდან | თურქეთში | სხვა ქვეყნებში | |
იანვარი |
691754 |
0 |
0 |
0 |
თებერვალი |
1140411 |
4.5 |
0 |
200 |
მარტი |
2301026 |
0 |
0 |
0 |
აპრილი |
3946687 |
66 |
0 |
0 |
მაისი |
7565068 |
19100 |
0 |
0 |
ივნისი |
819792 |
72600 |
0 |
0 |
ივლისი |
0 |
0 |
0 |
132068 |
აგვისტო |
0 |
3041 |
0 |
9300 |
სექტემბერი |
0 |
56 |
0 |
35640 |
ოქტომბერი |
576384 |
33403 |
0 |
0 |
ნოემბერი |
1111559 |
5518 |
0 |
0 |
დეკემბერი |
1299033 |
1366 |
0 |
0 |
ჯამი |
19 451 714 |
135 150 |
0 |
177 208 |
2013 |
იმპორტი კგ |
ექსპორტი კგ |
||
თურქეთიდან | სხვა ქვეყნებიდან | თურქეთში | სხვა ქვეყნებში | |
იანვარი |
519733 |
8333 |
0 |
0 |
თებერვალი |
809244 |
5237 |
0 |
0 |
მარტი |
1420634 |
7722 |
0 |
0 |
აპრილი |
2411077 |
1470 |
0 |
0 |
მაისი |
6757818 |
18388 |
0 |
0 |
ივნისი |
287568 |
0 |
0 |
0 |
ივლისი |
0 |
19700 |
0 |
0 |
აგვისტო |
94595 |
47710 |
0 |
0 |
სექტემბერი |
70263.00 |
156.00 |
0 |
7810.00 |
ოქტომბერი |
64172.00 |
6488 |
0 |
30500 |
ნოემბერი |
787125 |
1350 |
0 |
10000 |
დეკემბერი |
1084626 |
3 |
0 |
0 |
ჯამი |
14 306 855 |
116 557 |
0 |
48 310 |
2012 |
იმპორტი კგ |
ექსპორტი კგ |
||
თურქეთიდან | სხვა ქვეყნებიდან | თურქეთში | სხვა ქვეყნებში | |
იანვარი |
389968 |
23 |
0 |
|
თებერვალი |
423352 |
0 |
0 |
|
მარტი |
1182361 |
3520 |
0 |
|
აპრილი |
2332246 |
6440 |
0 |
|
მაისი |
2788317 |
0 |
0 |
19200 |
ივნისი |
739473 |
46094 |
0 |
|
ივლისი |
2330 |
3 |
0 |
|
აგვისტო |
0 |
10000 |
0 |
|
სექტემბერი |
0 |
1219 |
0 |
127040 |
ოქტომბერი |
202369 |
8795 |
0 |
|
ნოემბერი |
1311938 |
1917 |
0 |
|
დეკემბერი |
1075695 |
15644 |
0 |
3352 |
ჯამი |
10 448 049 |
93 655 |
0 |
149 592 |
როგორც ცხრილებიდან ჩანს, იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც თურქულ პომიდორს საბაჟო გადასახადი ეკისრება, საქართველოში 2014 წელს 1 396 ტონა პომიდორი, 2013 წელს 517 ტონა, ხოლო 2012 წელს კი 944 ტონა შემოვიდა, რაც შესაბამისი წლების მიხედვით, თურქეთიდან იმპორტირებული პომიდვრის საკმაოდ მცირე, 7, 3 და 9 პროცენტია. ივლის-სექტემბერში, ქართული პომიდვრის მოსავლის მიღების დროს, თურქეთიდან უმნიშვნელო მოცულობის იმპორტი ხორციელდება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან პომიდვრის ექსპორტი უკანასკნელი სამი წლის განმავლობში საშუალოდ 125 ტონას შეადგენს, საქართველოდან თურქეთის მიმართულებით პომიდვრის ექსპორტი არ განხორციელებულა. შესაბამისად, თურქეთში იმპორტირებულ ქართულ პომიდორზე დაწესებული კვოტა ფაქტობრივად პირობითია, რადგან კვოტა შედგენს 600 ტონას, ხოლო თურქეთში ქართული პომიდვრის ექსპორტი არ ხორციელდება.
დასკვნა
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოდან პომიდვრის თურქეთში ექსპორტისას საბაჟო გადასახადი არა 300%, არამედ 0%-ია. თურქეთიდან საქართველოში იმპორტის საბაჟო გადასახადი კი 0% 7 თვის განმავლობაში, ნოემბრიდან მაისის ჩათვლითაა, მაშინ როდესაც საქართველოში ადგილობრივი წარმოება ცოტაა. ხოლო ივნისიდან ნოემბრამდე საქართველოში თურქული პომიდვრის იმპორტი 12%-ით იბეგრება.
თურქეთს ქართული პომიდვრის იმპორტზე დაწესებული აქვს კვოტა 600 ტონის მოცულობით, თუმცა აღნიშნული კვოტა ჩვენი პომიდვრის ექსპორტისთვის, რეალურად, შემზღუდავ ფაქტორს არ წარმოადენს, რადგან ქართული პომიდვრის ექსპორტი თურქეთში საერთოდ არ ხორციელდება.
რაც შეეხება ქვეყნის საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას, ის მართლაც დაბალ საიმპორტო ტარიფებსა და მინიმალურ არასატარიფო რეგულირებას ითვალისწინებს. თავისუფალი ვაჭრობის პირველი შეთანხმება, დსთ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ, 21 წლის წინ, 1994 წელს გაფორმდა, ხოლო ტარიფთა უმეტესი ნაწილი, 9 წლის წინ, 2006 წელს გაუქმდა. ამასთან, ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა საქართველოს ეკონომიკისთვის ცალსახად სასარგებლოა და ექსპორტისა და ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლევან ვასაძის განცხადება არის ტყუილი.