წლის 30 იანვარს, ტელეკომპანია "იმედს" მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. დებატების მსვლელობისას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პავლე კუბლაშვილმა განაცხადა: "ტყიბულში იყო ჩასული კახა კალაძე და თქვა, რომ 17 კორპუსს უკვე აქვს გაზი. არცერთს არ აქვს. იქ გაზი შევიყვანეთ ჩვენ, 2012 წლის ოქტომბერში, მხოლოდ რამდენიმე ოჯახში".
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.
ჩვენ ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის ტყიბულში სტუმრობის ამსახველი ორი ვიდეო მოვიძიეთ. პირველად, ენერგეტიკის მინისტრი ტყიბულს 2014 წლის 4 ივნისს სტუმრობდა. ამ ვიზიტისას, ტყიბულის გაზიფიცირებასთან დაკავშირებით მან განაცხადა: "გაზიფიცირების პროექტი დაწყებულია. 7 საცხოვრებელი კორპუსი უკვე გაზიფიცირებულია და 2-3 დღეში მათ შესაძლებლობა ექნებათ ბუნებრივი აირით ისარგებლონ. 2014 წელს ქალაქი სრულად იქნება გაზიფიცირებული, 2015 წელს კი, ყველა ის სოფელი, სადაც ცენტრალური მაგისტრალის მიყვანა არის შესაძლებელი. მეორედ, ენერგეტიკის მინისტრი ტყიბულში 2014 წლის 8 ივლისს იმყოფებოდა.მან ამ ვიზიტისას ადგილობრივ მოსახლეობას ტყიბულის გაზიფიცირების მეორე ეტაპის დეტალები გააცნო. კახა კალაძის განცხადებით, გაზიფიცირების მეორე ეტაპის განხორციელებას 360 დღე დასჭირდებოდა.
ეს ეტაპი 2015 წლის ივნისის ჩათვლით 5 107 აბონენტის გაზიფიცირებას გულისხმობს. პროექტის საერთო ღირებულება 2 120 000 ლარია და მისი დამკვეთი ენერგეტიკის სამინისტროა, უშუალო შემსრულებელი კი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია "კომფორტი XXI". აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ქალაქში 89 206 კილომეტრის სიგრძის ქსელის მონტაჟი უნდა მოხდეს, გაზაფხულიდან კი, აბონენტების გაზიფიცირება კომპანია "სოკარ ჯორჯიამ" უნდა განახორციელოს.
ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ტყიბულის გაზიფიცირების შესახებ შემდეგი ინფორმაციააგანთავსებული: "ტყიბულის გაზიფიცირების პირველი ეტაპი 2014 წლის 3 ივნისს დასრულდა. აშენდა 1 292 გრძივი მეტრი გამანაწილებელი ქსელი და ბუნებრივი აირის მისაღებად 4 საცხოვრებელი კორპუსი (230 აბონენტი), საავადმყოფო, სკოლა და სასამართლოს შენობა მომზადდა. ამჟამად იწყება გაზიფიცირების სამუშაოების მეორე ეტაპი. დაგეგმილია 89 206 გრძივი მეტრი გაზსადენის და შიდა გამანაწილებელი ქსელის აშენება, გაზიფიცირდება 5 107 აბონენტი. სამუშაოები 2015 წელს დასრულდება, რის შედეგადაც, ქალაქი ტყიბული სრულად იქნება გაზიფიცირებული".
ამ ინფორმაციის გარდა, ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულია იმერეთის რეგიონის 2013-2014 წლის გაზიფიცირების გეგმა. გეგმის მიხედვით, 2013-2014 წლებში ტყიბულის რაიონში სულ 500 აბონენტია დამატებული (გაზიფიცირებული). აქედან, 350 აბონენტი ქ. ტყიბულში და 150 აბონენტი - სოფელ მუხურაში.ჩვენ ტყიბულის გაზიფიცირების შესახებ უფრო სრული ინფორმაციის მისაღებად, ოფიციალური წერილით ენერგეტიკის სამინისტროს მივმართეთ. სამინისტროდან მიღებული პასუხის თანახმად, ქ. ტყიბულში 2012 წლის მდგომარეობით 200 აბონენტი იყო გაზიფიცირებული. 2014 წლის ბოლომდე დამატებით 150 აბონენტის გაზიფიცირება მოხდა. გეგმის მიხედვით, ქ. ტყიბულში გაზიფიცირების სამუშაოები 2015 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს, ხოლო დღეის მდგომარეობით, სამუშაოების 70% უკვე დასრულებულია.
იმის დასადგენად, თუ რა იგულისხმება სამუშაოების 70%-იან დასრულებაში, ფაქტ-მეტრმა ენერგეტიკის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროს სპეციალისტს, მარიამ ხოსროშვილს მიმართა. მისი განმარტებით, გაზიფიცირების პროცესი გაზსადენი მილების და შიდა გამანაწილებელი ქსელების მშენებლობას მოიცავს. ამ სამუშაოების 70% უკვე დასრულებულია. დარჩენილია 30%, რისი დასრულების შემდეგაც, ჩაითვლება, რომ ქ. ტყიბულში გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. ამ სამუშაოების შემდეგ, აბონენტების გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთებას უკვე კომპანია "სოკარ ჯორჯია" განახორციელებს. ქსელზე მიერთება უშუალოდ აბონენტების პირადი განცხადების საფუძველზე ხდება. მიერთების ღირებულების გადახდა განვადებითაც არის შესაძლებელი.ჩვენ პავლე კუბლაშვილს განცხადების დაზუსტების თხოვნით მივმართეთ. დეპუტატის განმარტებით, ტყიბულში გაზი მხოლოდ სამ ოჯახს აქვს, რომელთა ქსელთან მიერთება "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს მოხდა (2012 წლის სექტემბერში) და ამის შემდეგ რეალურად არცერთი აბონენტის დამატება (გაზიფიცირება) არ მომხდარა. რადგან ენერგეტიკის სამინისტროდან და დეპუტატისგან აბსოლუტურად განსხვავებული პასუხები მივიღეთ, ჩვენ ტყიბულის გაზიფიცირებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება გადავწყვიტეთ. ფაქტ-მეტრი ადგილობრივი ხელისუფლების ყოფილ და მოქმედ წარმომადგენლებს (ყოფილი გამგებელი - ლევან დოხნაძე, ახლანდელი ინფრასტრუქტურული სამსახურის სპეციალისტი - ზაზა ზოსიაშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი - თემურ კუბლაშვილი) დაუკავშირდა. მათი განცხადებით, ტყიბულში მოსახლეობას ბუნებრივი აირი პრაქტიკულად არ მიეწოდება.
თემურ კუბლაშვილის განმარტებით, სამუშაოებს კომპანია "იტერა" აწარმოებდა, რომელსაც, როგორც მისთვის არის ცნობილი, მშენებლობის ნებართვაც კი არ გააჩნდა. შესაბამისად, არ მომხდარა არც ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და აქედან გამომდინარე, იურიდიულად დაუმთავრებელ ობიექტზე, რა თქმა უნდა, დამატებითი სამუშაოები ვერ განხორციელდებოდა. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გაზიფიცირების სამუშაოების 70% ამ ეტაპისთვის დასრულებულია, აბონენტებმა ქსელზე მიერთება ვერ შეძლეს და შესაბამისად, მათ ბუნებრივი აირი დღემდე არ მიეწოდებათ. თემურ კუბლაშვილის ინფორმაციით, კომპანია "სოკარი" რამდენიმე დღეში შვიდი ობიექტის (საავადმყოფო, სკოლა, სასამართლო, 4 საცხოვრებელი კორპუსი) ქსელთან მიერთებას დაიწყებს.
ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებეული ინფორმაციით, გაზიფიცირებულ ობიექტთა სიაში ტყიბულის საავადმყოფოც არის მითითებული. ფაქტ-მეტრი საავადმყოფოს დირექტორს, იური ელიაშვილსაც დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა. ელიაშვილის განცხადებით, ის საავადმყოფოს გაზიფიცირებას თითქმის ერთი წელია ცდილობს. აქამდე ეს არ ხერხდებოდა, რადგან გაზგამანაწილებელი ტრასა არავის ბალანსზე არ იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, ეს ობიექტი დაახლოებით ერთი თვის წინ კომპანია "სოკარმა" აიყვანა ბალანსზე და უახლოეს პერიოდში (10 დღიან ვადაში) შესაძლებელი გახდება საავადმყოფოს გაზიფიცირება.
ჩვენ ენერგეტიკის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროს სპეციალისტს, მარიამ ხოსროშვილს კვლავ დავუკავშირდით და მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის უზუსტობაზე მივუთითეთ. მისი განმარტებით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, 350 აბონენტი ქსელზეა მითითებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ 350 აბონენტს ბუნებრივი აირი მიეწოდება. იგი დაგვპირდა, რომ ამ უზუსტობაში გარკვევას შეეცდებოდა.
დასკვნაენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის ბოლოსთვის, ტყიბულში 350 აბონენტი იყო გაზიფიცირებული, აქედან 200 აბონენტის გაზიფიცირება 2012 წელს მოხდა, 150 აბონენტი კი 2013-2014 წლებში დაემატა. ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე ტყიბულში ორჯერ იმყოფებოდა (2014 წლის 4 ივნისს და 8 ივლისს). ორივე ვიზიტის დროს მან ქალაქის გაზიფიცირებაზე ისაუბრა. პირველი ვიზიტისას, ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ 7 საცხოვრებელი კორპუსი (და არა 17, როგორც პავლე კუბლაშვილი აცხადებს) უკვე გაზიფიცირებული იყო. ისინი გაზს რამდენიმე დღეში მიიღებდნენ, ხოლო მთლიანად ქალაქის გაზიფიცირება 2014 წელს უნდა დასრულდებულიყო. თუმცა, მეორე ვიზიტის დროს (დაახლოებით ერთ თვეში), კახა კალაძემ ადგილობრივებს ტყიბულის გაზიფიცირების პროექტის მეორე ეტაპის დეტალები გააცნო და აღნიშნა, რომ ქალაქის სრულ გაზიფიცირებას 360 დღე დასჭირდებოდა და ის 2015 (და არა 2014) წელს დასრულდებოდა.
ჩვენი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ტყიბულში მოსახლეობას ბუნებრივი აირი არც ადრე ჰქონდა და არც დღეს აქვს (გარდა გამონაკლისი 3 ოჯახისა). 2013-2014 წლებში ახალი აბონენტები არ დამატებულან.
ენერგეტიკის მინისტრი 2014 წლის ზაფხულში ტყიბულში სტუმრობისას აცხადებდა, რომ 7 საცხოვრებელი კორპუსი გაზიფიცირებული იყო და ბუნებრივი აირი 2-3 დღეში ჩაირთვებოდა, თუმცა ფაქტია, რომ ბუნებრივი აირი იმ აბონენტებსაც კი არ მიეწოდებათ, სადაც გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დასრულებულია.
ფაქტ-მეტრი რამდენიმე დღეში კვლავ გადაამოწმებს ტყიბულში მითითებული ობიექტების ქსელთან მიერთებას და როგორც მკითხველს, ასევე ენერგეტიკის სამინისტროს შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის.
ამ ეტაპზე კი ვასკვნით, რომ პავლე კუბლაშვილის განცხადება: "ტყიბულში ჩასული იყო კახა კალაძე და თქვა, რომ 17 კორპუსს უკვე აქვს გაზი. არცერთს არ აქვს," არის მეტწილად სიმართლე.