იტვირთება

მიმდინარე წლის 4 თებერვალს პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა. ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა და ის  ოჯახური ძალადობის შემთხვევაში სანქციების გამკაცრებას გულისხმობს. საკითხი პარლამენტში განსახილველად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ წარადგინა. თავის გამოსვლაში იზორიამ აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სამართლებრივი ღონისძიებების აღსრულების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია. მისი თქმით, 2014 წლის სექტემბერში სპეციალური კომისია ჩამოყალიბდა, რომელიც ოჯახში ძალადობის თემატიკაზე მუშაობს. ასევე, ამ მიმართულებით დაახლოებით 1 000 პოლიციელი გადამზადდა.

ფაქტ-მეტრი ოჯახური ძალადობის მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა და ლევან იზორიას განცხადება გადაამოწმა.

საქართველოში 2012 წლის მაისიდან ოჯახური ძალადობა კრიმინალიზებულია. სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით ოთხმოციდან ასორმოცდაათ საათამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით ასიდან ორას საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთ წლამდე, ისჯება იგივე ქმედება ჩადენილი:

ა) ორსული ქალის, არასრულწლოვანის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირი მიმართ;

ბ) არასწრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;

დ) პირთა ჯგუფის მიერ;

ე) არაერთგზის.

კანონპროექტის თანახმად, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შემთხვევაში, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას დაემატება თავისუფლების აღკვეთა ვადით 1 წლამდე. მეორე ნაწილში თავისუფლების აღკვეთის ვადა 1-დან 3-წლამდე განისაზღვრება.

ოჯახურ ძალადობაზე რეაგირებას, ფაქტის ცნობის საფუძველზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და უბნის ინსპექტორი ახდენენ. პოლიციელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის მიზნით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.[1]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს ოჯახში ძალადობის საკითხებზე სამართალდამცავთა გადამზადება მოხდა. ტრენინგებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პედაგოგები, ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები მართავდნენ. გადამზადებულ პოლიციელებს ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზედამხედველობა, სათანადო სტატისტიკური მონაცემების დამუშავება, კონფლიქტური ოჯახების პერიოდული კონტროლი და საერთო ანალიზი ევალებათ. მათ მუშაობას, კოორდინაციას "ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე ეფექტური რეაგირების კომისია" უწევს. კომისია 2014 წლის სექტემბერში შეიქმნა და ის შსს-ში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირებით დაკომპლექტდა. აღნიშნული რეფორმები გასულ წელს ოჯახური ძალადობის შემთხვევების და მათ შორის ოჯახური ძალადობის ნიადაგზე მკვლელობების გახშირებას მოყვა.

2014 წლის დეკემბერში IDFI-მ, პროკურატურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2009-2014 წლებში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების ყველაზე მეტი, 19  შემთხვევა, 2014 წელს დაფიქსირდა.

შსს-ს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2014 წელს ოჯახური ძალადობის 591 ფაქტი, აქედან 19 მკვლელობის და 28 ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევა დაფიქსირდა. 2013 წელს სულ 459 ასეთი შემთხვევა იყო, რომელიც 8 მკვლელობისა და 20 ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტს მოიცავდა. როგორც ვხედავთ, 2014 წელს ოჯახში ძალადობის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, უმრავლეს შემთხვევაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები არიან.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს 227, ხოლო 2014 წელს 817 შემაკავებელი ორდერი გაიცა. როგორც ვხედავთ, მნიშვნელოვნად გაიზარდა შემაკავებელი ორდერების რაოდენობა, რაც გარკვეულწილად ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ სამართალდამცავების გააქტიურებაზე მიუთითებს. ამასთან, 2013 წელს სამართლებრივი დევნა ოჯახური ძალადობის შემთხვევების 40%, ხოლო 2014 წელს 73%-ზე დაიწყო.

ოჯახში ძალადობის თემაზე ჩვენ სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ეკატერინე სხილაძეს ვესაუბრეთ. მისი თქმით: "საქართველოში, ოჯახში ძალადობა დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით კი ქალთა მიმართ ძალადობა. ეს მთელი სიცხადით დავინახეთ 2014 წელს, როცა არაერთი ქალი მოკლა მეუღლემ ან ყოფილმა მეუღლემ. ძალადობის შემთხვევების ოფიციალური სტატისტიკისგან განსხვავდება რეალური სურათი. კვლევები ცხადყოფს, რომ ოფიციალურ სტატისტიკაზე დაფიქსირებულ რიცხვზე ბევრად უფრო ხშირია ძალადობის შემთხვევები. ეს სხვაობა გამოწვეულია მიმართვიანობის დაბალი მაჩვენებლით. ეს, თავის მხრივ, საზოგადოების ცნობიერებით არის განპირობებული. კვლავ არსებობს სტერეოტიპი, რომ ოჯახში ძალადობა არის ოჯახის საქმე, რომელიც ისევ ოჯახში უნდა განიხილებოდეს. ამასთან, მსხვერპლი შეიძლება დამოკიდებული იყოს მოძალადეზე, მაგალითად ეკონომიკურად და არ დაუკავშირდეს სამართალდამცავებს. ასევე, მნიშვნელოვანია სერვისების ხარისხი, ანუ რამდენად აქვს მსხვერპლს ნდობა ამ სერვისების მიმართ". ეკატერინე სხილაძემ ჩვენთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ 2014 წლიდან შსს-მ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მუშაობა გააძლიერა. მისი თქმით, შსს ამ მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს სახალხო დამცველის ოფისთან.

თუმცა, მისივე განმარტებით, არის საკითხები, რომლებიც კვლავ პრობლემური რჩება. 2014 წლის 9 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ოჯახში ძალადობის შემთხვევებისას ხელწერილების გამოყენების ფაქტებთან და მის არაეფექტურობასთან დაკავშირებით მიმართა. "სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი რიგი შემთხვევებიდან იკვეთება, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეაგირების დროს სამართალდამცავების მხრიდან ხელწერილის გამოყენება კვლავ გრძელდება. ასეთ ფორმას კი საერთოდ არ ითვალისწინებს ძალადობისგან დასაცავად არსებული სამართლებრივი მექანიზმები და ის მხოლოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ნაწილია, რომელიც სრულიად არაეფექტურია" - აღნიშნულია სახალხო დამცველის მიმართვაში. ოფიციალურ განცხადებაში აღწერილია კონკრეტული შემთხვევები, როცა ძალადობის მაღალი რისკის მიუხედავად, საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ გამოყენებული იქნა ხელწერილი და გაფრთხილება.

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ "მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ამასთან, აუცილებელია რისკების ადეკვატური შეფასება, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვროს რა ტიპის ზიანის საფრთხე არსებობს. აღსანიშნავია, რომ შსს უკვე მუშაობს რისკების შეფასების მეთოდოლოგიაზე. მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა, არ უნდა ვიყოთ მხოლოდ დაცვაზე ორიენტირებული, არ უნდა გამოგვრჩეს პრევენცია".

დასკვნა

ოჯახში ძალადობა განსაკუთრებით აქტუალური 2014 წელს იყო. მსგავსი ფაქტები მნიშვნელოვნად გაიზარდა, მათ შორის ოჯახური ძალადობის ნიადაგზე მკვლელობის და ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევებიც. გასულ წელს, ოჯახური ძალადობის 591 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 28 ჯანმრთელობის დაზიანების და 19 მკვლელობის შემთხვევა იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წელს სამართლებრივი დევნა ოჯახური ძალადობის შემთხვევების 40%-ზე, ხოლო 2014 წელს 73%-ზე დაიწყო. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა შემაკავებელი ორდერების რაოდენობაც, რაც გარკვეულწილად ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ სამართალდამცავების გააქტიურებაზე მიუთითებს.

2014 წელს ოჯახში ძალადობის საკითხებზე სამართალდამცავთა გადამზადება მოხდა. გადამზადებულ პოლიციელებს ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზედამხედველობა, სათანადო სტატისტიკური მონაცემების დამუშავება, კონფლიქტური ოჯახების პერიოდული კონტროლი და საერთო ანალიზი ევალებათ. მათი მუშაობის კოორდინაციას "ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე ეფექტური რეაგირების კომისია" ახორციელებს, რომელიც 2014 წლის სექტემბერში შეიქმნა.

სახალხო დამცველის ოფისში აცხადებენ, 2014 წლიდან შსს-მ გააძლიერა მუშაობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. თუმცა, არის საკითხები, რომლებიც კვლავ პრობლემური რჩება. სახალხო დამცველის ოფისმა შეისწავლა კონკრეტული შემთხვევები, როცა ოჯახური ძალადობის მაღალი რისკის მიუხედავად, საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების წარმომადგენლები ხელწერილით ან გაფრთხილებით შემოიფარგლნენ.

ზემოთ გაანალიზებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ლევან იზორიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.


[1] პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. აქტი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3138 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი