წლის 30 იანვარს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიგლა აგულაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობის ეფექტიანობა 62.5%-ით არის შეფასებული. მისი თქმით, ამ შედეგით ჩვენი ქვეყანა რეგიონში ლიდერია და 11 ევროპულ ქვეყანას უსწრებს.
ფაქტ-მეტრი გიგლა აგულაშვილის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.
მსოფლიო მთავრობების ინდიკატორი (WGI) მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი კვლევაა, რომელიც სხვადასხვა მაჩვენებლებთან ერთად, მთავრობების ეფექტიანობას იკვლევს. მსოფლიო ბანკი აღნიშნულ კველვას 1996 წლიდან ახორციელებს (2014 წელს გამოქვეყნდა ამ დროისთვის ბოლო კვლევა, რომელიც 2013 წლის შედეგებს ასახავს).
მსოფლიო ბანკი მთავრობების ეფექტიანობას 15 საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევების შედეგების მიხედვით აფასებს. ანგარიშის მომზადების პროცესში გამოყენებულია ისეთი ორგანიზაციების კვლევების შედეგები როგორებიცაა: The Economist Intelligence Unit (EIU), სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD), აზიის განვითარების ბანკი (ASD), აფრიკის განვითარების ბანკი (ADB), მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (GCS) და სხვა. მსოფლიო ბანკი ამ ორგანიზაციების კვლევების შედეგებს სხვადასხვა კოეფიციენტს ანიჭებს, რის საფუძველზეც შემაჯამებელ ანგარიშს ამზადებს და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების ეფექტიანობის შესახებ საკუთარ შეფასებას აქვეყნებს.
გიგლა აგულაშვილი, მისივე მოწოდებული ინფორმაციით, განცხადების გაკეთებისას ქართულ საინფორმაციო გამოცემებს (წყარო 1; წყარო 2)ეყრდნობოდა, რომლებსაც აღებული აქვთ არა მსოფლიო ბანკის შემაჯამებელი ანგარიში, არამედ მასში შემავალი, ცალკეული გამოცემების კვლევები. ამ წყაროებში მოცემულია მსოფლიო ბანკის მონაცემები, თუმცა სტატიებში მოყვანილია WGI -ის შემაჯამებელ ანგარიშში შემავალი 2 ორგანიზაციის, The Economist Intelligence Unit-ის (EIU) და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) კვლევები.
ჩვენ გიგლა აგულაშვილს იმის განმარტებაც ვთხოვეთ, თუ რას გულისხმობდა "რეგიონში" და "ევროპულ ქვეყნებში," რადგან ორივე შემთხვევაში, შეიძლება ამ ტერმინების სხვადასხვაგვარი დეფინიცია და ინტერპრეტაცია არსებობდეს. დეპუტატმა კვლავაც იმ წყაროებზე მიგვითითა, რომლებზე დაყრდნობითაც მან განცხადება გააკეთა. მათი მიხედვით, "რეგიონში" საქართველოს მეზობელი ქვეყნები მოიაზრებიან, ხოლო "ევროპულ ქვეყნებში" კი, ევროკავშირის წევრი ქვეყნებია ნაგულისხმევი.
მსოფლიო ბანკის შემაჯამებელი კვლევის მიხედვით, 2012 წელს საქართველოს მთავრობის ეფექტიანობა 69,89%-ით შეფასდა, 2013 წელს კი - 69,38%-ით. ამ მაჩვენებლებით საქართველო ნამდვილად უსწრებს მის მეზობელ ქვეყნებს.
ცხრილი 1:
საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების მთავრობების ეფექტიანობა
ქვეყანა |
2012 წელი |
2013 წელი |
საქართველო |
69,89 |
69,38 |
თურქეთი |
65,07 |
65,55 |
სომხეთი |
54,55 |
57,89 |
რუსეთი |
40,67 |
43,06 |
აზერბაიჯანი |
23,92 |
38,76 |
სრული სურათის დასანახად, ჩვენ 2004 წლიდან 2013 წლის ჩათვლით საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებელსაც გავეცანით. 2004 წლიდან მოყოლებული, ეს მაჩვენებელი მუდმივი ზრდის დანამიკით ხასიათდებოდა, გარდა 2009 და 2010 წლებისა, რომელთა შედეგებზეც გავლენა 2008 წლის ომმა და მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა იქონიეს. 2011-2012 წლებში ამ მაჩვენებელმა კვლავ ზრდა დაიწყო და უმაღლეს ნიშნულს, 69,9%-ს, 2012 წელს მიაღწია. რაც შეეხება 2013 წელს, რომელზეც დეპუტატი საუბრობს, ამ წლის მონაცემმა წინა წელთან შედარებით მცირე კლება განიცადა (იხ. ცხრილი 2).
ცხრილი 2: საქართველოს მთავრობის ეფექტიანობა 2004-2013 წლებში
წელი |
2004 |
2005 |
2006 |
2007 |
2008 |
2009 |
2010 |
2011 |
2012 |
2013 |
პროცენტი |
36,59 |
39,51 |
50,24 |
56,31 |
65,53 |
62,20 |
64,11 |
69,19 |
69,89 |
69,38 |
ჩვენ საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაჩვენებლებსაც შევადერეთ. მსოფლიო ბანკის 2012-2013 წლების კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ეფექტიანობით ევროკავშირის წევრ 4 ქვეყანას, კერძოდ: რუმინეთს, ბულგარეთს, საბერძნეთს და იტალიას უსწრებს.
ცხრილი 3:
ევროკავშირის ქვეყნების მთავრობების ეფექტიანობა და საქართველოს მაჩვენებლები
ქვეყანა |
2012 |
2013 |
ესპანეთი |
82.3 |
82.78 |
|
ფინეთი |
100 |
100 |
|
სლოვენია |
80.86 |
78.95 |
დანია |
99.04 |
99.04 |
ესტონეთი |
77.99 |
78.47 |
|
შვედეთი |
98.56 |
98.56 |
ლატვია |
74.64 |
76.08 |
|
ნიდერლანდები |
96.65 |
96.65 |
ჩეხეთი |
76.56 |
75.12 |
|
ლუქსემბურგი |
94.74 |
94.26 |
ლიტვა |
74.16 |
73.68 |
|
ბელგია |
93.78 |
93.3 |
სლოვაკეთი |
73.68 |
73.21 |
|
ავსტრია |
92.82 |
92.82 |
პოლონეთი |
71.77 |
71.29 |
|
გერმანია |
93.3 |
91.39 |
ხორვატია |
72.25 |
70.81 |
|
დიდი ბრიტანეთი |
91.87 |
89.95 |
უნგრეთი |
70.81 |
70.33 |
|
საფრანგეთი |
87.56 |
89.47 |
საქართველო |
69.86 |
69.38 |
|
ირლანდია |
92.34 |
89 |
იტალია |
66.03 |
67.46 |
|
კვიპროსი |
88.04 |
88.52 |
საბერძნეთი |
62.2 |
66.99 |
|
მალტა |
85.65 |
86.6 |
ბულგარეთი |
60.29 |
59.33 |
|
პორტუგალია |
81.34 |
85.65 |
რუმინეთი |
43.54 |
52.63 |
დასკვნა
საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებელი 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ზრდის დინამიკით გამოირჩეოდა, გარდა 2009-2010 წლებისა, რაზეც გავლენა რუსეთ-სქართველოს ომმა და მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა მოახდინეს. მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობის ეფექტიანობა 2012 წელს 69,89%-ით შეფასდა. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 69,38% იყო. ამ მონაცემით, 2012-2013 წლებში საქართველოს მთავრობა რეგიონში ლიდერია. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ 2013 წელს რეგიონის ქვეყნების მთავრობების ეფექტიანობის მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით გაიზარდა, საქართველოში კი მან დაიკლო.
გიგლა აგულაშვილის განცხადება საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის შესახებ ზუსტია, თუმცა ეს მაჩვენებელი უფრო წინა ხელისუფლების მიერ ნაჩვენებ შედეგებს ეყრდნობა, ვიდრე მოქმედი ხელისუფლების მიღწევებს. როგორც აღვნიშნეთ, წინა წლებში მთავრობის ეფექტიანობის პროცენტი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა, 2013 წელს (ახალი ხელისუფლების პირობებში) კი, ის არ გაუმჯობესებულა და ოდნავ შემცირდა კიდეც. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მთავრობის ეფექტიანობის კარგი ინდიკატორი სწორედ პროგრესი და არსებული შედეგების გაუმჯობესებაა, განსაკუთრებით სხვა ქვეყნებთან შედარებით.
რაც შეეხება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, საქართველოს მთავრობა ეფექტიანობით 4 ქვეყანას უსწრებს და არა 11-ს, როგორც ეს დეპუტატმა განაცხადა.
შესაბამისად, გიგლა აგულაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.