ლარის კურსის გაუფასურების მიზეზად მთავრობის წარმომადგენლები ძირითადად საგარეო ფაქტორებს ასახელებენ. მიმდინარე წლის 16 იანვარს, გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას ლარის გაუფასურების მიზეზად ნავთობის ფასების ვარდნის გამო რეგიონში შექმნილი პრობლემები დაასახელა.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.
ლარის კურსის გაუფასურების საკითხზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.საქართველოს მცურავი სავალუტო კურსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალუტის კურსის ცვლილება ბაზარზე ლარის და დოლარის შეფარდებით მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული. საქართველოში უცხოური ვალუტის ძირითად წყაროს საქონლისა და მომსახურების ექსპორტი, უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილები წარმოადგენს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპი მართლაც შემცირდა. რეგიონში ყველაზე დაბალი ზრდა უკრაინას (-6.5%), რუსეთს (0.2%) და მოლდოვას (1.8%) ჰქონდათ. მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა ტაჯიკეთში (6%) უზბეკეთსა (7%) და თურქმენეთში(10.1%). დანარჩენ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ტემპი 3-4%-ის ფარგლებში მერყეობდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშისთანახმად, ეკონომიკური ზრდის შემცირების მიზეზად ინვესტიციების კლება და გეოპოლიტიკური ფაქტორები დასახელდა. თუმცა, ეკონომიკურ პროცესებზე გარკვეული გავლენა ნავთობის ფასების ცვლილებამაც მოახდინა.
ნავთობის ფასების შემცირება ნავთობის ექსპორტიორ და იმპორტიორ ქვეყნებზე განსხვავებულად მოქმედებს. ფასების კლება ამცირებს შემოსავალს ნავთობიდან, რაც უარყოფითად მოქმედებს ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებზე. ფასების ცვლილების ეფექტი განსხვავდება იმისდა მიხედვით, თუ რამდენადაა დამოკიდებული ეკონომიკა ნავთობიდან მიღებულ შემოსავალზე.
რეგიონში, აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი და უზბეკეთი ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებს წარმოადგენენ. ეკონომიკური ზრდის ტემპი ყველაზე მეტად რუსეთსა და აზერბაიჯანში დაეცა, რომლებიც ამავდროულად საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან.
ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები შეიძლება უარყოფითად აისახოს პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკაზეც, რაც საგარეო ვაჭრობის და ინვესტიციების შემცირებით გამოიხატება.
ცხრილი 1:
რეგიონში ნავთობექსპორტიორი ქვეყნების მშპ-ის ზრდა და საქართველოს ექსპორტის ცვლილება (2014 წელი)
ნავთობიდან შემოსავლის წილი მშპ-ში[1] | ეკონომიკური ზრდა | წილი საქართველოს ექსპორტში, 2014 წ. | ექსპორტის ზრდა, მლნ აშშ დოლარი | ექსპორტის ზრდა | |
დსთ-ის ქვეყნები |
- |
- |
51% |
-155.5 |
-10% |
აზერბაიჯანი |
36% |
4.5% |
19% |
-165.5 |
-23% |
რუსეთი |
14% |
0.2% |
10% |
84.3 |
44% |
ყაზახეთი |
25% |
4.6% |
3% |
-15 |
-15% |
თურქმენეთი |
21% |
10.1% |
1% |
0.2 |
1% |
უზბეკეთი |
3% |
7% |
2% |
31.8 |
140% |
ფასების კლების პირდაპირი ეფექტი ნავთობის იმპორტიორი ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითია, რამდენადაც დაბალი ფასი ამცირებს იმპორტიორი ქვეყნის მიერ ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე გაწეულ ხარჯებს. ეს კი, სავაჭრო ბალანსზე დადებითად აისახება.
მიმდინარე წელს აზერბაიჯანში საქართველოს ექსპორტი 23%-ით შემცირდა, რაც მეტწილად ავტომანქანებზე "ევრო 4"სტანდარტის ამოქმედების შედეგია. თუმცა, რადგან აზერბაიჯანის ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ნავთობიდან მიღებულ შემოსავალზე, ნავთობის ფასების შემცირებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა აზერბაიჯანის ეკონომიკურ ზრდაზე, რამაც თავის მხრივ ქვეყნის შიდა მოთხოვნაც შეამცირა.
რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების მიუხედავად, საქართველოს ექსპორტი რუსეთში 44%-ით (84 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა. ასევე, მაღალი იყო ექსპორტის ზრდა უზბეკეთთან. მიმდინარე წელს უზბეკეთში საქართველოს ექსპორტი 32 მლნ აშშ დოლარით (140%-ით) გაიზარდა.
რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ასევე გავლენას ახდენს ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების ნაკადებზე, რომელიც უცხოური ვალუტის წყაროა. 2014 წლის პირველ სამ კვარტალში ინვესტიციები დსთ-ს ქვეყნებიდან 3-ჯერ გაიზარდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ინვესტიციები აზერბაიჯანიდან (382%) და რუსეთიდან (565%). რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, მათი წილი ქვეყანაში შემოსულ ინვესტიციებში იმდენად მცირეა, რომ ამ ქვეყნებიდან ინვესტიციების კლება ლარის კურსზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენდა.
ცხრილი 2:
პირდაპირი ინვესტიციები ნავთობექსპორტიორი ქვეყნებიდან, 2014 წელი
ეკონომიკური ზრდა | წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში | პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა მლნ აშშ დოლარი | პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა | |
დსთ-ის ქვეყნები |
- |
29% |
196.6 |
288% |
აზერბაიჯანი |
5% |
24% |
173.2 |
382% |
რუსეთი |
0% |
6% |
66.5 |
565% |
ყაზახეთი |
5% |
-0.4% |
-19.7 |
-124% |
თურქმენეთი |
10% |
0% |
-0.4 |
0 |
უზბეკეთი |
7% |
0.07% |
0.7 |
2477% |
რაც შეეხება ფულად გზავნილებს, 2014 წელს საქართველოში 1 441 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 36 მლნ დოლარით (2.4%-ით) ნაკლებია. ფულადი გზავნილების 49% რუსეთის ფედერაციაზე მოდის, საიდანაც ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით 11.5%-ითაა (92 მლნ აშშ დოლარი) შემცირებული. შესაბამისად, რუსეთში მიმდინარე პროცესები ფულად გზავნილებზე ნამდვილად აისახა.
ცხრილი 3:
ფულადი გზავნილები და მათი წილი 2013-2014 წწ.
ფულადი გზავნილები (ათასი აშშ დოლარი) | 2013 | 2013 წილი | 2014 | 2014 წილი | ცვლილება |
სულ | 1 477 020 | 1 440 754 | -2.5% | ||
რუსეთის ფედერაცია | 801 428 | 54.3% | 709238 | 49.2% | -11.5% |
ყაზახეთი | 16 077 | 1.1% | 17 581 | 1.2% | 9.4% |
უზბეკეთი | 2 724 | 0.2% | 3 883 | 0.3% | 42.5% |
თურქმენეთი | 259 | 0.01% | 330 | 0.02% | 27.4% |
აზერბაიჯანი | 14 964 | 1% | 17 790 | 1.2% | 18.9% |
საქართველოს იმპორტის უდიდესი ნაწილი სწორედ ნავთობპროდუქტებს (11%) უკავია, ნავთობის ფასების კლება საქართველოს ხარჯებს ნავთობპროდუქტების იმპორტზე ამცირებს და დადებითად აისახება სავაჭრო ბალანსზე. ამასთან, რამდენადაც ნავთობი წარმოების ფაქტორია, მასზე ფასების კლება საბოლოო პროდუქტზეც აისახება. გამომდინარე აქედან, ნავთობზე ფასების კლებას საქართველოს ეკონომიკასა და ლარის კურსზე დადებითი ეფექტი უფრო ჰქონდა, ვიდრე უარყოფითი.
დასკვნა
მიმდინარე წელს, რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპი მართლაც შემცირდა. რეგიონში ნავთობექსპორტიორი ქვეყნებიდან, მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოს რუსეთსა და აზრებაიჯანთან აქვს. უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებისა, რუსეთში ექსპორტი 44%-ით, ხოლო რუსეთიდან ინვესტიციები დაახლოებით 5.7-ჯერ გაიზარდა. გაზრდილია ინვესტიციები აზერბაიჯანიდანაც (3.8-ჯერ). რაც შეეხება აზერბაიჯანში ექსპორტის კლებას, ეს მეტწილად ავტომობილებთან დაკავშირებული რეგულაციების შედეგია. აღსანიშნავია, რომ სხვა ნავთობექსპორტიორი ქვეყნების წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობასა და საზღვარგარეთიდან პირდაპირ ინვესტიციებში იმდენად მცირეა, რომ ამ ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენდა.
თუმცა, მომავალში მართლაც არის საფრთხე საგარეო ფაქტორებმა ლარის კურსზე სერიოზული გავლენა მოახდინონ. რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის მმართველმა განაცხადა,რომ ისინი აპირებენ პეგირებული სისტემის შეცვლას და თავისუფალი გაცვლითი კურსის შემოღებას, რადგან ნავთობის ფასების ვარდნა ქვეყანას აზარალებს. მცურავი გაცვლითი კურსის სისტემა სხვა ვალუტებთან მიმართებაში აზერბაიჯანულ ვალუტას გააუფასურებს, რამაც შესაძლოა საქართველოში აზერბაიჯანული ინვესტიციები, ექსპორტი და ფულადი გზავნილები შეამციროს.
სტატიაში გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
მოცემულია 2012 წლის მონაცემები