2014 წლის 10 დეკემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს. კანონპროექტის მიხედვით, ყველა დონის ბიუჯეტის და ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის შემოსულობები და გადასახადები ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში ექცევა.

კანონპროექტის განხილვისას, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა: "ფინანსური დამოუკიდებლობის კუთხით, არცერთ საკანონმდებლო ნორმას არ ვეხებით, რომელიც რომელიმე საჯარო სამართლის იურიდიული პირის, თვითმმართველი ერთეულის, თუ სხვა რომელიმე ორგანიზაციის დამოუკიდებლობას შეეხება".

აღნიშნულ განცხადებას უმცირესობის წევრი, სერგო რატიანი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ "უნივერსიტეტებს დამოუკიდებლობა ეზღუდებათ".

ფაქტ-მეტრი ამ განცხადებებით დაინტერესდა მათი გადამოწმება გადაწყვიტა.

2014 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. კანონპროექტის მიხედვით, ყველა დონის ბიუჯეტის და ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის შემოსულობები და გადასახდელები ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოექცა. ამავე სისტემაში მოექცა სახელმწიფო უნივერსიტეტების ბიუჯეტებიც.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს წარმოადგენენ. როგორც ახალი, ისე ძველი კანონით, ხაზინის ერთიან ანგარიშში საქართველოს ეროვნული ბანკი, ეროვნული მარეგულირებელ ორგანოები და სამეწარმეო სტატუსის მქონე იურიდიული პირები არ შედიან.

პირველ იანვრამდე მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში ყველა დონის ბიუჯეტის შემოსულობები და სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები ხაზინის ერთიანი ანგარიშის მეშვეობით არ აღირიცხებოდა. შესაბამისად, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების საბიუჯეტო სახსრები კომერციული ბანკების მეშვეობით განიკარგებოდა. ასევე, კომერციული ბანკების მეშვეობით, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ მათთვის ნებადართული (არასაბიუჯეტო) სახსრების განკარგვა ხორციელდებოდა.

ცვლილებების შედეგად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში გაიწერა, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სსიპ(ებ)-ის და ა(ა)იპ(ებ)-ის ანგარიშები გახსნილია ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში და მისი მართვისა და ოპერაციების კონტროლის, აგრეთვე, ამ ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის შესახებ ნებართვის გაცემის უფლება მხოლოდ შესაბამის იურიდიულ პირს აქვს (ე.ი. ჩვენ შემთხვევაში, უშუალოდ სახელმწიფო უნივერსიტეტს).

მთლიანობაში, კანონში ცვლილებების შეტანის მიზეზად ხაზინის ერთიან ანგარიშის სისტემაში ყველა დონის ბიუჯეტის და ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის შემოსულობებისა და გადასახდელების მოქცევა დასახელდა. კანონის ინიციატორთა აზრით, აღნიშნული ცვლილებებით აღრიცხვიანობისა და სახელმწიფო ფინანსების კონსოლიდირებული ანგარიშების ხარისხი და საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობა გაიზრდება.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებებით უნივერსიტეტებს დამოუკიდებლობა და ავტონომია შეეზღუდებათ.

დამატებითი განმარტებისთვის ჩვენ სერგო რატიანს დავუკავშირდით. მისი თქმით, ძირითადი პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფომ მოლაპარაკება სახელმწიფო უნივერსიტეტებთან არ აწარმოა და მათ გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. მან ასევე განმარტა, რომ პროცედურები კომერციულ ბანკებსა და სახაზინოს შორის განსხვავებულია და, ამიტომ, სახელმწიფო უნივერსიტეტებს გადარიცხვები გაურთულდებათ. ამასთან, რატიანი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის უნდა მომხდარიყო გამონაკლისის დაშვება, როგორც ეს საქართველოს ეროვნული ბანკის და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შემთხვევაში მოხდა. მანვე განმარტა, რომ უნივერსიტეტი არ წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებულ ინსტიტუტს და თანხა, რომელიც მას სახელმწიფოს მხრიდან გადაეცემა, არის სტუდენტისათვის განკუთვნილი გრანტი, რომელიც შეიძლება წავიდეს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტში.

საქართველოს კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ" განსაზღვრავს, რომ სახელმწიფომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომია უნდა უზრუნველყოს.

ავტონომიის შეზღუდვის საშიშროება 8 სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებმაც დაინახეს, რომლებმაც შესაბამისი წერილით საქართველოს პარლამენტს მიმართეს. მათი აზრით, დათქმა სახელმწიფო უნივერსიტეტებზეც უნდა გაკეთებულიყო და ისინი ხაზინის ერთიან სისტემას არ უნდა დაქვემდებარებოდნენ.

სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართვას ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ვლადიმერ პაპავა გამოეხმაურა. მისი განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც ფინანსთა მინისტრმა უნივერსიტეტების წარმომადგენელებს განუცხადა, რომ მათი ყველა შენიშვნა და წინადადება იქნებოდა გათვალისწინებული და უნივერსიტეტების ავტონომიურობა არ შეიზღუდებოდა.

ჩვენ თბილისში მოქმედ 4 უმაღლეს სასწავლებელს მივმართეთ კითხვით, ახდენდა თუ არა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები გავლენას მათ ავტონომიაზე.

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსურ განყოფილებაში განგვიმარტეს, რომ აღნიშნული ცვლილება უნივერსიტეტის ფინანსურ დამოუკიდებლობაზე ვერ იმოქმედებს. ერთადერთ შესაძლო პრობლემად, თსუ-მა დროის ფაქტორი დაასახელა. კერძოდ, მათი აზრით, არსებობს თანხების ტრანზაქციასთან დაკავშირებული პროცესის დროში გაწელვის საფრთხე. ამასთან, უნივერსიტეტის ფინანსურ სამსახურს მოუწევს შეისწავლოს სახაზინო ბუღალტერია, რაც ასევე გარკვეულ დროსა და სამუშაოს მოითხოვს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განგვიმარტეს, რომ სახელმწიფო ხაზინაში თანხების ხარჯვა ხდება ერთი ანგარიშიდან, რაც ართულებს გადარიცხული თანხების ადმინისტრირებას. ამისთვის, საჭიროა საგადახდო მოთხოვნის მომზადების დროს, გადახდის დანიშნულებაში ან შენიშვნაში (პროგრამით დაშვებული სიმბოლოების ფარგლებში) ჩაწერონ დაწვრილებითი ინფორმაცია საფუძვლის შესახებ. უნივერსიტეტის განცხადებით, ამის გამო, მათ უკვე არაერთხელ დაუბრუნეს უკან საგადახდო მოთხოვნა კომენტარით – "დაწუნებულია სახელმწიფო ხაზინის მიერ". მსგავს პრობლემას კომერციული ბანკის პირობებში ადგილი არ ჰქონია.

ილიას უნივერსიტეტმა დამატებით ხაზი გაუსვა კომუნიკაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. კერძოდ, მათი თქმით, ისინი ხშირად ვერ გადიან კონტაქტზე პირთან, რომელმაც „დაიწუნა“ ტრანზაქცია, რაც კიდევ უფრო წელავს დროში გადახდის განხორციელებას.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავით აფრასიძის განცხადებით, მართალია კანონის მიღებამდე კონსულტაციები უმაღლეს დაწესებულებებთან გაიმართა, თუმცა, მხოლოდ ერთხელ, 2014 წლის დეკემბერში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მათზე გამონაკლისების გავრცელებას ითხოვდნენ, როგორც ეს მარეგულირებელი კომისიების შემთხვევაშია. ასევე, უნივერსიტეტები მზად იყვნენ, დაენერგათ ანგარიშგების ელექტრონული სისტემა, რომლითაც უნივერსიტეტები ვალდებულნი იქნებოდნენ, რეალურ დროში, ფინანსთა სამინისტროს დადგენილი ფორმით, წარედგინათ შემოსავლებისა და ხარჯვების შესახებ ინფორმაცია. ბოლოს, უნივერსიტეტები იმასაც დათანხმდნენ, რომ ცვლილებების ძალაში შესვლა მათთვის 2015 წლის 1 სექტემბრამდე გადავადებულიყო. თუმცა, უნივერსიტეტების ეს შეთავაზებები გათვალისწინებული არ ყოფილა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განგვიმარტეს, რომ მათი მხრიდან ორი მოთხოვნა იყო: პირველი – არ დამატებულიყო სტუდენტების გადასახადზე რაიმე საკომისიო თანხა; და მეორე – არ მომხდარიყო გადარიცხვების დაყოვნება. მათ სიტყვიერი დაპირება მიიღეს, რომ სახაზინო ანგარიშზე გადასვლით არანირი პრობლემა არ შეექმნებოდათ. მათი განცხადებით, პრაქტიკა გვიჩვენებს, შეფერხდება თუ არა ამ საკანონმდებლო ცვლილებებით უნივერსიტეტის მუშაობა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განგვიცხადეს, რომ ხაზინის ანგარიშზე გადასვლით მათ არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. უნივერსიტეტი თანხას თავისუფლად განკარგავს. მათი მხრიდან განცხადებაზე მიერთების ძირითადი საფუძველი უცხოელი სტუდენტების ფაქტორი იყო, ვინაიდან, შესაძლო იყო პრობლემა შექმნოდათ თანხების ჩარიცხვაზე.

დასკვნა

ცვლილებები, რომელიც საბიუჯეტო კოდექსში გაიწერა, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სსიპ(ებ)-ის და ა(ა)იპ(ებ)-ის ანგარიშების სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშში გადატანას ითვალისწინებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, უნივერსიტეტებმა პარლამენტს განცხადებით მიმართეს, რომელშიც ავტონომიის, კერძოდ ფინანსურ-ეკონომიკური რესურსების თავისუფლად განკარგვის შეზღუდვის საფრთხეზე იყო საუბარი. უნივერსიტეტები განცხადებაში ხაზს უსვამდნენ გარკვეული ოპერაციების დროში გაწელვის ან/და შეყოვნების საფრთხეს, რაც კომერციული ბანკების შემთხვევაში პრაქტიკულად არ ხდებოდა.

ფაქტ–მეტრი უმაღლესის სასწავლებლების ადმინისტრაციებს დაუკავშირდა. მათი მხრიდან მიღებული პასუხები განსხვავებულია. ერთნი აღნიშნავენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მათ პრობლემას არ უქმნის, მეორენი კი მათი ავტონომიის შეზღუდვასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და უკვე შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, სახელმწიფო ხაზინამ უკვე რამდენჯერმე განაცხადა უარი უნივერისიტეტის მიერ მოთხოვნილი ტრანზაქციის განხორციელებაზე.

ფაქტ-მეტრს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები შეიძლება შეიცავდეს უნივერსიტეტებისთვის ავტონომიის შეზღუდვის საფრთხეს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლიდან ჯერ კიდევ მცირე ხანია გასული, ვფიქრობთ, რომ საჭიროა მეტი დრო აღნიშნული ცვლილებების ეფექტზე დასაკვირვებლად და კონკრეტული დასკვნების გამოსატანად. შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ამ ეტაპზე თავს იკავებს ვერდიქტის გამოტანისგან და მხოლოდ დღეს არსებული სიტუაციის აღწერით, შესაძლო საფრთხეების ხაზგასმითა და ფაქტების ანალიზით შემოიფარგლება.

თეგები:

პერსონები