იტვირთება

ქალბატონო თინა,

მსურს გამოვეხმაურო მიმდინარე წლის 6 თებერვალს, თოქშოუ „რეაქციაში“ თქვენ მიერ გაკეთებულ განცხადებას

იმის შესახებ, რომ ფაქტ-მეტრი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი ორგანიზაციაა.

ბუნებრივია, ფაქტ-მეტრი, როგორც თავისუფალი და მიუკერძოებელი მედიასაშუალება, აღნიშნულ განცხადებას უპასუხოდ ვერ დატოვებდა. ნება მომეცით, ფაქტ-მეტრის სტილში, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, თქვენი ყურადღება რამდენიმე საკითხზე გავამახვილო, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, ნათლად აჩვენებს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თქვენი მტკიცება მცდარი და საფუძველს მოკლებულია.

დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ ფაქტ-მეტრი არა რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად, არამედ მსოფლიოში არსებული პრაქტიკის და გამოცდილების მიხედვით, ცნობილი ამერიკული ვებგვერდების: www.politifact.com-ის, www.factcheck.org-

ის შესაბამისად შეიქმნა. თუმცა, აქვე გვსურს ისიც აღვნიშნოთ, რომ თქვენი განცხადება სიმართლე რომც იყოს, არც ამის თქმა მოგვერიდებოდა. ჩვენ უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ვახდენთ და სპეციალურად თქვენთვის კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეს არ არის პოლიტიკური პროექტი. პროექტის მიზანი კვლევებზე დაყრდნობით საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და პოლიტიკოსების ანგარიშვალდებულების ზრდაა და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესების გატარება. პროექტის მიზნების მისაღწევად, თანამშრომლობას ყველა პოლიტიკოსთან, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, ალტერნატივა არ გააჩნია.

მედიაპროექტის მუშაობაში ძირითადად ის ახალგაზრდები მონაწილეობენ, რომელთა შერჩევა მხოლოდ მათ მიერ გამოვლენილი პროფესიული უნარების საფუძველზე მოხდა. ორგანიზაციაში დასაქმებული არიან აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები, რომლებიც სტატიებზე მუშაობისას ახერხებენ თავიანთი პირადი სიმპათიებისა და ანტიპათიების გარეშე, ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობით შეაფასონ ამა თუ იმ პოლიტიკოსის განცხადების სიზუსტე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აბსოლუტურად ყველა სტატიის საბოლოო ვერდიქტი სტატიის ავტორისა და რედაქტორთა ჯგუფის მიერ პოზიციების შეჯერების შედეგად დგინდება და მის შესახებ გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი არასდროს იღებს.

ფაქტ-მეტრის მიუკერძოებლობაზე საუბრისას აუცილებლად უნდა ითქვას მისი ფინანსური წყაროების შესახებ. სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ორგანიზაცია არასდროს დაფინანსებულა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებული წყაროდან. მეტიც, პროექტს არასდროს მიუღია ქართული დაფინანსება. ჩვენი დონორები არიან: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, გერმანიის მარშალის ფონდი (GMF), დემოკრატიის მხარდაჭერის ევროპული ფონდი (EED), დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (NED) და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. იმედია, რომ ზემოთჩამოთვლილი ორგანიზაციების რეპუტაციას და მიუკერძოებლობას არც თქვენ აყენებთ ეჭვქვეშ. ამ ორგანიზაციების მიერ, ფაქტ-მეტრის დაფინანსების მთავარი კრიტერიუმი ჩვენი ობიექტურობაა, რის საფუძველზეც, მათთან ჩვენი თანამშრომლობა უკვე ორი წლის განმავლობაში გრძელდება. გთხოვთ, მენდოთ, რომ ეს ორგანიზაციები თავიანთ ფინანსებს „პოლიტიკური პარტიის მიერ შექმნილ ორგანიზაციაზე“ არ ხარჯავენ.

ფაქტ-მეტრის სანდოობის და ობიექტურობის უმთავრესი არგუმენტი მისი სტატიების შინაარსია, რაც კვლევებზეა დაფუძნებული. დაარსებიდან დღემდე (2013 წლის მაისი) ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე დაახლოებით 500-მდე სტატია/კვლევა და ორმოცზე მეტი სატელევიზიო სიუჟეტი მოამზადა. აღსანიშნავია, რომ ამ მასალებში მრავალჯერ დაფიქსირებულა როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ზუსტი და არაზუსტი განცხადებების შესახებ. ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ ფაქტ-მეტრი ახორციელებს საქართველოს პარლამენტის სესიების მონიტორინგს. ამ დროისთვის, ძირითადი საპარლამენტო ოპოზიციის - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების 122 განცხადების 27% სიმართლედ შეფასდა. დაახლოებით იგივე მაჩვენებელი აქვს კოალიცია „ქართულ ოცნებასაც“ – 24% (98 განცხადებიდან). დაახლოებით იდენტურია ამ ორი პოლიტიკური ძალის წევრების განცხადებებისთვის გამოტანილი „მეტწილად სიმართლის“ და „ნახევრად სიმართლის“ ვერდიქტების რაოდენობაც. რაც შეეხება ნეგატიურ ვერდიქტებს, გრადაცია - „მეტწილად მცდარით“ „ქართული ოცნების“ წევრების 20, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების 13 განცხადება შეფასდა. ვერდიქტი - „მცდარი“ საპარლამენტო ოპოზიციის 11, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის 6 განცხადებას ერგო. ყველაზე დაბალი გრადაციით („ტყუილი“), პარლამენტში ორივე პოლიტიკური ძალა თანაბრად, სამ-სამჯერ შეფასდა.

პარლამენტის გარდა, ფაქტ-მეტრი პრემიერის, პრეზიდენტის

და მთავრობის წევრების განცხადებების მონიტორინგსაც ახორციელებს. ამ პოლიტიკოსებს ფაქტ-მეტრისგან მიუღიათ როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური ვერდიქტები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ვერდიქტების აბსოლუტური უმრავლესობა (ზოგიერთ შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ უნებლიე შეცდომებს) ზუსტი და არგუმენტირებულია.

რაც შეეხება უშუალოდ თქვენი და ფაქტ-მეტრის ურთიერთობას, ამ დრომდე, თქვენი მხოლოდ ერთი განცხადება გადავამოწმეთ, რომელიც სიმართლის ვერდიქტით შევაფასეთ და რომლის შინაარსიც „ნაციონალური მოძრაობის“ „სასიკეთოდ“ ნამდვილად არ მეტყველებს (იხ. ბმული).

ზემოთ მოყვანილ რიცხვებში, ისევე, როგორც თავად სტატიების მიუკერძოებლობაში დარწმუნება, ჩვენი ვებგვერდის ნებისმიერ მკითხველს შეუძლია. აქვე, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ფაქტ-მეტრი დეტალურად ეცნობა ნებისმიერი მკითხველის მოსაზრებას ამა თუ იმ სტატიასთან დაკავშირებით და მათ არგუმენტებს ყურადღებით განიხილავს. ფაქტ-მეტრის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ იმ შემთხვევაში თუ მკითხველი, მათ შორის პოლიტიკოსი, არ ეთანხმება კონკრეტული სტატიის ვერდიქტს, ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ მისი არგუმენტები, მათი სისწორის შემთხვევაში გავიზიაროთ ისინი და სტატიაც შესაბამისად დავაკორექტიროთ. მსგავსი შემთხვევები პრაქტიკაში ხშირად ყოფილა (სწორედ ამას მიუთითებს მინიშნება - „შესწორებული“ ფაქტ-მეტრის ზოგიერთ სტატიაზე). ჩვენთან უთანამშრომლიათ ორივე ძირითადი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს (დაინტერესების შემთხვევაში კონკრეტულ მაგალითებსაც მოგაწვდით).

ის, რომ ფაქტ-მეტრი არ წარმოადგენს რომელიმე პარტიის მიერ შექმნილ მედიასაშუალებას, მისმა საერთაშორისო აღიარებამაც დაადასტურა. 2014 წლის ზაფხულში ჩვენი ორგანიზაცია მსოფლიოს ქვეყნების fact-checking ორგანიზაციების პირველ გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 40 ქვეყნის დელეგატი მონაწილეობდა. ამ სამიტის გაშუქებისას ფაქტ-მეტრის შესახებ Washington Post-იც წერდა (იხ. ბმული).

ჩვენ შესახებ ზემოთ მოცემული ამ მოკლე ინფორმაციით ვასრულებთ გამოხმაურებას თქვენი განცხადებისადმი, რომელიც ფაქტ-მეტრის გრადაციით რომ შეგვეფასებინა, დავასკვნიდით, რომ იგი ტყუილია, რადგან მიგვაჩნია, რომ თქვენი მტკიცება არაარგუმენტირებულ აღქმას ეყრდნობა. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, თავად ჩვენი პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით პოლიტიკოსთა ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის ზრდა წარმოადგენს. იმედს გამოვთქვამთ, რომ კონკრეტულად ეს წერილიც ამ მნიშვნელოვანი მიზნის შესრულებას შეუწყობს ხელს.

დასასრულს, ჩვენ მზად ვართ თქვენთან ერთად განვიხილოთ ნებისმიერი სტატიის შინაარსი, რომელმაც გაფიქრებინათ, რომ ჩვენ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ შექმნილ და მხარდამჭერ ორგანიზაციას წარმოვადგენთ.

პატივისცემით,

პაატა გაფრინდაშვილი

ფაქტ-მეტრის მთავარი რედაქტორი,

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ვიცე დირექტორი

მსგავსი სიახლეები

2834 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი