საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გასული წლის 25 ნოემბერს გადაცემა „არჩევანში“ ნიუ-იორკიდან, პირდაპირ ეთერში ჩაერთო. საუბრისას, მან მოქმედი ხელისუფლება წინა ხელისუფლების მიერ წამოწყებული პროექტების მიზანმიმართულ შეჩერებაში დაადანაშაულა. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად მან სტუდენტების უცხოეთში გაგზავნის საპრეზიდენტო პროგრამა დაასახელა. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა გაუქმდა.

ფაქტ-მეტრი ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.

ჩვენ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მივმართეთ და სტუდენტების უცხოეთში გაგზავნის საპრეზიდენტო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოვითხოვეთ. პასუხი თვენახევრის დაგვიანებით მივიღეთ. მიღებული წერილი

 მხოლოდ 2013 წლის მონაცემებს შეიცავს. წერილში ნათქვამია, რომ „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 მარტის #201 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, 2013 წელს უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეების სწავლისა და სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დაფინანსება განხორციელდა. სტუდენტები კონკურსის შედეგად დაფინანსდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, კანდიდატების შერჩევის პრინციპი და კრიტერიუმები გამოცემულ სამართლებრივ აქტებსა და კომისიის სხდომების ოქმებში ასახული არ არის.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 6 ივნისის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციას 43 058 ევრო, 333 500 აშშ დოლარი, 118 058 ინგლისური გირვანქა სტერლინგი და 38 268 შვეიცარიული ფრანკი გამოეყო. შესაბამისად, კონკურსის წესით შერჩეული 34 სტუდენტის დაფინანსებისთვის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 1 013 534 ლარია გადარიცხული. წერილში განმარტებულია, რომ სტუდენტების უცხოეთში გაგზავნის სხვა საპრეზიდენტო პროგრამების შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის მოქმედ ადმინისტრაციას არ აქვს.

კვლევის ფარგლებში ფაქტ-მეტრი კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის დეკანს, ნინო კალანდაძეს ესაუბრა, რომელიც 2013 წელს პირადად იყო ჩართული სტუდენტების უცხოეთში გაგზავნის საპრეზიდენტო პროგრამის ორგანიზებაში. მისი განმარტებით, აღნიშნულ პროგრამას ერთჯერადი ხასიათი ჰქონდა და ის პრეზიდენტის ინიციატივით მხოლოდ 2013 წელს განხორციელდა. ნინო კალანდაძემ განმარტა, რომ სტუდენტების უცხოეთში გაგზავნის საპრეზიდენტო პროგრამა 2008-2010 წლებშიც ხორციელდებოდა. პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 20-25 სტუდენტის საწავლის საფასურის დაფინანასება ხდებოდა. შემდეგში, ეს პრეროგატივა განათლების სამინისტროს გადაეცა და მას შემდეგ პროგრამას სწორედ აღნიშნული უწყება წარმართავდა. ნინო კალანდაძის თქმით, 2013 წელს პრეზიდენტის ინიციატივა განათლების სამინისტროს პარალელურად განხორციელდა და სტუდენტების უცხოეთში სწავლა დააფინანსა, როგორც პრეზიდენტმა, ისე განათლების სამინისტრომ.

2014 წლიდან განათლების სამინისტროს პროგრამა („ცოდნის კარი“) პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი ცენტრის ფარგლებში მოექცა. კერძოდ, 2014 წლის 15 მაისს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საზოგადოებას „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ კონცეფცია წარუდგინა. როგორც ცენტრის ვეგბგვერზეა განცხადებული, „ცენტრის

მიზანი, სახელმწიფოს პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის უცხოური განათლების მიღების ხელშეწყობაა“.

განათლების საერთაშორისო ცენტრის შესახებ ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.

ცენტრი სამ ქვეპროგრამას ახორციელებს. ესენია:

  • სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა;
  • სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების ქვეპროგრამა;
  • აკადემიური პერსონალის, მკვლევარებისა და პრაქტიკოსების საქართველოში მოწვევის ქვეპროგრამა.

პროგრამის ფარგლებში „განათლების საერთაშორისო ცენტრმა“ უკვე 77 აპლიკანტი დააფინანსა.

  დასკვნა

როგორც ვნახეთ, საპრეზიდენტო პროგრამა, რომელიც სტუდენტების უცხოეთში სწავლას აფინანსებდა, მართლაც აღარ მოქმედებს. დაახლოებით 2010 წლიდან, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში, აღნიშნულ პროგრამას განათლების სამინისტრო ახორციელებდა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მასში ჩართული აღარ იყო. 2014 წლიდან განათლების სამინისტროს პროგრამა პრემიერ-მინისტრის მიერ ჩამოყალიბებული ცენტრის ფარგლებში მოექცა და მთავრობის კანცელარიას დაექვემდებარა. რაც შეეხება, სტუდენტების უცხოეთში გაგზავნის 2013 წლის საპრეზიდენტო პროგრამას, მას ერთჯერადი ხასიათი ჰქონდა და მხოლოდ 2013 წელს განხორციელდა. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ აღნიშნული პროგრამა ახალი მთავრობის პირობებში მიზანმიმართულად გაუქმდა, არასწორია. პროგრამა არ გაუქმებულა და მას ამჟამად პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი ცენტრი ახორციელებს.

ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება: „უცხოეთში სტუდენტების გაგზავნის საპრეზიდენტო პროგრამა გაუქმებულია,“ არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5392 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი