წლის 30 დეკემბერს გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა: „მთავრობამ 2015 წელს 350 მილიონით გაიზარდა საკუთარი ხარჯი. მე მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, მთავრობის შენახვა 2015 წელს 350 მილიონით მეტი დაგიჯდებათ, ვიდრე ეს 2012 წელს ჯდებოდა“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.
სამთავრობო ხარჯები ყოველწლიურად სახელმწიფოს მიერ გაწეული მომსახურების ხარჯებია. აქ შედის როგორც სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ადამიანთა ანაზღაურება, ასევე გაწეული სერვისის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი ხარჯები. სამთავრობო ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში, „შრომის ანაზღაურებისა“ და „საქონელი და მომსახურების“ მუხლებშია გაწერილი.
2012წლის ბიუჯეტით, შრომის ანაზღაურება 1 049 მლნ ლარით განისაზღვრა, 2015 წლის საბიუჯეტო გეგმით კი, ეს მუხლი 1 407 მლნ ლარია. შესაბამისად, მიმდინარე წლის ბიუჯეტით, აღნიშნული მუხლი, 2012 წელთან შედარებით, 358 მლნ ლარით (34%-ით) გაიზარდა. 2012 წელს საქონლისა და მომსახურების მუხლი 1 061 მლნ ლარით განისაზღვრა, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით კი, ის 964 მლნ ლარია. შესაბამისად, 2012 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, მიმდინარე წელს ბიუჯეტის ეს მუხლი 97 მლნ ლარით (9%-ით) შემცირდა.
რაც შეეხება მთავრობის მთლიან ხარჯს, 2012 წელთან შედარებით მიმდინარე წელს ის 261 მლნ ლარით (12%-ით) გაიზარდა. მთავრობის შენახვა 2015 წელს 2 372 მლნ ლარი ჯდება.
ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა სამთავრობო ხარჯები გასულ წლებში.
ცხრილი 1:
ბიუჯეტით გათვალისწინებული სამთავრობო ხარჯები (2010-2015 წწ.)
წელი |
შრომის ანაზღაურება |
საქონელი და მომსახურება |
მთლიანი სამთავრობო ხარჯი |
|||
მლნ ლარი |
% წინა წელთან |
მლნ ლარი |
% წინა წელთან |
მლნ ლარი |
% წინა წელთან |
|
2010 |
993 |
5% |
882 |
-1.7% |
1875 |
1.9% |
2011 |
1 012 |
2% |
989 |
12.2% |
2001 |
6.7% |
2012 |
1 049 |
4% |
1 061 |
7.3% |
2111 |
5.5% |
2013 |
1 188 |
13% |
766 |
-27.8% |
1953 |
-7.5% |
2014 |
1 318 |
11% |
854 |
11.5% |
2172 |
11% |
2015 |
1 408 |
7% |
964 |
12.9% |
2372 |
9% |
როგორც ცხრილიდან ჩანს, აღნიშნულ წლებში სამთავრობო ხარჯები მხოლოდ 2013 წელს (ბიუჯეტის 100%-ით შესრულების შემთხვევაში იგი 3%-ით შემცირდებოდა) შემცირდა. ყველაზე მაღალი პროცენტული ზრდა კი, 2014 და 2015 წლებში ფიქსირდება. განსხვავებით მთლიანი სამთავრობო ხარჯისგან, ყოველწლიურად იზრდებოდა შრომის ანაზღაურების მუხლი. აქედან, ყველაზე მაღალი, 13%-იანი ზრდა, 2013 წელს ფიქსირდება. მიმდინარე წელს, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, ეს მუხლი 7%-ით გაიზარდა.
ჩვენ ის სახელმწიფო უწყებები გამოვყავით, სადაც 2012 წელთან შედარებით შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზარდა: თავდაცვის სამინისტრო - 96.5 მლნ ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტრო - 62.7 მლნ ლარი, კულტურის სამინისტრო - 50.2 მლნ ლარი, ეკონომიკის სამინისტრო - 28.5 მლნ ლარი, საერთო სასამართლოები - 19 მლნ ლარი და ა.შ. კულტურის სამინისტროს ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების მუხლის ზრდა სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობის სამინისტროს მუხლში გადმოტანამ გამოიწვია. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წელს, 2014 წელთან შედარებით, კულტურის სამინისტროს შრომის ანაზღაურების ფონდი 49 მლნ ლარით გაიზარდა. ასევე, შსს-ს ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების მუხლის გაზრდა სახანძრო-სამაშველო სამსახურების შსს-ს დაქვემდებარებაში გადასვლამ განაპირობა. აღნიშნული სამსახური 20 მლნ ლარით ფინანსდებოდა, შესაბამისად ეს თანხა შსს-ს ბიუჯეტს დაემატა. აღნიშნულმა ცვლილებებმა შრომის ანაზღაურების მუხლი 2015 წლის ბიუჯეტში, ჯამში 69 მლნ ლარით გაზარდა.
გრაფიკი 1:
სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ზრდა 2015 წელს (მლნ ლარი)
წყარო: 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიაქვე აღსანიშნავია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების რიცხვი შრომის ანაზღაურების მუხლის დაფინანსების პროპორციულად არ იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ 2013, 2014, 2015 წლებში სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა გაზრდილია, მისი პროცენტული ზრდა შრომის ანაზღაურების ზრდას მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
ცხრილი 2:
სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით მომუშავეთა რიცხოვნობის ზრდა (2012-2015 წწ.)
წლები | მომუშავეთა რიცხოვნობა | პროცენტული ცვლილება |
2012 | 102 976 | |
2013 | 109 685 | 6% |
2014 | 111 337 | 2% |
2015 | 116 442 | 5% |
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულთა რიცხვის ზრდა უმეტესწილად კულტურის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა რაოდენობის ზრდითაა გამოწვეული, რაც კულტურის სამინისტროს შემთხვევაში, მის კონტროლს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობის უშუალოდ სამინისტროს მუხლში გადმოტანითაა განპირობებული. ხოლო შსს-ს შემთხვევაში, მომუშავეთა რიცხოვნობის ზრდა 2015 წლიდან სახანძრო-სამაშველო სამსახურების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლითაა გამოწვეული.
იმის გასარკვევად, სამთავრობო ხარჯები რეგიონებშიც იზრდება თუ არა, ჩვენ საქართველოს ნაერთი ბიუჯეტი (აერთიანებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური ერთეულების ბიუჯეტებსა და ადგილობრივ ბიუჯეტებს) მიმოვიხილეთ. საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის მიხედვით, 2012 წელს სამთავრობო ხარჯებმა 2 500 მლნ ლარი შეადგინა და წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ის 6%-ით გაიზარდა. 2013 წელს ბიუჯეტის აღნიშნული მუხლი 3%-ით შემცირდა. 2014 წელს ზრდამ 7% შეადგინა, 2015 წელს კი - 9%. ამ მონაცემების მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობა თითქმის ერთნაირი პროპორციით იზრდება როგორც ცენტრალურ აპარატში, ასევე რეგიონებში.
2015წლის ბიუჯეტით დაგეგმილი სამთავრობო ხარჯები მშპ-ს 13%-ია, რაც გვიჩვენებს ეროვნული შემოსავლის რა ნაწილს ვხარჯავთ ყოველწლიურად მთავრობის შესანახად.
ცხრილი 3:სამთავრობო ხარჯების წილი მთლიან შიდა პროდუქტში
წელი |
პროცენტი |
2010 |
11% |
2011 |
12% |
2012 |
12% |
2013 |
14% |
2014 |
13% |
2015 |
13% |
მიუხედავად იმისა, რომ ნომინალში სამთავრობო ხარჯები გაზრდილია, რეალურად „მთავრობის სიდიდე“ იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ მთლიანი შიდა პროდუქტის რამდენ პროცენტს შეადგენს ის და ასევე, რამდენად იზრდება ეს წილი მშპ-სთან მიმართებაში. როგორც ცხრილიდანაც ჩანს, მთავრობის ხარჯების წილი მშპ-სთან მიმართებაშიც იზრდება.
დასკვნა
მიმდინარე წელს სამთავრობო ხარჯი („შრომის ანაზღაურების“ და „საქონელისა და მომსახურების“ მუხლები), 2012 წელთან შედარებით 261 მლნ ლარით (12%) გაიზარდა. ობიექტური შეფასებისთვის, ამ თანხას 69 მლნ ლარი უნდა გამოვაკლოთ (კულტურის სამინისტროსა და შსს-ს ზემოთ განხილული შემთხვევა), რომელიც ბიუჯეტიდან დამატებით არ გამოყოფილა. შესაბამისად, მივიღებთ, რომ სამთავრობო ხარჯი 2012 წელთან შედარებით 192 მლნ ლარით გაიზარდა.
ჩვენთან საუბრისას დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ განცხადების გაკეთებისას ის მხოლოდ შრომის ანაზღაურების ზრდას გულისხმობდა, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, სახელმწიფო ხარჯები „შრომის ანაზღაურებასთან“ ერთად „საქონელისა და მომსახურების“ მუხლსაც მოიცავს. დავით ბაქრაძე მართალია რიცხვს თითქმის ზუსტად ამბობს („შრომის ანაზღაურების“ მუხლი 358 მლნ ლარით გაიზარდა), მაგრამ აქედან 69 მლნ ლარის დამატება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამინისტროების ბიუჯეტში შეტანილმა ცვლილებებმა გამოიწვია. ამიტომ, რეალურად, 2015 წელს 2012 წელთან შედარებით შრომის ანაზღაურება 289 მლნ ლარითაა გაზრდილი.
დავით ბაქრაძე სიმართლეს ამბობს, როდესაც ის მთავრობის ხარჯების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობს, თუმცა ის გარკვეულ შეცდომებს უშვებს სამთავრობო ხარჯების განსაზღვრებისა და შესაბამისი რიცხვის დასახელებისას. მიუხედავად ამისა, განცხადების კონტექსტიდან გამომდინარე, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ მისი განცხადება არის მეტწილად სიმართლე.