იტვირთება

2014 წლის 21 მაისს, ჰარვარდის კლუბში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა. პრემიერმა საქართველოს გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა, აქცენტი ტურიზმისა და ინდუსტრიის სექტორზე, ასევე ინვესტიციებზე გააკეთა და განაცხადა:

„ანალიტიკური ცენტრის Heritage Foundation-ის უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, საქართველო 22-ე ადგილზეა მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, მიაღწია რა გაუმჯობესებას ეკონომიკური თავისუფლების ათი კატეგორიიდან ექვსში, მათ შორის: საჯარო ფინანსების მენეჯმენტის, ინვესტირების თავისუფლების, მონეტარული თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დაცვის კატეგორიების ჩათვლით. იმავე რეიტინგის თანახმად, საქართველო მე-12 ადგილზეა ევროპის 43 ქვეყანას შორის“.

2015

წლის 13 იანვარს, საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა კვლავ გაიმეორა იგივე სიტყვები.

ფაქტ-მეტრი საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით კიდევ ერთხელ დაინტერესდა და მის შესახებ დამატებითი დეტალები გამოიკვლია.

Heritage Foundation, რომელიც 1973 წელს დაარსდა, კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტია. მისი ძირითადი მისია მთავარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე კვალიფიციური კვლევების ჩატარება და მათი მიზნობრივი მომხმარებლებისთვის (კონგრესის წარმომადგენლებისთვის, მედიისთვის, აღმასრულებელი ორგანოებისთვის და სხვა) მიწოდებაა.

19

წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის განსაზღვრა ხდება, მისი მაჩვენებელი 28 ქულით გაუმჯობესდა (მაქსიმალურ მაჩვენებელს 2014 წელს მიაღწია), რაც დანარჩენ ქვეყნებს შორის მესამე საუკეთესო შედეგის მაჩვენებელია. ასეთი ზრდის მიზეზი ძირითადად მარეგულირებელი სისტემის გაუმჯობესებაში და ბაზრის გახსნილობაშია. ასევე, მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ვაჭრობის ლიბერალიზაციაში, პრივატიზაციის სფეროში და სხვა. 2012 წელს საქართველო 178 ქვეყანას შორის 34-ე ადგილზე იყო, 2013 წელს კი 21-ე ადგილზე გადაინაცვლა.

აღნიშნული კვლევის შედეგები ეყრდნობა 1 - 1,5 წლით ადრინდელ ინფორმაციას. 2014 წლის მონაცემი 2012 წლის მეორე ნახევრის და 2013 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობას ასახავს, ხოლო 2013 წლის ინდექსი კი, 2011 წლის მეორე ნახევრისა და 2012 წლის პირველი ნახევრის ინფორმაციას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2013 წელს 34-ე ადგილიდან 21-ე ადგილზე გადასვლა ახალი მთავრობის მუშაობის შედეგი არ არის. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის კვლევაში საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების კოეფიციენტი გაიზარდა, იგი რეიტინგში ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა. ეს ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებმა უფრო მეტად გააუმჯობესეს ეკონომიკური თავისუფლების კრიტერიუმები.

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების 2014 წლის ინდექსის შესახებ Heritage Foundation-ს ცალკე ანგარიში

 აქვს მომზადებული. ამ მოხსენების პირველ გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, 2014 წელს საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 100-იდან 72.6 ქულა მიენიჭა. ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიოში 22-ე, ხოლო ევროპაში მე-12 ადგილზეა. ეს ინფორმაცია პრემიერის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან თანხვედრაშია.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მაჩვენებელი (72.6 ქულა) წინა წლის მონაცემზე 0.4-ით მეტია. ხოლო რაც შეეხება კატეგორიებს, ქვეყანა ათი კატეგორიიდან არა ექვსში, არამედ ხუთ კატეგორიაში გაუმჯობესდა. კერძო საკუთრების თავისუფლების კუთხით, რომელიც პრემიერმა განსაკუთრებით გამოყო, საქართველოს მნიშვნელოვანი რეგრესი აქვს და 45 ქულიდან 40 ქულამდე ჩამოქვეითდა.

ცხრილი 1: 

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლები

image001 წყარო: HeritageFoundation

ზემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით, საკუთრების უფლების მაჩვენებელი წინა წლის მონაცემთან შედარებით 5-ით გაუარესდა, ხოლო საჯარო ფინანსების მენეჯმენტის მაჩვენებელი უცვლელი დარჩა.

ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინდექსში წარმატებას ასახავს არა კომპონენტების კოეფიციენტები, არამედ ის, თუ რომელ ადგილზეა ქვეყანა და რამდენად უსწრებს წლიდან წლამდე სხვა ქვეყნებს. ამ მხრივ, 2014 წლის ინდექსში საქართველოს 10 კომპონენტიდან 8 კომპონენტში გაუარესება აქვს. საქართველოს გაუმჯობესება მხოლოდ ორ კომპონენტში აქვს, ესენია მონეტარული თავისუფლება და საინვესტიციო თავისუფლება.

მეორე ცხრილში მოცემულია თუ რომელ ადგილზე იმყოფებოდა საქართველო 178 ქვეყანას შორის 2013 და 2014

წლებში თითოეული კომპონენტის მიხედვით.

ცხრილი 2:

საქართველოს რეიტინგი თითოეული კომპონენტის მიხედვით

კომპონენტი 2013 2014
ბიზნესის თავისუფლება 16 18
ვაჭრობის თავისუფლება 6 8
ფისკალური თავისუფლება 33 39
სამთავრობო ხარჯვა 81 89
მონეტარული თავისუფლება 122 60
საინვესტიციო თავისუფლება 27 23
ფინანსური თავისუფლება 40 41
საკუთრების თავისუფლება 68 70
კორუფციისგან თავისუფლება 62 62
შრომის თავისუფლება 3 5
საერთო ადგილი 21 22
წყარო: Heritage Foundation

დამატებითი ინფორმაციისთვის, 2014 წლის მონაცემებთან ერთად ჩვენ ასევე გასული წლების მაჩვენებლებიც მიმოვიხილეთ.

  ცხრილი 3: 2003-2014

წლებში საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლები

image002 წყარო: HeritageFoundation

ცხრილი 3-დან ჩანს, რომ საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მაჩვენებელი 2003 წლიდან 2005 წლამდე ზრდის, ხოლო 2005 წელს კლების ტენდენციით (1.8-ით) ხასიათდება. 2006 წლიდან 2012 წლამდე ეს მაჩვენებელი ძირითადად კვლავ იზრდება, ხოლო 2012 წელს 2011 წელთან შედარებით 1-ით იკლებს. 2013 წელს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მაჩვენებელი 2.8 ერთეულით კვლავ იმატებს და 2014 წლის ჩათვლით კვლავ ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში პირველ ადგილზე ჰონ კონგი დგას – 90.1-იანი მაჩვენებლით, მეორეზე სინგაპური (89.4), მესამეზე ავსტრალია (82.0), მეოთხეზე შვეიცარია (81.6) და მეხუთეზე კი – ახალი ზელანდია (81.2).

დასკვნა

პრემიერ-მინისტრის განცხადების გადამოწმებისას გაირკვა, რომ საქართველოს 2014 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შესახებ Heritage Foundation-ის მიერ მომზადებული 2 გვერდიანი ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 100-იდან 72.6 ქულა მიენიჭა. ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიოში 22-ე, ხოლო ევროპაში მე-12 ადგილზეა და 2013 წელთან შედარებით ერთი ადგილით ჩამოქვეითდა. რანჟირების მიხედვით, სხვა ქვეყნებს ჩამოვრჩით ათიდან რვა კომპონენტში, ეს კი ნიშნავს იმას, რომ სხვა ქვეყნები უფრო სწრაფად ან ეფექტიანად ატარებენ რეფორმებს და ისინი უფრო წარმატებულები არიან ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის ამაღლებაში.

ასევე, ამავე ანგარიშში არსებული ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მაჩვენებელი (72.6 ქულა) წინა წლის მონაცემზე 0.4-ით მეტია. თუმცა, კომპონენტების მიხედვით, ათი კატეგორიიდან არა ექვსი, არამედ ხუთი კომპონენტი გაუმჯობესდა.

ირაკლი ღარიბაშვილი ფაქტობრივ მონაცემებს მეტ-ნაკლებად ზუსტად გადმოსცემს, მაგრამ კომპონენტებთან დაკავშირებით ის ამახვილებს ყურადღებას არა საქართველოს პოზიციაზე სხვა ქვეყნებთან მიმართებით, არამედ ინდექსის კომპონენტების კოეფიციენტებზე, როდესაც ამბობს, რომ ათიდან ექვს კომპონენტში გვაქვს გაუმჯობესება. მსგავსი შედარება არ არის საკმარისი, რადგან ინდექსის მთავარი მიზანია ქვეყნების შედარება ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით. 2014 წლის მონაცემების მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მთავრობა ნაკლებად წარმატებულია ეკონომიკურ თავისუფლებაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებაში, რადგან 2013 წლის შემდეგ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ერთი ადგილით უკან დავიხიეთ.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რედაქტორის შენიშვნა: აღნიშნული სტატიის თავდაპირველი ვერსია ფაქტ-მეტრის ანალიტიკოსის, ნუცა თოხაძის ავტორობით 2014 წლის 30 ივნისს გამოქვეყნდა. როგორც სტატიაში აღვნიშნეთ, 2015 წლის 13 იანვარს Heritage Foundation-ის კვლევის შედეგები პრემიერმა მეორედ ახსენა და შარშან გაკეთებული განცხადება გაიმეორა. ამ განცხადების შემდეგ, ფაქტ-მეტრი აღნიშნულ საკითხს კიდევ ერთხელ მიუბრუნდა. კვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ ჩვენი სტატიის თავდაპირველ ვარიანტში ნაკლებად დეტალურად იყო გაანალიზებული აღნიშნული კვლევის კომპონენტები და თითოეულ მათგანში საქართველოს მიერ ნაჩვენები შედეგები. ამ გარემოების გამო, ჩვენ საკითხი დამატებით გამოვიკვლიეთ და სტატია განვაახლეთ. ასევე, კვლევის კომპონენტების ანალიზის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიცვალა ფაქტ-მეტრის ვერდიქტიც და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება „მეტწილად სიმართლის“ ნაცვლად „ნახევრად სიმართლედ“ შეფასდა.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4280 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი