წლის 29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც "საჯარო სამსახურის შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებები განიხილეს. განხილვისას დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური ცვლილებები საჯარო სამსახურში ცვლილებებს არ უნდა იწვევდეს. მას კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის წარმდგენმა დეპუტატმა, გია ჟორჟოლიანმა უპასუხა და განაცხადა: „სტატისტიკა კონკურსების შესახებ, რომლებიც 2014 წლის 1 იანვრამდე ჩატარდა, ამბობს სრულიად საპირისპიროს. 85%-ზე მეტი ადამიანი, რომელიც მუშაობდა საჯარო სექტორში, დარჩა იგივე თანამდებობებზე, ან მსგავს თანამდებობებზე“.
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა და დეპუტატის განცხადება გადაამოწმა.
საკითხის შესახებ ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროდან გამოვითხოვეთ, საიდანაც დაახლოებით ერთ თვეში საკმაოდ ბუნდოვანი პასუხიმივიღეთ. ამ პასუხის თანახმად, 2014 წლის 1 იანვრამდე, ბიუროს ვებგვერდზე 10 527 ვაკანსია გამოქვეყნდა, რომელზეც განაცხადი 644 671-მა მოქალაქემ გააკეთა. ამ დროისთვის, საჯარო სამსახურის ბიუროში არსებული ინფორმაციის თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მიღების შემდეგ თანამდებობაზე 800 მოქალაქე დაინიშნა. ფაქტ-მეტრი საკითხში სრულად გასარკვევად, ბუნებრივია, მხოლოდ ამ პასუხით ვერ იხელმძღვანელებდა.
საჯარო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნის წესს „საჯარო სამსახურის შესახებ კანონი“ არეგულირებს. 2012 წლამდე საჯარო სამსახურში კონკურსის წესით შესავსებ თანამდებობებზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად ყოფნის ვადა განსაზღვრული არ იყო (30-ე მუხლი). „საჯარო სამსახურის შესახებ კანონში“ 2012 წლის 29 ივნისის ცვლილებითგარკვეული შეზღუდვა დაწესდა. კერძოდ, მაღალ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებელი არაუმეტეს ერთი წლის ვადით, ხოლო მოხელის სხვა პოზიციაზე არა უმეტეს სამი თვის ვადით ინიშნება. განისაზღვრა კონკურსის ჩატარების ვადებიც. კერძოდ, ცენტრალური ხელისუფლების საჯარო სამსახურებში კონკურსი 2014 წლის 1 იანვრამდე უნდა ჩატარებულიყო, ხოლო თვითმმართველობებში არაუგვიანეს 2014 წლის 31 დეკემბრამდე (თვითმმართველობებში კონკურსის ჩატარების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოოდ 2014 წლის 31 დეკემბერი დადგინდა).
საჯარო სამსახურებში 2014 წლის 1 იანვრამდე გამართული კონკურსების შედეგების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ჩვენ გავეცანეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევას– „რა შედეგით დასრულდა ცენტრალური ხელისუფლების საჯარო სამსახურში გამართული კონკურსები“. კვლევისთვის არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების საჯარო სამსახურების შეირჩა, რაც იმით იყო განპირობებული, რომ მხოლოდ მათ ჰქონდათ მოვალეობის შემსრულებლების თანამდებობზე კონკურსის წესით დანიშვნის ვალდებულება 2014 წლის 1 იანვრამდე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ინფორმაცია ხელისუფლების თითქმის ყველა ორგანოდან გამოითხოვა (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური უწყების ჩათვლით). ინფორმაცია მხოლოდ მთავრობის კანცელარიიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან არ გამოუთხოვიათ, რადგან ამ უწყებებში დასაქმებული მოხელეები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო კონკურსს არ ექვემდებარებიან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, საანგარიშო პერიოდში (2013 წლის 1 მარტიდან 2014 წლის 1 იანვრამდე), 24 საჯარო უწყებაში, კონკურსის წესით 1 779 თანამშრომელი დაინიშნა. აქედან, 187 მოსამსახურე დაინიშნა პოზიციაზე, რომელიც კონკურსის ჩატარებამდე ვაკანტური იყო, ხოლო კონკურსით შესავსებ დანარჩენ 1 592 პოზიციას დროებით მოვალეობის შემსრულებლები იკავებდნენ. ამ 1 592 მოვალეობის შემსრულებლიდან 1 376-მა, ამავე პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილე დროებით მოვალეობის შემსრულებელთა 86,5%-მა კონკურსის შედეგად თანამდებობა შეინარჩუნა. ეს მაჩვენებელი ძალიან მაღალია იმის ფონზე, რომ საჯარო სამსახურებში გამოცხადებულ თითო ვაკანსიაზე საშუალოდ 62 კანდიდატს ჰქონდა განაცხადი წარდგენილი.
მართალია, გია ჟორჟოლიანის განცხადება საჯარო სამსახურებში 2014 წლის 1 იანვრამდე გამართულ კონკურსის შედეგად თანამდებობაშენარჩუნებულ მოხელეებს შეეხება, თუმცა კომენტარი, რომელზე პასუხადაც დეპუტატმა ეს სტატისტიკა მოიყვანა, ბევრად უფრო ფართოა და ხელისუფლების ცვლილების შედეგად მთლიანად საჯარო სამსახურებში განხორციელებულ საკადრო პოლიტიკას შეეხებოდა. სრული სურათის მისაღებად, ჩვენ არა მარტო კონკურსის შედეგად თანამდებობაშენარჩულებულ მოხელეთა სტატისტიკას, არამედ საჯარო სამსახურიდან გაშვებულ მოხელეთა სტატისტიკასაც გავეცანით. ამ მიზნით, ფაქტ-მეტრმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კიდევ ერთი კვლევა – "საკადრო პოლიტიკა საჯარო სამსახურში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ“ მიმოიხილა. კვლევის მიხედვით, არჩევნების შემდეგ, 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 მარტამდე, საქართველოში მოქმედი საჯარო დაწესებულებებიდან (სამინისტროები, მათ დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მუნიციპალიტეტების გამგეობები და საკრებულოები), მთლიანობაში, სულ ცოტა 5 149 თანამშრომელი დაითხოვეს. მათგან 2 330-ის (45%) გათავისუფლება საკუთარი განცხადების საფუძველზე მოხდა, რაც, როგორც კვლევაშია მითითებული, ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ ხშირ შემთხვევაში საჯარო მოხელეები საკუთარი ნებით სამსახურს არ ტოვებდნენ. კვლევის მიხედვით, საჯარო უწყებებიდან, საიდანაც კვლევის ავტორებმა ინფორმაცია მოიპოვეს, საერთო ჯამში თანამშრომელთა 11% გათავისუფლდა. ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებიდან სულ 3 301 მოხელის გათავისუფლება მოხდა, მათ შორის ყველაზე მეტი ადამიანი შინაგან საქმეთა (897), ჯანდაცვის (883) და თავდაცვის (690) სამინისტროებიდან იქნა გათავისუფლებული. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებიდან სულ 1 869 მოხელე გათავისუფლდა. აქედან, ნახევარზე მეტი, 1 022 ადამიანი, საკუთარი განცხადების საფუძველზე. რაც შეეხება ადგილობრივი ხელისუფლების დაწესებულებებს, ყველაზე მეტი მოხელე კახეთის (585), იმერეთის (290) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის (241) მუნიციპალიტეტებიდან გაათავისუფლეს.
ჩვენს მიერ განხილულ კვლევაში სამსახურში თანამშრომლების მიღების პრაქტიკაც არის შესწავლილი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო დაწესებულებებში თანამდებობაზე სულ 6 557 მოხელე დაინიშნა, საიდანაც მხოლოდ 257 (4%) შეირჩა კონკურსის წესით.
დასკვნა
დეპუტატი მართალია განცხადების იმ ნაწილში, რომ 2014 წლის 1 იანვრამდე გამართული კონკურსების შედეგად, საჯარო სამსახურებში თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილე დროებით მოვალეობის შემსრულებელთა 86,5%-მა კონკურსის შედეგად თანამდებობა შეინარჩუნა. თუმცა, გარდა იმისა, რომ ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის ავტორთა აზრით ამყარებს საზოგადოების გარკვეული ჯგუფის აზრს, რომ საჯარო სამსახურში კონკურსები ძირითადად ფორმალურად ტარდება, მხოლოდ ეს სტატისტიკური მაჩვენებელი არ ასახავს ხელისუფლების ცვლილების შედეგად საჯარო სამსახურებში არსებული საკადრო პოლიტიკის სრულ სურათს.
კვლევამ აჩვენა, რომ არჩევნების შემდეგ სულ რამდენიმე თვეში (2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 მარტამდე), საჯარო სამსახურებიდან დიდი რაოდენობით (სულ ცოტა 5 149) თანამშრომლების გათავისუფლება მოხდა. მათგან 45% საკუთარი განცხადების საფუძველზე იქნა გათავისუფლებული, რაც, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაშია აღნიშნული, გარკვეულ ეჭვს ბადებს და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების შთაბეჭდილებას ტოვებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პერიოდში, სამსახურებში კონკურსის წესით თანამშრომელთა მხოლოდ 4% იქნა მიღებული.
მართალია, გია ჟორჟოლიანი 2014 წლის 1 იანვრამდე კონკურსის შედეგად თანამდებობაშენარჩუნებულ მოხელეთა რიცხვს სწორად ასახელებს, თუმცა საკითხზე საუბრისას ის მხოლოდ ამ სტატისტიკით შემოიფარგლება და იგნორირებას უწევს არჩევნების შემდეგ თანამდებობიდან გათავისფლებულ საჯარო მოხელეთა მაღალ რიცხვს. შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ითვალისწინებს ხელისუფლების ცვლილების შედეგად საჯარო სამსახურებში განხორციელებულ საკადრო პოლიტიკის სრულს სურათს და ასკვნის, რომ დეპუტატ გია ჟორჟოლიანის განცხადება არის მეტწილად მცდარი.