2014 წლის 24 დეკემბერს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი ბარამიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა: "2014 წლის აპრილში, ე.წ. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების პროგრამა დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ. მას ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს და პროგრამის მიზანი სიღატაკეში მყოფი ოჯახების დახმარებაა. პროგრამის ბიუჯეტი 1164 500 ლარი გახლავთ, წლის ბოლომდე 1 000 ლარამდე ღირებულების დახმარება მინიმუმ 1164 ოჯახს უნდა მიეღო, თუმცა ამ დრომდე, პროგრამიდან სარგებელი არცერთ ოჯახს არ მიუღია".
ფაქტ-მეტრი დეპუტატის ამ განცხადებით დაინტერესდა მისი სიზუსტე გადაამოწმა.
2014 წლის 14 აპრილს საქართველოს მთავრობამ – "სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ"დადგენილება მიიღო. აღნიშნული დადგენილების ფარგლებში, ერთ-ერთ ქვეპროგრამას კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება წარმოადგენს. ქვეპროგრამის მიზანი სიღატაკეში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებაა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 1 164 500 ლარით განისაზღვრა. ბავშვიან ოჯახებს, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ, შესაბამისი განაცხადი სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებზე უნდა გაეკეთებინათ, რის შემდეგაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი კომისია იღებდა გადაწყვეტილებას პირველადი დახმარების შესახებ. ოჯახი შესაბამის დახმარებას, საქონლის ან მომსახურების სახით, 1 000 ლარის ფარგლებში იღებს. ოჯახის საჭიროებებს კი თავად ბენეფიციარები განსაზღვრავენ. ეს შეიძლება იყოს ტანსაცმელი, საკვები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და ა.შ.
ჯანდაცვის სამინისტრომ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახებისთვის გადაუდებელი დახმარების მიწოდება 2014 წლის 25 ოქტომბრიდან დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაშიც შუქდებოდა (იხ. შესაბამისი ბმულები: ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტი; საზოგადოებრივი მაუწყებლისსიუჟეტი). სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიერ მოწოდებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში 2014 წელს დახმარება 1 310-მა ოჯახმა მიიღო. დახმარებისთვის გაწეულმა ხარჯმა 1 164 500 ლარი შეადგინა.
გიორგი ბარამიძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ ის განცხადების გაკეთებისას ჟურნალ „ლიბერალის“ სტატიას ეყრდნობოდა. 2014 წლის 23 ოქტომბერს „ლიბერალმა“ მართლაც გამოაქვეყნა მსგავსი შინაარსის სტატია. გიორგი ბარამიძემ კი განცხადება 24 დეკემბერს გააკეთა. ამასთან, ამავე სტატიაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის, გაიოზ თალაკვაძის კომენტარია, რომლის თანახმადაც სააგენტო ოჯახებისთვის სურსათის/ნივთების გადაცემას რამდენიმე დღეში დაიწყებდა.
დასკვნა
2014 წელს, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა – 1 164 500 ლარი სრულად იქნა ათვისებული. ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება 1 310-მა ოჯახმა მიიღო. ჯანდაცვის სამინისტრომ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახებისთვის გადაუდებელი დახმარების მიწოდება 2014 წლის 25 ოქტომბრიდან დაიწყო. გიორგი ბარამიძემ კი განცხადება 2014 წლის 24 დეკემბერს გააკეთა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ბარამიძის განცხადება: "კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების პროგრამიდან სარგებელი ამ დრომდე არცერთ ოჯახს არ მიუღია," არის ტყუილი.