2014 წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვახტანგ ლემონჯავამ მისი რაიონის პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა: „ჩხოროწყუს რაიონში მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი გამრიცხველიანებული ჯერ კიდევ არ არის. ეს პროცესი 2013 წლის გაზაფხულზე უნდა დამთავრებულიყო. „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, ბატონმა კალაძემ, ათასი ჩხოროწყუელი ადგილობრივი არჩევნების წინა დღეს მოატყუა და უთხრა, რომ ჩხოროწყუს გაზიფიკაცია დაიწყებოდა ერთ კვირაში, რაც ჯერ პროექტშიც კი არ არის“.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და ჩხოროწყუს რაიონში გამრიცხველიანების და გაზიფიცირების მხრივ შექმნილ მდგომარეობას გაეცნო.
ჩვენ, ოფიციალური წერილით ენერგეტიკის სამინისტროს მივმართეთ და ჩხოროწყუს რაიონის გამრიცხველიანების და გაზიფიცირების შესახებ ინფორმაცია გამოვითხოვეთ.
ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული პასუხის თანახმად, ჩხოროწყუს რაიონში სულ 7 813 აბონენტის გამრიცხველიანება უნდა მოხდეს. რაიონის გამრიცხველიანება, გეგმის მიხედვით, 2015 წელს უნდა დამთავრდეს. 2014 წლის 1 დეკემბრის მონაცემით, ჩხოროწყუში 6 636 აბონენტი იყო გამრიცხველიანებული. 2014 წლის განმავლობაში (1 დეკემბრის მდგომარეობით) რაიონში სულ 545 აბონენტი გამრიცხველიანდა. რაც შეეხება 2015 წლის გეგმას, წელს 516 აბონენტი უნდა გამრიცხველიანდეს.
ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული 2013 წლის გეგმით, ამ წელს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ახუთში 527 და სოფელ ნოღაში 32 აბონენტი უნდა გამრიცხველიანებულიყო. 2014 წლის გეგმაში სოფელი ახუთი (527 აბონენტი) კვლავ გვხვდება. დამატებულია სოფელ ნაკიანში 118 აბონენტის და სოფელ ნაფიჩხოვოში 561 აბონენტის გამრიცხველიანება. სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, 2014 წლის 1 დეკემბრის მონაცემით, ამ რაიონში 545 აბონენტი გამრიცხველიანდა, გეგმის მიხედვით კი, სოფელი ახუთის ჩათვლით (რომელიც 2013 წლის გეგმაშიც შედიოდა), სულ 1 206 აბონენტის გამრიცხველიანება უნდა მომხდარიყო. როგორც რიცხვები გვიჩვენებს, გეგმასთან მიმართებით ჩამორჩენა აშკარაა. ამასთან დაკავშირებით, სამინისტროში განგვიმარტეს, რომ ამ დარჩენილ აბონენტთა გამრიცხველიანება 2015 წლის მარტის ბოლომდე უნდა დასრულდეს, რაც ძნელად სავარაუდოა (მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 545 აბონენტი გამრიცხველიანდა და 4 თვეში 661 აბონენტის გამრიცხველიანება, იგივე ტემპით შეუძლებელი იქნება).
ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, რაიონში 1 177 აბონენტია გამრიცხველიანების გარეშე დარჩენილი, რაც აბონენტთა საერთო რაოდენობის (7 813) დაახლოებით 1/6-ია. რაც შეეხება გამრიცხველიანების დასრულებას, ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული პასუხის თანახმად, კომპანია “ENERGO-PRO Georgia”-სთან გაფორმებული მემორანდუმით, ჩხოროწყუს რაიონის გამრიცხველიანება 2015 წელს უნდა დასრულდეს. ჩვენ ეს ინფორმაცია კომპანია “ENERGO-PRO Georgia”-შიც დაგვიდასტურეს.
ჩვენ დეპუტატ ვახტან ლემონჯავასაც ვესაუბრეთ, რომელმაც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჩხოროწყუს რაიონის გამრიცხველიანება 2013 წელს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი ვერ მოგვაწოდა. შესაბამისად, დეპუტატის განცხადების ამ ნაწილის სიზუსტეს ვერ ვადასტურებთ.
რაც შეეხება ჩხოროწყუს რაიონის გაზიფიცირებას, ამის შესახებ ჩვენ, დაახლოებით ერთი წლის წინ, სტატია უკვე გამოვაქვეყნეთ. იმ დროისთვის ენერგეტიკის სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2013-2014 წლებში ჩხოროწყუს გაზიფიცირება არ იგეგმებოდა. ჩვენ მაშინ ოფიციალური წერილით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობასაც მივმართეთ და მათგანაც მოვითხოვეთ შესაბამისი ინფორმაცია. მიღებული პასუხის თანახმად, ჩხოროწყუს რაიონში გაზიფიცირების პროგრამის დაწყება 2015 წლისთვის იგეგმებოდა. ფაქტ-მეტრმა ანალოგიური კითხვით ენერგეტიკის სამინისტროს კვლავ მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ გაზგამანაწილებელ კომპანიებში საქართველოს გაზიფიცირების 2015 წლის გეგმაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ამიტომ ჩხოროწყუს რაიონი 2015 წლის გაზიფიცირების გეგმაში იქნება, თუ არა, ამის შესახებ ინფორმაციის მიღება მოგვიანებით იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება დეპუტატის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის ენერგეტიკის მინისტრის მიერ თვითმართველობის არჩევნების წინ ჩხოროწყუელებისთვის გაზიფიცირების რამდენიმე დღეში დაწყების დაპირებას შეეხება, ამის დამადასტურებელ ვიდეოს, რომელიც თავად ვახტანგ ლემონჯავამ მოგვაწოდა, აქვე გთავაზობთ.
ამ ვიდეოს მიხედვით, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე 2014 წლის ივნისში (თვითმმართველობის არჩევნების წინ) ჩხოროწყუს მაცხოვრებლებს პირობას აძლევს, რომ გაზიფიცირება ამ რაიონში რამოდენიმე დღეში დაიწყება მაშინ, როდესაც 2014 წლის გაზიფიცირების გეგმაში ჩხოროწყუს რაიონი შესული არ ყოფილა. მსგავსი გეგმა ჯერჯერობით არც 2015 წლის დასაწყისში არსებობს.
დასკვნა
ჩხოროწყუს რაიონში სულ 7 813 აბონენტი უნდა გამრიცხველიანებულიყო. 2014 წლის 1 დეკემბრის მონაცემით, 6 636 აბონენტია გამრიცხველიანებული. გამრიცხველიანების გარეშე 1 177 აბონენტია დარჩენილი, რაც აბონენტთა საერთო რაოდენობის არა ერთი მეოთხედი (როგორც დეპუტატი ამბობს), არამედ ერთი მეექვსედია. გამრიცხველიანების დასრულება ენერგეტიკის სამინისტროს, ისევე როგორც “ENERGO- PRO Georgia”-ს ინფორმაციით, 2015 წლისათვის არის დაგეგმილი.
გეგმის მიხედვით 2015 წელს 516 აბონენტის გამრიცხველიანება უნდა განხორციელდეს. ამას ემატება დარჩენილი 661 აბონენტის (2014 წლის გეგმასთან ჩამორჩენა) გამრიცხველიანებაც, რაც ენერგეტიკის სამინისტროს განმარტებით, 2015 წლის მარტამდე უნდა მოხდეს. იქიდან გამომდინარე, რომ 2014 წელს დაგეგმილი 1206 აბონენტის ნაცვლად მხოლოდ 545 აბონენტის გამრიცხველიანება მოხერხდა, 2015 წელს გამრიცხველიანების დასრულება (1 177 აბონენტი) გარკვეულწილად სათუოა.
რაც შეეხება ჩხოროწყუს რაიონის გაზიფიცირებას, 2015 წლის გაზიფიცირების გეგმა ჯერ დაზუსტებული არაა და შესაბამისად, იმის თქმა, 2015 წელს ამ რაიონის გაზიფიცირება ნამდვილად მოხდება თუ არა, შეუძლებელია. ჩვენ 2015 წლის გაზიფიცირების გეგმის შესახებ ინფორმაცია ენერგეტიკის სამინისტროში კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ. სამინისტროს პასუხის მიხედვით, მუშაობა ამ კუთხით ჯერ კიდევ მიმდინარეობს და დასრულებისთანავე ის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გაზიფიცირების დაწყებას კახა კალაძე მოსახლეობას 2014 წლის ზაფხულიდან დაპირდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, დეპუტატ ვახტანგ ლემონჯავას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.