წლის 12 დეკემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა: „2012 წლის 11 თვესთან შედარებით, 2014 წელს შრომის ანაზღაურება ნამდვილად არის 220 მილიონი ლარით გაზრდილი, მაგრამ 120 მილიონი ლარი აქედან თავდაცვის სამინისტროსთვის გამოიყო, 46.5 მილიონი ლარით მეტი ხელფასები მიიღეს პოლიციელებმა. 19 მილიონი ლარით მეტი მიიღეს სასამართლო სისტემაში დასაქმებულებმა, 18 მილიონი ლარით მეტი კი – სასჯელაღსრულების სისტემაში დასაქმებულმა ადამიანებმა და ა.შ.“
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
ვინაიდან 2014 წლის ბიუჯეტის საკასო შესრულება ჯერ არ გამოქვეყნებულა, ჩვენ 2012 წლის ბიუჯეტის ფაქტს 2014 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს ვადარებთ. 2012 წელს შრომის ანაზღაურებამ 1 049 მლნ ლარი შეადგინა. 2014 წელს შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხა 25%-ით (269 მლნ ლარით) გაიზარდა და 1 318 მლნ ლარი შეადგინა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წელს თავდაცვის სამინისტროში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება ჯამში 308 მლნ ლარი იყო, 2014 წლის ბიუჯეტით კი ეს მაჩვენებელი 428 მლნ ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, შრომის ანაზღაურება 2012 წელთან შედარებით 120 მლნ ლარით გაიზარდა. 2012 წლის შსს-ში დასაქმებული პოლიციელებისთვის გამოყოფილი დაფინანსება 340 მლნ ლარი იყო. აღნიშნული თანხა 2014 წელს 44 მლნ ლარით გაიზარდა. საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 2014 წელს, 2012 წელთან შედარებით 18 მლნ ლარით გაიზარდა და 68 მლნ ლარი შეადგინა.
რაც შეეხება სასამართლო სისტემაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურებას, ამ მიმართულებით 2012 წელს 26 მლნ ლარი გამოიყო. 2014 წელს კი ის 45 მლნ ლარით დაფინანსდა. შესაბამისად, გასულ წელს სასამართლო სისტემაში დასაქმებულთა ანაზღაურება 18 მლნ ლარით გაიზარდა.
ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა, სხვა რომელ უწყებებში გაიზარდა მნიშვნელოვნად შრომის ანაზღაურება (იხ. ცხრილი).
ცხრილი 1:სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება (2012-2014 წწ.), მლნ ლარი
დასახელება |
2012 წელი |
2014 წელი |
სხვაობა |
საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები |
24.9 |
33.2 |
8.3 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო |
8.9 |
13.0 |
4.1 |
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო |
24.0 |
37.5 |
13.5 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო |
8.2 |
19.1 |
10.9 |
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო |
6.0 |
16.5 |
10.5 |
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ 2012 წელს შრომის ანაზღაურების მუხლი ბიუჯეტის 13%-ს, ხოლო 2014 წელს 14 %-ს შეადგენდა. სხვადასხვა უწყებებში შრომის ანაზღაურებასთან ერთად იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც. 2012 წელს დასაქმებული იყო 102 976 კაცი, 2013 წელს – 109 685, 2014 წელს კი – 111 337.
დასკვნაფინანსთა მინისტრის ინფორმაციით 2014 წელს, 2012 წელთან შედარებით, ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებისათვის გამოყოფილი დაფინანსება 269 მლნ ლარით გაიზარდა და არა 220 მლნ ლარით, როგორც ეს მინისტრმა განაცხადა. აქედან, 120 მლნ ლარით გაეზარდათ შრომის ანაზღაურება თავდაცვის სამინისტროში დასაქმებულ პირებს, პოლიციელებს 44 მლნ ლარით, სასამართლო სისტემაში – 18 მლნ ლარით, სასჯელაღსრულების სისტემაში – ასევე 18 მლნ ლარით. შრომის ანაზღაურებისათვის გამოყოფილი დაფინანსება ასევე გაეზარდათ სხვა სამინისტროებსაც.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ნოდარ ხადურის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.