გაავრცელა და განმარტა, რომ ალექსანდრე შელია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის პროექტის საერთაშორისო კონსულტანტია და მისი ანაზღაურება ხორციელდება არა საბიუჯეტო სახსრებიდან, არამედ გაეროს განვითარების პროგრამის მიზნობრივი გრანტიდან, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. განცხადებაში აგრეთვე განმარტებულია, რომ განათლების ხარისხის სისტემის ავტომატიზაციის მიზნით, ზემოთ აღნიშნულ პროექტში ალექსანდრე შელია, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, მოწვეულია საერთაშორისო კონსულტანტის რანგში. გაეროს განვითარების პროგრამასთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, განსაზღვრულია ანგარიშვალდებულების წესები, რომლის დაცვაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის სავალდებულოა. შესაბამისად, საერთაშორისო კონსულტანტის მიერ შესასრულებელი კომპლექსური სამუშაო და ამოცანები, მის მიერ შექმნილი პროდუქტის ღირებულება, შესაბამისი ანაზღაურება და ანაზღაურების პირობები ხელშეკრულებაში დეტალურადაა გაწერილი. ამდენად, დონორთან შეთანხმებით, ცენტრმა შეასრულა მიზნობრივი გრანტის განხორციელების ფარგლებში წარმოქმნილი ვალდებულება.
განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ამ განცხადებას განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოეხმაურა და მოქმედი მინისტრი თამარ სანიკიძე სიცრუეში დაადანაშაულა. მისი თქმით, სანიკიძე ტყუის, როდესაც ამბობს, რომ თანხა არა ბიუჯეტიდან, არამედ გაეროს განვითარების პროგრამის მიზნობრივი გრანტიდან გაიცა. დიმიტრი შაშკინმა იურიდიული ნიუანსებიც განმარტა და თქვა, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი შედგება როგორც გადასახადებისაგან, ისე საშემოსავლო ნაწილისაგან, სესხებისა და გრანტებისაგან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო იღებს გრანტებს საერთაშორისო და სხვადასხვა ორგანიზაციებისგან, რომელიც ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში და არის ბიუჯეტის ისეთივე ნაწილი, როგორც გადამხდელის მიერ გადასახადის სახით გაღებული თანხა, რომელიც ჯამურ ბიუჯეტში აისახება. ყოფილი მინისტრის თქმით, განათლების სამინისტრო ვალდებული იყო, რომ ამ პროექტისათვის წესისამებრ ტენდერი გამოეცხადებინა. ნაცვლად ამისა, განათლების სამინიტრომ ტენდერის გვერდის ავლით ხელშეკრულება პირდაპირ ერთ ადამიანს გაუფორმა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 2014 წლის 1 სექტემბრის განკარგულების საფუძველზე მოწონებულ იქნა საქართველოს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი სტანდარტული შეთანხმება, რის საფუძველზეც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნობრივი გრანტის ფარგლებში, „განათლების ხარისხის და ელექტრონული მართვის პროექტი“ უნდა განეხორციელებინა. მიზნობრივი გრანტიდან 143 074 ლარი ალექსანდრე შელიას შრომის ანაზღაურების ფარგლებში გაიწერა. თუ გავითვალისწინებთ შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობას, რომელიც თვენახევარს მოცავს და აღნიშნულ თანხას სამუშაო დღეებზე გადავანაწილებთ, მივიღებთ, რომ ალექსანდრე შელიას ყოველდღიური ანაზღაურება 5502 ლარს შეადგენდა.
შრომით ხელშეკრულებიდან, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ცენტრსა და ალექსანდრე შელიას შორის გაფორმდა, ჩანს, რომ აღნიშნული პიროვნება ზემოთ ხსენებული პროექტის ხელმძღვანელი და კონსულტანტია. ხელშეკრულებაში განმარტებულია, რომ ალექსანდრე შელიასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ხელშეკრულება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებისმე–5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე გაფორმდა. კერძოდ: „ცენტრის დირექტორი ხელშეკრულების საფუძველზე უფლებამოსილია მოიწვიოს სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი სპეციალისტებიც კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით“. შესაბამისად, ტენდერის ჩატარების გარეშე კონკრეტული პირის დაქირავება წესების დაცვით განხორციელდა და ამ მიმართულებით კანონი არ დარღვეულა. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გრანტის მიღების სპეციფიკის გათვალისწინებით, ის თუ რა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს მიღებული თანხა წინასწარ არის გაწერილი და დონორი ორგანიზაცია ამის შესახებ დეტალურად არის ინფორმირებული. შესაბამისად, მოწვეული კონსულტანტის შრომის ანაზღაურების საკითხს განათლების სამინისტრო თვითნებურად ვერ გადაწყვეტდა. ცხადია, ის ფაქტი თუ რამდენად სწორი იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან კონკრეტული ადამიანისათვის ხელფასის საკმაოდ სოლიდური თანხის გაწერა, შესაძლოა კამათის საგანი იყოს. მით უმეტეს, რომ შესაძლებელი იყო ტენდერის ჩატარებაც. თუმცა, ზემოთ ხსენებული დებულება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით, სპეციალისტის მოწვევის უფლებას აძლევს.
რაც შეეხება განათლების ყოფილი მინისტრის, ასევე დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებებს, რომ დაქირავებულთან ანგარიშსწორება საბიუჯეტო სახსრებიდან განხორცილდა, ზუსტი არ არის. მართალია, მიზნობრივი გრანტი სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილია, ის ჯერ ბიუჯეტში ხვდება და შესაბამის უწყებამდე შემდეგ მიდის, მაგრამ ის არ შეიძლება განვიხილოთ, გადასახადის გადამხდელისგან მიღებული თანხის ექვივალენტად. დონორი ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი თანხა კონკრეტული მიზნებისთვის არის გათვალისწინებული და მისი სხვა მიმართულებით დახარჯვა შეუძლებელია. აღნიშნული თანხით ვერ განხორციელდებოდა ვერც მასწავლებლების ხელფასისის მატება და ვერც რომელიმე სხვა პროექტი, ვინაიდან ის კონკრეტული დანიშნულებით იყო გაწერილი.
დასკვნა
როგორც ვნახეთ, ალექსანდრე შელიამ თვენახევრის განმავლობაში შრომის ანაზღაურების სახით 143 000 ლარი მიიღო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ანგარიშწორება გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი მიზნობრივი გრანტიდან განახორციელა. მართალია, მიზნობრივი გრანტი სახელმწიფო ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ მისი გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილ თანხასთან გაიგივება არასწორია, რადგან მას კონკრეტული დანიშნულება აქვს და მისი სხვა პროგრამაზე გახარჯვა არ ხდება. გარდა ამისა, ის არ წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებს.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არგუმენტი ალექსანდრე შელიას სახელფასო ანაზღაურებასთან დაკავშირებით, არის მეტწილად სიმართლე.