წლის 12 დეკემბერს პარლამენტში 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ყურადღება საჯარო სკოლების მასწავლებლების ხელფასებზე გაამახვილა. მისი თქმით, „მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 17 პროცენტით. გარდა ამისა, 31-34%-ით უფროსი მასწავლებლის ხელფასი გაიზრდება და უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება წამყვანი და მენტორი მასწავლებლის ხელფასები“.
საჯარო სკოლის პედაგოგების ხელფასებზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. ბოლო სტატიაში,რომელშიც მასწავლებლების ხელფასების თემაზე ვისაუბრეთ, დეტალურად არის განხილული ის მექანიზმი, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლის პედაგოგების სახელფასო სარგო და მასზე დანამატების გაცემის წესი განისაზღვრება.
პედაგოგებისათვის ხელფასის მატება ბოლოს 2013 წელს დაფიქსირდა. 2013 წლის ბიუჯეტის ფარგლებში მასწავლებლის შრომის ანაზღაურება 26%-59%-ით გაიზარდა. 2014 წელს პედაგოგების სახელფასო სარგოს კუთხით რაიმე ცვლილება არ ყოფილა. აღნიშნულს პედაგოგების უკმაყოფილება მოჰყვა, რის შემდეგაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2015 წლის ბიუჯეტში მასწავლებელების ხელფასების ზრდა გაითვალისწინა. საჯარო სკოლების მასწავლებლების ხელფასის ზრდის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2014 წლის 10 ნოემბერს განაცხადა.თამარ სანიკიძის განმარტებით, გაზრდილ ხელფასს პედაგოგები 2015 წლის სექტემბრიდან მიიღებენ.
უფრო კონკრეტულად, საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის ხელფასის ზრდა შემდეგნარიად განხორციელდება: პედაგოგების საბაზო ხელფასი პირველ ეტაპზე 17%-ით გაიზრდება და 356.85 ლარი გახდება. მომდევნო ეტაპზე კი ეს ზრდა 33%-იანი იქნება. გარდა ამისა, გაიზრდება სერტიფიცირებული პედაგოგების სახელფასო სარგოც და სერტიფიცირებული, მეორე კარიერულ საფეხურზე მყოფი პედაგოგების ხელფასის პირველადი ზრდა საშუალოდ 31-34%იქნება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლისთვის საჯარო სკოლის პედაგოგის საშუალო ხელფასი 800-1000 ლარით განისაზღვრება. მათივე განმარტებით, გეგმა, რომელიც სამინისტროს აქვს რეალური და მიღწევადია.
აქვე საინტერესოა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 2014 და 2015 წლის მონაცემების შედარება. 2014 წლის ბიუჯეტის მიხედვით,ზოგადი განათლების პუნქტით 439.2 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად კი, აღნიშნული მიმართულებით 497.9 მილიონი ლარია გათვლილი. 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშიმითითებულია, რომ აღნიშნული თანხის ფარგლებში ახალი სასწავლო წლისათვის მასწავლებლების საბაზო ხელფასი 50 ლარით, ხოლო სხვადასხვა კატეგორიის მასწავლებლების ხელფასი 100-200 ლარით გაზირდება. გარდა ამისა, პედაგოგების ხელფასების ზრდა 2016 წელსაც არის დაგეგმილი.
დასკვნამიმდინარე წლის სექტემბრიდან პედაგოგების საბაზო ხელფასი პირველ ეტაპზე 17%-ით (50 ლარით) გაიზრდება. 31-34%-ით (100–200 ლარით) გაიზრდება სერტიფიცირებული პედაგოგების სახელფასო სარგოც. 2017 წლისთვის კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 800-1000 ლარი იქნება.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ფინანსთა მინისტრის განცხადება: „მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 17 პროცენტით,“ არის სიმართლე.