მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, სპეციალურ ბრიფინგზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა: „ეს ათლარიანი პენსიის ზრდა უკვე „შეჭამა“ ინფლაციამ“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.
2015 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2015 წლის სექტემბრიდან პენსია 10 ლარით, 150 ლარიდან 160 ლარამდე იზრდება. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, მიხეილ მაჭავარიანის თქმით, პენსიის 10 ლარიანი ზრდა უკვე გადაფარა ინფლაციამ.
ინფლაცია სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდას ნიშნავს. საქართველოში, პენსია 150 ლარი 2013 წლის სექტემბრიდან გახდა. ჩვენ გამოვთვალეთ, თუ რამდენი ლარით შეამცირა 150 ლარის მსყიდველობითი უნარი ინფლაციამ 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ნოემბრამდე. აღნიშნული 15 თვის ინფლაცია 4.8%-ია, ანუ 150 ლარის მსყიდველობითი უნარი 7.2 ლარით (150-ის 4.8%-ით) შემცირდა. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პენსია 160 ლარი 2015 წლის სექტემბრიდან იქნება. ამ დროისთვის, ინფლაციის მაჩვენებელიც გაზრდილი იქნება. მთავრობის ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორების დოკუმენტის მიხედვით, 2015 წელს ინფლაცია 4%-ის დონეზეა პროგნოზირებული. შედეგად მივიღებთ, რომ 2013 წლის სექტემბერთან შედარებით, 2015 წლის სექტემბერში ფასები დაახლოებით 9%-ით იქნება გაზრდილი. შესაბამისად, რასაც პენსიონერი 150 ლარად 2013 წლის სექტემბერში იყიდდა, იმავე პროდუქტის შესაძენად 2015 წლის სექტემბერში მას 164 ლარი დასჭირდება, ანუ რეალური პენსია 4 ლარით მცირდება.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2013 წლის ნოემბერში, 2012 წლის ნოემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია:
- ალკოჰოლური სასმელებსა და თამბაქოზე ფასები გაიზარდა 8.6%-ით;
- საცხოვრებელზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე და აირზე ფასები გაიზარდა 3.4%-ით;
- სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები შემცირდა 3.2%-ით.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2014 წლის ნოემბერში, 2013 წლის ნოემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 2.8% შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია:
- სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 6.2%-ით. მათ შორის: ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (27.7%), ხილსა და ყურძენზე (12.2%), რძეზე, ყველსა და კვერცხზე (4%). ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-3.8%);
- ჯანმრთელობის დაცვაზე ფასები გაიზარდა 4.8%-ით.
დასკვნა
2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ნოემბრამდე ფასების დონე 4.8%-ით გაიზარდა, რამაც 150 ლარიანი პენსიის მსყიდველობითი უნარი 7.2 ლარით შეამცირა. 2015 წლის სექტემბრისთვის, როდესაც პენსია 160 ლარი გახდება, ბოლო 2 წლის ინფლაციის მაჩვენებელი 9%-ს მიაღწევს.
ამდენად, სამომხმარებლო კალათაში შემავალი სამომხმარებლო საქონელის და მომსახურების ღირებულება, რომელიც 2013 წლის სექტემბერში 150 ლარი იყო, 2014 წლის ნოემბერში 157.2 ლარს გაუტოლდა, ხოლო 2015 წლის სექტემბერში კი, უკვე 164 ლარი იქნება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ მაჭავარიანის განცხადება: „ეს ათლარიანი პენსიის ზრდა უკვე „შეჭამა“ ინფლაციამ,“ არის სიმართლე.