მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, თოქშოუ „არჩევანში“ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა პენსიის 10 ლარით ზრდას აქციზის გადასახადის ზრდის ხარჯზე ახერხებს.
ფაქტ-მეტრმა მიხეილ სააკაშვილის განცხადება გადაამოწმა.
აქციზის გადასახადი არის საერთო-სახელმწიფოებრივი არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც გადაიხდება აქციზური საქონლის მოხმარებისას. გადასახადი საქონლის ფასშია შეტანილი და საქონლის შეძენისას მას მომხმარებელი იხდის. მსოფლიოს მასშტაბით, აქციზის გადასახადით ძირითადად მასობრივი მოხმარების ისეთი პროდუქტები იბეგრება როგორებიცაა: თამბაქო, ალკოჰოლური სასმელები, საწვავი, აზარტული თამაშები და სატრანსპორტო საშუალებები. ეს გახლავთ ის პროდუქტები/მომსახურება, რომელიც ადამიანის ჯამრთელობისა და გარემოსთვის გარკვეული ზიანის მიმყენებლად ითვლება.
ახლახანს, მთავრობა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადის გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. კანონპროექტი – „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე,“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2015 წლის 1 ივლისიდან შეიცვლება აქციზის გადახდის წესიც. თამბაქოს ნაწარმისთვის აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა რაოდენობით/წონით და საცალო სარეალიზაციო ფასის მიხედვით განისაზღვრება. აქციზის გადასახადი 2015 წლის 1 იანვრიდან შემდეგნაირად შეიცვლება:
დღესდღეობით საქართველოში აქციზის გადასახადი სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე შემდეგი განაკვეთებით არის დადგენილი:
ლუდი: 1 ლიტრი | 40 თეთრი |
ეთილის სპირტი და ალკოჰოლური სასმელები | 2.5 – 5 ლარი |
სიგარეტი: 1 კოლოფი ფილტრიანი | 75 თეთრი |
სიგარეტი: 1 კოლოფი უფილტრო | 20 თეთრი |
აქციზის გადასახადის ზრდის შემდეგ:
„ალაოს ლუდი,“ „ეთილის სპირტი და ალკოჰოლური სასმელები“ | აქციზის გადასახადი იზრდება 50%-ით (ლუდი - 60 თეთრი, ალკოჰოლური სასმელები 3-7 ლარი) |
სიგარეტი: 1 კოლოფი ფილტრიანი | აქციზის გადასახადი იზრდება 0.15 ლარით (სულ 90 თეთრი) |
სიგარეტი: 1 კოლოფი უფილტრო | აქციზის გადასახადი იზრდება 0.05 ლარით (სულ 25 თეთრი) |
2015 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში, აქციზის გადასახადიდან დაგეგმილი შემოსავალი 947 მლნ ლარს შეადგენს. 2014
წლის გეგმის მიხედვით, აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი 739 მლნ ლარითაა განსაზღვრული. გამოდის, რომ აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი, გეგმის მიხედვით, 2015 წელს 208 მილიონით გაიზრდება. აღნიშნულ თანხაში, სიგარეტზე აქციზის განაკვეთის ზრდაზე დაახლოებით 40 მლნ ლარი მოდის. რაც შეეხება 2014 წლის გეგმის შესრულებას, ოქტომბრის თვის ჩათვლით, სახელმწიფო ბიუჯეტში აქციზის გადასახადიდან 672 მილიონი ლარი შევიდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ 2014 წლის გეგმა წარმატებით (სავარაუდოდ გადაჭარბებითაც) შესრულდება.
აქციზიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებული/მისაღები შემოსავალი:
2013 წლის ფაქტი | 2014 წლის გეგმა | 2015 წლის გეგმა |
722 მლნ ლარი | 739 მლნ ლარი | 947 მლნ ლარი |
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ბიუჯეტის შემოსავლები არამარტო აქციზის გადასახადის ზრდის გამო მატულობს. ჯამში, 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, საგადასახადო შემოსავლები 780 მლნ ლარით გაიზრდება.
გადასახადები | 2014 წლის გეგმა | 2015 წლის გეგმა | სხვაობა |
ჯამი | 6820 | 7600 | +780 |
საშემოსავლო გადასახადი | 1 770 | 2 085 | +315 |
მოგების გადასახადი | 912 | 900 | -12 |
დამატებითი ღირებულების გადასახადი | 3 274 | 3 529 | +255 |
აქციზი | 739 | 947 | + 208 |
იმპორტის გადასახადი | 100 | 114 | + 14 |
სხვა გადასახადები | 25 | 25 | 0 |
საგადასახადო შემოსავლების მონაცემები ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვნად მხოლოდ აქციზის გადასახადიდან მისაღები საბიუჯეტო შემოსავლები არ იზრდება. ასევე, მნიშვნელოვანი ზრდაა დაგეგმილი საშემოსავლო და დამატებითი ღირებულების გადასახადებისგან მისაღებ შემოსავლებში (ჯამში 570 მილიონიანი ზრდა).
11 ნოემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ 2015 წლის 1 სექტემბრიდან პენსია ყველა კატეგორიის პენსიონერს 10 ლარით გაეზრდება. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფრიშვილის განმარტებით კი, აღნიშნული საკითხი ბიუჯეტის მესამე ვარიანტში იქნება ასახული, რომელიც პარლამენტს დეკემბერში წარედგინება. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის გეგმასთან შედარებით, 2015 წლის გეგმაშისაპენსიო უზრუნველყოფისათვის 64 მლნ ლარით მეტია გამოყოფილი.
საპენსიო უზრუნველყოფა - ხარჯები | |
2014 წლის გეგმა | 2015 წლის გეგმა |
1 326 მლნ | 1 390 მლნ |
2014 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 696 ათასი ასაკით პენსიონერია, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანახმად, 2015 წელს პენსიის მიღების უფლებას საპენსიო ასაკის მიღწევის გამო, 52 892 ადამიანი მოიპოვებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პენსიების ზრდა 2015 წლის სექტემბრიდან იგეგმება. აქედან გამომდინარე, ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებული ხარჯები საკმარისი უნდა აღმოჩდნეს 4 თვის (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) განმავლობაში ყველა პენსიონერისთვის 10 ლარით გაზრდილი პენსიის გასაცემად. აღნიშნულ თემაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.
საქართველოს საბიუჯეტო სისტემის მოწყობის წესის თანახმად, კონკრეტული სახის ხარჯები მიბმული არ არის კონკრეტული სახის გადასახადებისგან მიღებულ შემოსავლებზე. შესაბამისად, შეუძლებელია ზუსტად ვთქვათ, რომ პენსია გაზრდილი აქციზის გადასახადიდან მიღებული თანხებით გაიზრდება. კვლევამ აჩვენა, რომ გაზრდილი საპენსიო ხარჯების (64 მლნ ლარი) დაფინანსება სხვა სახის გადასახადებისგან მიღებული შემოსავლებითაც (570 მლნ ლარი) იქნებოდა შესაძლებელი.
დასკვნამიხეილ სააკაშვილის განცხადება სიმართლეა იმ კუთხით, რომ პენსიების და აქციზის გადასახადის ზრდა ნამდვილად დაანონსდა. აქციზის გადასახადი 2015 წლის 1 იანვრიდან იზრდება, ხოლო პენსიების 10 ლარით გაზრდა 2015 წლის 1 სექტემბრიდან იგეგმება.
მიუხედავად ამისა, ბოლომდე ზუსტად ვერ ჩაითვლება განცხადება, რომ გაზრდილი პენსია აქციზიდან მიღებული შემოსავლებით დაფინანსდება. 2015 წელს აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში შევა 208 მილიონით მეტი ლარი (სიგარეტზე განაკვეთის ზრდის წილი იქნება 40 მლნ ლარამდე), ვიდრე 2014 წელს. 10 ლარით პენსიის ზრდას კი დასჭირდება 64 მილიონით მეტი ლარი, ვიდრე 2014 წელს იხარჯება საპენსიო უზრუნველყოფაზე.
2015წელს, აქციზის საგადასახადო შემოსავლებზე მეტად იზრდება საშემოსავლო გადასახადიდან (315 მლნ ლარი) და დამატებითი ღრებულების გადასახადიდან (255) მისაღები შემოსავლები. აღნიშნული გადასახადებიდან შემოსავლების მატება მომავალი წლის ეკონომიკურმა ზრდამ (5%) უნდა განაპირობოს, გადასახადის განაკვეთების ზრდა მოსალოდნელი არ არის.
საქართველოს საბიუჯეტო სისტემის მოწყობის წესიდან გამომდინარე, ბიუჯეტის კონკრეტული ხარჯები კონკრეტული სახის საგადასახადო შემოსავლებზე არ არის მიბმული. შესაბამისად, დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, რა სახის გადასახადით იფარება ესა თუ ის ხარჯი.
ფაქტ–მეტრის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება: „10 ლარით გამოაცხადეს პენსიების გაზრდა. გაზარდეს რის ხარჯზე? თამბაქოს აქციზის ხარჯზე,“ არის ნახევრად სიმართლე.